ვიქტორ კოლელიშვილის პირველი ლელო "ლიონის" მაისურით [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-6 ტურის შემდეგ საპლეიოფო ექვსეულში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდია, ლიდერი კი ისევ ვიქტორ კოლელიშვილისა და გურამ კავთიძის "ლიონია".

ლიონელებმა მე-6 ტურში "მონ დე მარსანს" უმასპინძლეს და 34:17 მოუგეს. მატჩში შესანიშნავად გაისარჯა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი, რომელმაც ორი ლელო გაიტანა.

"ვიტომ" პირველად ჩათვლის მოედანში 30-ე წუთზე შეაღწია. ის შეტევისას მოლში ჩაერთო და მას მეტოქისთვის მოულოდნელად მოსწყდა. მისი შეჩერება სტუმრებმა ვერ შეძლეს.

მეორედ კოლელიშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში, 43-ე წუთზე იყოჩაღა. მეტოქის ხაზი სებასტიან შაბალმა გაჭრა.
მას "ვიტო" დროულად მიჰყვა და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. საქართველოს ნაკრების ფლანკერი 52-ე წუთზე შეცვალეს, კავთიძე განაცხადში არ იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"ლიონი" 23 ქულით პირველ ადგილზეა. მას სამი ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა ტარიელ რატიანიძის "აჟენი", რომელიც სტუმრად დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ოშთან" - 17:22. ქართველი შერკინების ბურჯი, რომელიც 57-ე წუთზე შეცვალეს, 31-ე წუთზე მატჩის არბიტრმა გაასინბინა.

"აჟენს" ორი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი".

ჩვენებურთა ამ გუნდმა აუტსაიდერს, კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილის და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბის" უმასპინძლა და 30:19 მოუგო.

დათუნაშვილმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო. "ალბის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა თოდუამ, თეთრაშვილი მოედანზე 57-ე წუთიდან გამოჩნდა. კობერიძე, მაისურაძე, ახობაძე და ბუჯიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

გიორგი ნემსაძის, გიორგი ჩხაიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ, დაძაბულ ბრძოლაში წააგო პლეი ოფში მოხვედრისთვის უშუალო კონკურენტ "პოსთან" - 9:12.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით მოიგეს - 9:0, თუმცა შესვენების შემდეგ მათ მონაგარს ვერაფერი შემატეს.

სტუმრებმა კი ანგარიში 66-ე წუთზე გაათანაბრეს და გამარჯვების მომტანი საჯარიმო მატჩის ბოლო წუთზე გაიტანეს.

მირცხულავა თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო, ჩხაიძე მოედანზე მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გამოჩნდა, ნემსაძე განაცხადში არ იყო.

სტუმრად "კოლომიესთან" დამარცხდა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" - 12:19. ლანგედოკელებს კარგი შანსი ჰქონდათ, საპლეიოფო ექვსეულში შეეღწიათ, მაგრამ... შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს.

II დივიზიონი
VI ტური
ორიაკი-ალბი 30:19, ოში-აჟენი 22:17, კოლომიე-ბეზიე 19:12, დაქსი-ბურგუენი 25:25, ნარბონი-ბურგ ან ბრესი 36:26, ტარბი-პო 9:12, ლიონი-მონ დე მარსანი 34:17, ლა როშელი-კარკასონი 22:15.

სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 23 ქულა, 2. ლა როშელი - 22, 3. აჟენი - 20, 4. კოლომიე - 18, 5. ორიაკი - 18, 6. პო - 18, 7. ბურგუენი - 16, 8. ბეზიე - 14, 9. ნარბონი - 13, 10. ტარბი - 12, 11. მონ დე მარსანი - 11, 12. ბურგ ან ბრესი - 10, 13. ოში - 10, 14. დაქსი - 10, 15. კარკასონი - 7, 16. ალბი - 5.

VII ტური
აჟენი-ტარბი, ოში-ორიაკი, ბეზიე-პო, ბურგუენი-ლა როშელი, კარკასონი-მონ დე მარსანი, დაქსი-ნარბონი, ბურგ ან ბრესი-ალბი, კოლომიე-ლიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Aramgonia vito sheecvalot. Sruli mimoxilvidan rogorc chans bolomde itamasha.
0

სიახლეები პოპულარული