ქართული ლეგიონი: "ლიონმა" ორჯერ წააგო, მაგრამ ლიდერია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში პირველი წრის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა.

გათამაშებას ისევ ქართველი მორაგბეების, ვიქტორ კოლელიშვილისა და გურამ კავთიძის "ლიონი" ლიდერობს. სამწუხაროდ, საპლეიოფო ზონაში სულ უფრო ცოტა "ქართული გუნდი" დარჩა.

მეორე დივიზიონის ლიდერმა "ლიონმა" ზედიზედ მეორედ წააგო. ჩვენებურთა გუნდი ამჯერად სტუმრად დაუპირისპირდა ერთ-ერთ კონკურენტს, ტარიელ რატიანიძის "აჟენს" და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით - 19:20 წააგო.

მასპინძლებს მთელი თამაშის განმავლობაში მიჰყავდათ ანგარიში და ლიონელებმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მხოლოდ მატჩის ბოლო წუთზე შეძლეს.

ეს შეხვედრა სკანდალურიც გამოდგა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა
მესამეხაზელმა სებასტიან შაბალმა ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქეს, მარკ ჟირუს მუშტი უთავაზა და ნოკაუტში ჩააგდო.

არბიტრმა ეს ვერ შენიშნა და შაბალს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა. თუმცა, ცხადია, სებასტიანი სადისციპლინო კომიტეტმა დაიბარა და მას ორიდან ორმოცდათორმეტ კვირამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

"ლიონს" ახლა 52 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "ლა როშელს" ექვსი ქულით უსწრებს.

კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს, კავთიძეს და რატიანიძეს არ უთამაშიათ.

სამწუხაროდ, ამ ორი გუნდის გარდა, ამჟამად საპლეიოფო ზონაში სხვა "ქართული გუნდები" აღარ იმყოფებიან.

მათ შორის ყველაზე უკეთესი შედეგი ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკს" აქვს, რომელიც 33 ქულით მე-8 ადგილზეა.

ორიაკელებმა მე-14 ტურში სტუმრად ითამაშეს "კოლომიესთან" და მოულოდნელად დიდი ანგარიშით, 3:50 დამარცხდნენ. დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი 46-ე წუთზე შეცვალეს.

"ორიაკს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მე-10 ადგილზეა ირაკლი მირცხულავას, გიორგი ნემსაძისა და გიორგი ჩხაიძის "ტარბი", რომელმაც სტუმრად წააგო მეორეადგილოსან "ლა როშელთან" - 3:18.

ჩხაიძემ სრულად ითამაშა, ნემსაძე მატჩში 52-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავა განაცხადში არ იყო.

"ტარბს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-11 ადგილზეა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე". ჩვენებურის გუნდმა ლანგედოკურ დერბიში მინიმალური სხვაობით მოუგო "ნარბონს" - 16:15. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბიმ" სტუმრად დაამარცხა "ბურგუენი" - 12:9.

ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. "ალბი" ახლა 25 ქულით მე-13 ადგილზეა.

დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძისა და გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი", რომელმაც სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა უშუალო კონკურენტ "კარკასონთან" - 17:19.

ჩვენებურთა გუნდი 60 წუთის განმავლობაში უდავო უპირატესობას ფლობდა, თუმცა მასპინძლებმა თამაშის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე მაინც შეძლეს ანგარიშში დაწინაურება - 17:13.

ბრესანელებმა დასკვნით ათ წუთში ძალების მობილიზება და კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა მაინც მოახერხეს, მეტოქე ორი საჯარიმოთი დასაჯეს და ჰაერივით საჭირო გამარჯვება მიითვალეს. მჭედლიძემ და შარიქაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, სულუაშვილი განაცხადში არ იყო.

აუტსაიდერმა თორნიკე ლომიძის "ოშმა" შინ მიიღო "დაქსი" და ფრეს დასჯერდა - 16:16. ლომიძე განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი
XIV ტური
აჟენი-ლიონი 20:19, ოში-დაქსი 16:16, ბეზიე-ნარბონი 16:15, ბურგუენი-ალბი 9:12, კარკასონი-ბურგ ან ბრესი 17:19, კოლომიე-ორიაკი 50:3, მონ დე მარსანი-პო 12:12, ლა როშელი-ტარბი 18:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 52 ქულა, 2. ლა როშელი - 46, 3. აჟენი - 45, 4. პო - 45, 5. ბურგუენი - 38, 6. კოლომიე - 37, 7. ნარბონი - 34, 8. ორიაკი - 33, 9. მონ დე მარსანი - 30, 10. ტარბი - 29, 11. ბეზიე - 28, 12. დაქსი - 27, 13. ალბი - 25, 14. ბურგ ან ბრესი - 21, 15. კარკასონი - 21, 16. ოში - 18.

XV ტური
პო-კოლომიე, ალბი-კარკასონი, ორიაკი-ბეზიე, ნარბონი-ბურგუენი, ბურგ ან ბრესი-აჟენი, დაქსი-მონ დე მარსანი, ლიონი-ლა როშელი, ტარბი-ოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული