ქართული რაგბი

ლეგიონერები

ანტონ ფეიქრიშვილი: არგენტინასთან თვითდაჯერება გვაკლდა

AutoSharing Option
დოსიე
ანტონ ფეიქრიშვილი
დაიბადა: 18.09.1987
სიმაღლე:183 სმ
წონა:112 კგ
ამპლუა: ბურჯი (#1)
გაიზარდა:"ხულიგანა"
თამაშობს: "კასტრში" (2010 წლიდან)
ტიტულები: საქართველოს ჭაბუკთა "ა" და "ბ" ლიგათა გამარჯვებული, ერთა თასის მფლობელი, საფრანგეთის ელიტა 2-ის ("აჟენის" შემადგენლობაში) და ტოპ 14ის გამარჯვებული ("კასტრი")
ნაკრები: 9 კეპი

საქართველოს ნაკრების ბურჯის - ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" საფრანგეთის 2012-13 წლების ჩემპიონატის მიმდინარეობისას ფავორიტად არ მიიჩნეოდა, თუმცა რეგულარული გათამაშების მეოთხე პოზიციაზე დასრულების შემდეგ, მათ ნახევარფინალურ ეტაპზე მოქმედი ჩემპიონი "კლერმონი" გამოთიშეს ასპარეზობას, ხოლო ფინალურ დაპირისპირებაში "ჰეინეკენის თასის" მფლობელ "ტულონს" სძლიეს და
20-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად იზეიმეს ჩემპიონობა.

- ანტონ, გასული სეზონი შენს სპორტულ კარიერაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. როგორ შეაფასებდი მას? "კასტრის" ჩემპიონობა ხომ ტოპ 14-ის ყველაზე დიდ მოულოდნელობად აღიარეს სარაგბო სპეციალისტებმა.
- დიახ, ნამდვილად ყველაზე წარმატებული წელი გამოდგა, თუმცა უკეთესი იქნებოდა, გადამწყვეტი მატჩების წინ ნეკნის ტრავმა არ მიმეღო და ბოლომდე მეასპარეზა.

სეზონის წინ კლუბის ხელმძღვანელობამ მიზნად ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლა დაგვისახა, რასაც იოლად მივაღწიეთ, ფავორიტად არავინ მიგვიჩნევდა, შესაბამისად ფსიქოლოგიური წნეხისაგან განთავისუფლებულები ვიყავით და ეს კოზირი საჩვენოდ გამოვიყენეთ. არ ელოდნენ მეტოქეები "კასტრისგან" ასეთ წარმატებულ თამაშს და ჩვენც სიურპრიზი მოვუწყვეთ.

-"კასტრს" თავის არსებობის ისტორიაში საფრანგეთის ჩემპიონობა სამჯერ ჰქონდა მოგებული (უკანასკნელად 1993 წ), თქვენ კი შეძელით და დიდხნიანი პაუზის შემდეგ გუნდს მეოთხე ტიტული მოუტანეთ. როგორ დაგხვდათ ქალაქი?
- აეროპორტშივე უამრავი ხალხი დაგვხვდა და ფეხით გამოგვყვნენ სტადიონამდე, სადაც მთელი ქალაქი მოსულიყო და დაუჯერებელი ზეიმი მოგვიწყვეს. უდიდესი სიამოვნება მივიღეთ, რომ ჩვენი ნაშრომით ამდენი ადამიანი გავაბედნიერეთ. მე მეორე დღესვე მომიწია თბილისში გამოგზავრებამ, ბიჭებმა კი ზეიმი რამდენიმე დღეს გააგრძელეს და ქალაქის ბარებიც "დალაშქრეს".

- საჩემპიონო სეზონის შემდეგ მოწინააღმდეგეთა მხრიდან ყურადღება გაათმაგდება და ყველა მოწინააღმდეგე სრული კონცენტრაციით გამოვა თქვენთან სათამაშოდ. საინტერესოა, როგორ დაიგეგმა გუნდის ხელმძღვანელების მიერ სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპი.
- თავდაპირველად ესპანეთის ერთ-ერთ სამთო კურორტზე ვიყავით საწვრთნელ შეკრებაზე, სადაც ძირითადი აქცენტი ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე კეთდებოდა.

ვარჯიშები მოსაბეზრებელი და ერთფეროვანი რომ არ ყოფილიყო, მწვრთნელები ხშირად სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ: მთის მდინარეებზე ვაწყობდით ჯომარდობის ტურებს, ერთი ამპლუის მოთამაშეები ერთ ნავში ვსხდებოდით და მდინარის ჩქარ დინებასთან ბრძოლაში ძალაუნებურად ერთმანეთის იმედზე ვიყავით.

ამ სპორტში რაგბის მსგავსად აუცილებელია თანაგუნდელთა მწყობრი და ურთიერთშეთანხმებული ქმედება, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ჩვენში გუნდურობის პრინციპს. რამდენჯერმე მთის მწვერვალზე დაგვტოვეს გუნდი ველოსიპედების ამარა და ჩვენით უნდა მოგვეხერხებინა დასახლებულ პუნქტამდე მიღწევა, რაც იოლი ნამდვილად არ აღმოჩნდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ერთმანეთის დახმარებით ამ სახალისო ვარჯიშებსაც გავართვით თავი.

მომზადების მეორე ეტაპი უკვე ბურთთან მეტ ურთიერთობას, სათამაშო ტაქტიკის დამუშავებას და ტესტ მატჩებს დაეთმო.

- 2013-14 წლების სეზონის სტარტი არცთუ ისე კარგი აქვს "კასტრს" საფრანგეთის ჩემპიონატში. 3 გამარჯვების წილ 3 მარცხი დაგიგროვდათ და სატურნირო ცხრილში 16 ქულით მეოთხე ადგილს იკავებთ.
- მიზეზი შეიძლება ბევრი მოიძებნოს: ახალი მწვრთნელები, ახალი სათამაშო სისტემა. მოწინააღმდეგეთა გაორმაგებული მოტივაცია. ძალიან გაგვიჭირდა გასვლითი მატჩების მოგება, ჩემპიონობის მოპოვებაზე გაცილებით უფრო ძნელი მისი შენარჩუნებაა. გასულ სეზონთან შედარებით იოლი მოსაგები მატჩები ფაქტობრივად აღარ არსებობს და ლიგის უპირობო აუტსაიდერს ვეღარავის უწოდებ. უკანასკნელ ტურში "ტულონი" დავამარცხეთ და იმედია, ამით დაიწყება ჩვენი გამარჯვებათა სერია.

- "ბორდოსთან" დაპირისპირებისას მიღებული მცირე ტრავმის გამო ბოლო ტურებში არ გითამაშია. როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი? როდის გეგმავ ვარჯიშის განახლებას?
- "ბორდოსთან" თამაშისას ფეხის ტერფის კუნთი დავიზიანე, თავდაპირველად სერიოზული ტრავმის საშიშროება იყო, თუმცა გადავრჩი. ექიმთა გადაწყვეტილებით, დაახლოებით 1 კვირაში შევძლებ ვარჯიშის დაწყებას.

- "კასტრს" მსოფლიო დონის ვარსკვლავები არ ჰყავს გუნდში, თუმცა შედეგი მაინც მშვენიერი აქვს. რის ხარჯზე ახერხებს ამას?
- ძალიან შეკრული გუნდია, ყველა ვმეგობრობთ ერთმანეთთან როგორც სტადიონზე, ისე მის მიღმაც, რაც საბოლოო ჯამში ძალიან გვეხმარება დადებითი შედეგის მიღწევაში. კლუბის ამჟამინდელი მენეჯერი გასულ სეზონში ჩვენი კაპიტანი იყო, ასე რომ, "კასტრის" ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბს და მოთამაშეთა შორის დიდი ზღვარი ნამდვილად არ არსებობს.

Sportall.Ge

- სეზონის წინ კლუბის ხელმძღვანელობამ ამჯერად როგორი მიზნები დაგისახათ? ტოპ 14-ის მოგებაზე გააკეთებთ კვლავ ძირითად აქცენტს თუ ამჯერად "ჰეინეკენის თასზე" ასპარეზობას დაუთმობთ უფრო მეტ ყურადღებას?
- გუნდის ხელმძღვანელობა სეზონის სტარტზე დიდ მიზნებს არასდროს არ გვისახავს ხოლმე, როგორც მინიმუმ ტოპ 14-ის ნახევარფინალურ ეტაპზე ვგეგმავთ ასპარეზობას, ხოლო "ჰეინეკენის თასზე" ჯგუფიდან აუცილებლად უნდა გავიდეთ, მიუხედავად იმისა რომ სერიოზული მეტოქეები გვყავს: "ლენსტერი", "ნორთჰემპტონი" და "ოსპრიზი". დანარჩენი უკვე მოგვიანებით გამოჩნდება.

- კლუბში უდიდესი კონკურენციაა. ვის მიიჩნევ შენს უმთავრეს კონკურენტად? ყველაზე ახლოს რომელ თანაგუნდელთან ხარ?
- ყველაზე ახლოს თანაამპლუელ რუმინელ მიჰაი ლაზართან ვარ, ჩემი უმთავრესი კონკურენტი ახალზელანდიელი ბურჯი, უაღესად გამოცდილი, 33 წლის კარენა ვიჰონგია.

- გადმოვერთოთ სანაკრებო თემებზეც. ზაფხულში 2 მატჩის ჩატარებამ მოგიწია სამხრეთ აფრიკის და არგენტინის ნაკრებთა წინააღმდეგ.
- ძალიან სასარგებლოა საქართველოს ნაკრებისათვის ასეთი მაღალი დონის გუნდებთან ტესტების თამაში. ძლიერ მეტოქესთან ჭიდილში უფრო მეტს ვსწავლობთ და როგორც გუნდი, ვიზრდებით.

დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა ნაკრების რიგებში ნათამაშები და ბორჯღალოსანთა რიგებში კიდევ ერთხელ გამოძახებამ ძალიან გამახარა.

ორივე შეხვედრაში შეგვეძლო გამარჯვება, განსაკუთრებით არგენტინელებთან, წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ალბათ თვითდაჯერების ნაკლებობა იყო, თორემ არც ფიზიკური და არც სათამაშო კონდიციებით არ ჩამოუვარდებოდით მეტოქეს.

- ნოემბერში საქართველოს ნაკრებს სამი უმნიშვნელოვანესი თამაში უწევს ა.შ.შ-ს, კანადის და სამოას ნაკრებების წინააღმდეგ. ეროვნულში გამოძახების შემთხვევაში "კასტრის" ხელმძღვანელობა ხომ არ შეგიშლის ხელს ჩამოსვლაში?
- არა, არანაირად. მაგ დროს საფრანგეთის ჩემპიონატშიც დასვენებაა გამოცხადებული და თავისუფლები ვართ. მთავარია ჯანმრთელად ვიყო და გამოძახების შემთხვევაში უდიდესი სიხარულით ჩამოვალ ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად.

უაღრესად საინტერესო უნდა უნდა გამოვიდეს სამოასთან დაპირისპირება. ისინი ძალიან სწრაფ რაგბს თამაშობენ და საინტერესო იქნება ასეთი სტილის გუნდთან დაპირისპირება.

მილტონ ჰეიგი ძალიან კარგი მწვრთნელია, მოთამაშეებისაგან გაცილებით უფრო მაღალ ტემპში ითხოვს სარაგბო ელემენტების შესრულებას, რაც აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებამდე.

- პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ნათამაშები გაქვს საქართველოს ჩემპიონატში, საფრანგეთის ელიტა 2-ში, ტოპ 14-ში. ჩვენი ჩემპიონატის 2 წამყვანი გუნდი "ლელო" და "არმია" შენი საზომებით საფრანგეთის ჩემპიონატის რომელ ლიგაში შეძლებდნენ ღირსეულად ასპარეზობას?
- ძნელია ჩემი მხრიდან ასეთი შეფასებების გაკეთება, თუმცა ფედერალ 1-ში ასპარეზობისას ალბათ დივიზიონში დარჩენისათვის იბრძოლებდნენ, ხოლო ფედერალ 2-ში გამოსვლის შემთხვევაში გათამაშების ერთ ერთი ფავორიტები იქნებოდნენ.

- ზაფხულში, რაგბის კავშირის და სპორტის დეპარტამენტის ხელშეწყობით მოეწყო "არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის" ხელშემწყობი პროგრამა, რომელშიც სამხრეთ აფრიკის და ურუგვაის ნაკრების მორაგბეებთან ერთად მიიღე მონაწილეობა.
- ნამდვილად კარგი პროექტია და მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე მასში. ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიას ვესტუმრეთ, სადაც მოვინახულეთ მსჯავრდებულები, დავურიგეთ საჩუქრები და რაგბიც წავითამაშეთ. მთავარია, რომ არასრულწლოვანთა გახარება მოვახერხეთ თუნდაც მცირე დროით. მომავალშიც თუ განმეორდება იმავე ტიპის აქცია, რაღა თქმა უნდა, მზად ვართ მასში მონაწილეობა მივიღო.

გიორგი ბარბაქაძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ