ლეგიონი: მამუკა გორგოძის ლელო და "მონპელიე" ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-11 ტური უცნაური გამოდგა.

სტუმრებმა ერთ გამარჯვებასაც ვერ მიაღწიეს და მხოლოდ ერთი მატჩი დასრულდა ფრედ. ქართველ მორაგბეთა გუნდებს ამჯერად სატურნირო ცხრილის პირველი ექვსი საფეხური უჭირავთ.

ახლა პირველ დივიზიონში ორხელისუფლებიანობაა. 32-32 ქულა დააგროვეს და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ "ტულონი" და "მონპელიე".

ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" შინ დამაჯერებლად მოუგო ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს" - 37:17. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

შედარებით გაუჭირდა შინ "გრენობლთან" გამარჯვება მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" - 25:18. გორგოძემ,
რომელმაც სრულად ითამაშა, მე-15 წუთზე ლელო გაიტანა. მისი ეს ერთადერთი ლელო საბოლოოდ მასპინძლებისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.

ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად ფრედ ითამაშა საფრანგეთის ჩემპიონთან, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრთან" - 22:22. მასპინძლები ბოლო წუთისთვის 22:19-ს იგებდნენ და "ვულკანები" ახალზელანდიელი მგეზავის, ბრუკ ჯეიმზის არეკნმა იხსნა მარცხისგან.

ფეიქრიშვილი თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო, ზირაქაშვილი ტრავმირებულია.

"კლერმონის" მსგავსად, 31-31 ქულა კიდევ ორ "ქართულ გუნდს" აქვს. ესენია: "ტულუზი" და "სტად ფრანსე". ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" სტუმრად დამარცხდა კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივთან" - 13:25.

მასპინძლებმა ბრწყინვალედ ითამაშეს, განსაკუთრებით კი, პირველ ნახევარში, რომელიც მშრალი ანგარიშით, 16:0 მოიგეს.

ტულუზელები მატჩის ბოლო ათ წუთში გააქტიურდნენ, თუმცა ანგარიშის მხოლოდ 12 ქულამდე შემცირება შეძლეს. ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მალევე, მე-16 წუთზე შეცვალეს. კაკოვინი, ბრეგვაძე და შველიძე ტრავმირებულნი არიან.

ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსემ" შინ დაამარცხა ბასკური "ბაიონი" - 13:9. პარიზელებმა ამ გამარჯვებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს წინ პლეი ოფისკენ. ჟვანია და ქუბრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

28 ქულით მეექვსე ადგილზეა გიორგი ჟღენტის "პერპინიანი", რომელმაც სტუმრად წააგო დივიზიონის დებიუტანტ "ოიონაქსთან" - 9:22. ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა აუტსაიდერმა "ბიარიცმა". ბასკებმა ამჯერად შინ დაამარცხეს დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" - 9:6. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

ბიარიცელებმა ოდნავ გამოასწორეს სატურნირო მდგომარეობა, თუმცა დაწინაურებულებს მაინც ბევრად ჩამორჩებიან. "მეტრო რასინგი" 27 ქულით მე-10 ადგილზეა.

I დივიზიონი
XI ტური
ტულონი-ბორდო 37:17, კასტრი-კლერმონი 22:22, ბრივი-ტულუზი 25:13, ბიარიცი-მეტრო რასინგი 9:6, ოიონაქსი-პერპინიანი 22:9, მონპელიე-გრენობლი 25:18, სტად ფრანსე-ბაიონი 13:9.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 32 ქულა, 2. მონპელიე - 32, 3. კლერმონი - 31, 4. ტულუზი - 31, 5. სტად ფრანსე - 31, 6. პერპინიანი - 28, 7. გრენობლი - 28, 8. კასტრი - 27, 9. ბრივი - 27, 10. მეტრო რასინგი - 27, 11. ბორდო - 21, 12. ოიონაქსი - 21, 13. ბაიონი - 21, 14. ბიარიცი - 12.

XII ტური
ტულონი-პერპინიანი, ბრივი-ბიარიცი, ბაიონი-გრენობლი, მონპელიე-კასტრი, ბორდო-სტად ფრანსე, ტულუზი-ოიონაქსი, კლერმონი-მეტრო რასინგი.

მეორე დივიზიონში ლიდერი კვლავ ვიქტორ კოლელიშვილისა და გურამ კავთიძის "ლიონია", რომელმაც მე-9 ტურში სტუმრად დაამარცხა ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი" - 11:9.

მასპინძლები პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვიან და მეტოქეს ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს.

კოლელიშვილმა და დათუნაშვილმა სრულად ითამაშეს, ნაცარაშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს, კავთიძეს არ უთამაშია.

"ლიონს" კვალში უდგას ტარიელ რატიანიძის "აჟენი", რომელმაც შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "კარკასონი" - 41:13. რატიანიძე განაცხადში არ იყო.

სტუმრად "ნარბონთან" ფრეს დასჯერდა გიორგი ნემსაძის, გიორგი ჩხაიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" - 19:19. ნემსაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, მირცხულავა 49-ე წუთზე შეცვალეს, ჩხაიძემ მოედანზე 15 წუთით მეტი დაჰყო.

თამაზ მჭედლიშვილის, მერაბ შარიქაძისა და გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესმა" შინ ფრედ ითამაშა "მონ დე მარსანთან" - 19:19. მჭედლიშვილი და შარიქაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, სულუაშვილს არ უთამაშია.

II დივიზიონი
IX ტური
აჟენი-კარკასონი 41:13, ბურგუენი-პო 33:12, კოლომიე-ოში 29:6, ნარბონი-ტარბი 19:19, დაქსი-ალბი 22:8, ორიაკი-ლიონი 9:11, ბეზიე-ლა როშელი 18:20, ბურგ ან ბრესი-მონ დე მარსანი 19:19

სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 36 ქულა, 2. ლა როშელი - 33, 3. აჟენი - 31, 4. ორიაკი - 27, 5. პო - 26, 6. კოლომიე - 24, 7. ბურგუენი - 24, 8. ნარბონი - 23, 9. ტარბი - 18, 10. მონ დე მარსანი - 18, 11. დაქსი - 16, 12. ბეზიე - 16, 13. ბურგ ან ბრესი - 13, 14. ალბი - 13, 15. კარკასონი - 11, 16. ოში - 10.

X ტური
პო-აჟენი, ოში-ბურგ ან ბრესი, კარკასონი-დაქსი, ლა როშელი-კოლომიე, მონ დე მარსანი-ბეზიე, ტარბი-ორიაკი, ალბი-ნარბონი, ლიონი-ბურგუენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული