ლეგიონი: სამი ქართული ლელო გასულ უქმეებზე

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მესამე ტური მასპინძლების უპირატესობით წარიმართა.

სტუმრებმა ყველა შეხვედრა დათმეს. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ პირველ დივიზიონში, "ბრივის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა კარლენ ასეიშვილს, რომელმაც ეს მოვლენა ლელოთი აღნიშნა.

სატურნირო ცხრილს კი სათავეში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" მოექცა, რომელმაც შინ იოლად სძლია ბასკურ "ბიარიცს" - 38:3.

პარიზელების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა სამხრეთაფრიკელ მგეზავ მორნი სტეინს. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

"სტად ფრანსეს" კვალში ჩაუდგა დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელმაც შინ ფრანგული რაგბის გრანდი, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ
კაკოვინის
"ტულუზი" დაამარცხა - 38:19, რითაც დაამტკიცა, რომ მეორე ტურში სტუმრად დივიზიონის დებიუტანტ "ოიონაქსთან" წაგება შემთხვევითობა იყო.

ტულუზის პირველხაზელები ბრეგვაძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან, განაცხადში არც ზირაქაშვილი იყო.

მოულოდნელად სტუმრად დამარცხდა "გრენობლთან" ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" - 26:28.

სტუმრებს ვერც ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობამ უშველა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულაა და ვერც იმ ფაქტმა, რომ "ალპელები" 20 წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი იყვნენ.

ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა თამაში არ მოუწია; მიქაუტაძე განაცხადში არ გახლდათ.

პირველი გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე ჩემპიონატში მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ", რომელმაც შინ დაამარცხა გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი" - 33:24. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

მატჩის არბიტრმა მოედნიდან ჯამში ექვსი მორაგბე გაასინბინა, მათ შორის, ძირითად შემადგენლობაში მოთამაშე გოდერძი შველიძე. ის 47-ე წუთზე დებიუტანტმა ასეიშვილმა შეცვალა, რომელმაც 73-ე წუთზე ლელო მიითვალა. ამ დროისთვის სტუმრები 10:33-ს აგებდნენ და ცხადია, ჩვენებურის ძალისხმევამ ბრიველები ვერ იხსნა.

ნარიაშვილი თამაშში მე-40 წუთიდან ჩაერთო, გორგოძე ტრავმირებულია.

საფრანგეთის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" სტუმრად მინიმალური სხვაობით დამარცხდა ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოსთან" - 20:21.

ფეიქრიშვილი თამაშში 37-ე წუთიდან ჩაერთო, თუმცა დაშავდა და 12 წუთში მოედანი დატოვა; ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო.

პირველი შეხვედრა გამართა "პერპინიანის" რიგებში შერკინების ქართველმა ბურჯმა გიორგი ჟღენტმა. კატალონიელებმა სტუმრად წააგეს ბასკურ "ბაიონთან" - 20:31. ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს.

I დივიზიონი
III ტური
სტად ფრანსე-ბიარიცი 38:3, კლერმონი-ტულუზი 38:19, ბორდო-კასტრი 21:20, მონპელიე-ბრივი 33:24, მეტრო რასინგი-ოიონაქსი 22:9, ბაიონი-პერპინიანი 31:20, გრენობლი-ტულონი 28:26.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 10 ქულა, 2. კლერმონი - 9, 3. ბაიონი - 9, 4. ტულონი - 8, 5. ბორდო - 8, 6. მეტრო რასინგი - 8, 7. გრენობლი - 8, 8. კასტრი - 7, 9. მონპელიე - 7, 10. ტულუზი - 6, 11. ბრივი - 5, 12. პერპინიანი - 5, 13. ბიარიცი - 5, 14. ოიონაქსი - 4.

IV ტური
კასტრი-სტად ფრანსე, ბორდო-მონპელიე, კლერმონი-ბაიონი, ოიონაქსი-ბიარიცი, პერპინიანი-გრენობლი, ტულონი-ბრივი, ტულუზი-მეტრო რასინგი.

პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა ელიტურ, მეორე დივიზიონში. აქ მოთამაშე ქართველი მორაგბეების უმრავლესობისთვის სტარტი წარმატებული გამოდგა. "ტარბის" მესამეხაზელმა გიორგი ნემსაძემ და "ლიონის" შერკინების ბურჯმა გურამ კავთიძემ თითო ლელო მიითვალეს.

გათამაშების პოტენციურმა ფავორიტმა, ვიქტორ კოლელიშვილისა და გურამ კავთიძის "ლიონმა" სტუმრად დაამარცხა "კარკასონი" - 52:38. მატჩში სულ 11 ლელო გავიდა. კავთიძემ მეტოქის ჩათვლის მოედანზე 36-ე წუთზე შეაღწია და 13 წუთის შემდეგ შეცვალეს; კოლელიშვილმა სრულად ითამაშა, თუმცა 58-ე წუთზე ის არბიტრმა გაასინბინა.

ასევე საკმაოდ საინტერესო გამოდგა ბექა შეყლაშვილის "ბეზიეს" დაპირისპირება გიორგი ნემსაძის, გიორგი ჩხაიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბთან".

ლანგედოკელებმა საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით მოიგეს - 20:19. ნემსაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა და 51-ე წუთზე ლელო გაიტანა; შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს; ხუთ წუთში მოედანზე მირცხულავა გამოჩნდა; ჩხაიძე, რომელიც ასევე ძირითად შემადგენლობაში იყო, 70-ე წუთზე შეცვალეს.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" პირველ ტურში სტუმრად წააგო "ნარბონთან". დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ნაცარაშვილი 67-ე წუთზე შეცვალეს.

კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბი" შინ დამარცხდა ტარიელ რატიანიძის "აჟენთან" - 12:17.

თოდუამ სრულად ითამაშა, თეთრაშვილი მატჩში 52-ე წუთიდან ჩაერთო; კობერიძე, მაისურაძე, ახობაძე და ბუჯიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

II დივიზიონი
I ტური
კარკასონი-ლიონი 38:52, ბეზიე-ტარბი 20:19, ალბი-აჟენი 12:17, ბურგუენი-ბურგ ან ბრესი 18:13, დაქსი-კოლომიე 18:15, ნარბონი-ორიაკი 34:23, პო-ოში 27:12, მონ დე მარსანი-ლა როშელი 31:28.
სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 5 ქულა, 2. ლიონი - 5, 3. ნარბონი - 4, 4. აჟენი - 4, 5. ბურგუენი - 4, 6. დაქსი - 4, 7. ბეზიე - 4, 8. მონ დე მარსანი - 4, 9. ტარბი - 1, 10. კოლომიე - 1, 11. ალბი - 1, 12. ბურგ ან ბრესი - 1, 13. ორიაკი - 0, 14. კარკასონი - 0, 15. ოში - 0, 16. ლა როშელი - 0.

II ტური
აჟენი-მონ დე მარსანი, ორიაკი-დაქსი, კოლომიე-ბურგუენი, ლა როშელი-ალბი, ტარბი-კარკასონი, ოში-ბეზიე, ბურგ ან ბრესი-პო, ლიონი-ნარბონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული