ქართული ლეგიონი: მამუკა გორგოძისა და ბაკის ბოთას შოუ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგებსაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები არ შეუტანია. ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდი ისევ გათამაშების მოწინავეა.

პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" უჭირავს, რომელმაც შინ იოლად დაამარცხა აუტსაიდერი ბასკური "ბიარიცი" - 35:6. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში სტუმრებმა "ვულკანებს" სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და მხოლოდ სამი ქულის სხვაობით დათმეს - 3:6. შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინეს. ზირაქაშვილმა ტრავმა მოიშუშა და თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.

"კლერმონს" ოთხი
ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც შინ დაამარცხა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" - 43:10.

გორგოძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, 52-ე წუთზე ლელო გაიტანა. ყველაზე საინტერესო კი საქართველოს ნაკრების ლიდერისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბის, სამხრეთაფრიკელი მეორეხაზელის, ბაკის ბოთას დაპირისპირება იყო.

ფრანგულმა მედიამ ამ ფაქტს მატჩის მეორე დღეს არაერთი წერილი და სიუჟეტი მიუძღვნა და "გორგოძისა და ბოთას შოუდ" შერაცხა.

მთელი თამაშის განმავლობაში კინკლაობის შემდეგ, როცა მატჩი დასრულდა, ბოთა გორგოძეს მეგობრულად გადაეხვია და ინტერვიუში ისიც თქვა, მიხარია, მომავალი სეზონიდან თანაგუნდელები რომ ვიქნებითო.

ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავა თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო, მიქაუტაძე განაცხადში არ იყო.

"ტულონის" დარად, 41 ქულა დააგროვა და მესამეა საფრანგეთის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც შინ გიორგი ჟღენტის "პერპინიანი" დაამარცხა - 37:13. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, ჟღენტი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

ზემოთ ნახსენებ დუეტს ერთი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი". ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ბორდო" - 18:16. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

საპლეიოფო ექვსეულში გაიმყარა პოზიცია ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტაფ ფრანსემ", რომელმაც საკუთარ მოედანზე "გრენობლს" სძლია - 21:6. ქუბრიაშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, ჟვანია განაცხადში არ იყო.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი" შინ ფრეს დასჯერდა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგთან" - 9:9. შველიძემ ტრავმა მოირჩინა და ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ის 41-ე წუთზე ასეიშვილმა შეცვალა, ხინჩაგიშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს.

XIV ტური

სტად ფრანსე-გრენობლი 21:6, ტულონი-მონპელიე 43:10, ოიონაქსი-ბაიონი 9:6, კლერმონი-ბიარიცი 35:6, კასტრი-პერპინიანი 37:13, ბრივი-მეტრო რასინგი 9:9, ტულუზი-ბორდო 18:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 45 ქულა, 2. ტულონი - 41, 3. კასტრი - 41, 4. ტულუზი - 40, 5. სტად ფრანსე - 39, 6. მონპელიე - 34, 7. გრენობლი - 33, 8. მეტრო რასინგი - 33, 9. ბორდო - 31, 10. ბრივი - 30, 11. პერპინიანი - 30, 12. ოიონაქსი - 29, 13. ბაიონი - 26, 14. ბიარიცი - 17.

XV ტური
სტად ფრანსე-პერპინიანი, ბორდო-ბრივი, მონპელიე-ბიარიცი, გრენობლი-კასტრი, კლერმონი-ოიონაქსი, ბაიონი-ტულუზი, მეტრო რასინგი-ტულონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული