გიორგი ჟღენტი: სამი გუნდი მელაპარაკება მათთან გადასვლის თაობაზე

AutoSharing Option
ქართველი შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ერთ-ერთ უძლიერეს პირველხაზელად მიიჩნევა. ის ამჟამად ბასკური "ბაიონის" ღირსებას იცავს, თუმცა საკლუბო კარიერაში მიმდინარე მოვლენებით ძალიან უკმაყოფილოა.

"მონპელიეში" ასპარეზობისას თავის პოზიციაზე ის ფრანგულ ლიგაში სამეულში შედიოდა.

ამდენად, უცნაურია, რატომ არ ეძლევა თამაშის საშუალება გუნდში, რომლის მთავარი მიზანიც ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა.

ამ თემაზე ინტერვიუ გიორგი ჟღენტთან ყოველდღიურ სარაგბო გაზეთ "მიდი ოლიმპიკში" გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

- შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი საკლუბო კარიერის გზა საფრანგეთში?
- საფრანგეთში 2006 წელს ჩამოვედი. პირველი
კლუბი "კლერმონი" იყო, მერე "ბიარიცში" გადავბარგდი. იქ ბევრს არ ვთამაშობდი და სამედიცინო ჯოკერად "ორიაკს" მივაშურე. იქ ერთი სეზონი გავატარე და მერე "ოიონაქსში" ჩავირიცხე.

ჩემთვის ეს საუკეთესო ხანა იყო. "ოიონაქსში" მწვრთნელის, ქრისტოფ ურიოსის ხელმძღვანელობით, სერიოზული პროგრესი განვიცადე. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ ქრისტოფის.

მერე იყო "მონპელიე", სადაც ორი დიდი მწვრთნელი დამხვდა, ფაბიენ გალტიე და დიდიე ბესი.

დიდიემ მასწავლა, როგორ უნდა გამომეყენებინა ჩემი ძალა ახლო ბრძოლაში.

- რა მოხდა "პერპინიანში"? რატომ გავარდა ეს საკმაოდ ტიტულოვანი გუნდი პირველი დივიზიონიდან?
- "პერპინიანის" პრეზიდენტმა პოლ გოზემ დამირეკა და საკმაოდ მომხიბლავი, ოთხწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა. ფინანსურად და სპორტული თვალსაზრისითაც ეს ძალიან საინტერესო იყო.

ძალიან ცუდია, რომ "პერპინიანი" მეორე დივიზიონში გავარდა. ის საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო და ეს არ უნდა დამართნოდა. თუმცა, როცა პრობლემები წარმოიქმნება, მას უმალვე მოგვარება უნდა, რადგან ელიტა არ დაგელოდება, როდის გაიღვიძებ.

- როგორ მოხვდით "ბაიონში"?
- როცა შარშანდელი ჩემპიონატი დასრულდა, ჟან-მიშელ გონსალესმა დამირეკა. მას ძალიან უნდოდა, "ბაიონში" მეთამაშა. სპორტული თვალსაზრისით, ჩემთვის მისი წინადადება საინტერესო იყო, რადგან ისევ ელიტაში თამაში მინდოდა. სანამ გონსალესი დამირეკავდა, "ტულუზისა" და "მეტრო რასინგის" წამომადგენლები დამიკავშირდნენ, მაგრამ მაშინ "პერპინიანი" ჯერ გავარდნილი არ იყო.

როცა ამ გუნდის დატოვება გადავწყვიტე, მათ უკვე მოძებნილი ჰყავდათ მოთამაშე ჩემს პოზიციაზე. ასე აღმოვჩნდი "ბაიონში".

- მიმდინარე სეზონში ძალიან ცოტას თამაშობთ. რით ახსნით ამას?
- ეს ძალიან ცუდია. ყველა მწვრთნელთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, ყოველთვის ძალიან ბევრს ვთამაშობდი. მართლაც არ მესმის, ახლა რატომ არ მათამაშებენ. ასი პროცენტით მზად ვარ.

მომეცით შანსი და მას გამოვიყენებ, მაგრამ რა ვქნა, მე ვერაფერს ვწყვეტ. როცა მწვრთნელს არ აინტერესებ, ყველაფერი დასრულებულია.

- იმედგაცრუებული ხართ ამ სიტუაციით?
- ჩემთვის ეს ძალიან რთული ვითარებაა. არ ვარ მიჩვეული ასე ცოტა თამაშს. წლეულს თითქოს სანატორიუმში ვარ დასასვენებლად. ასეთ მდგომარეობაში პირველად ვარ კარიერის განმავლობაში.

ძირითად შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ სამჯერ მერგო. ისევ დიდი მონდომებით ვაგრძელებ ვარჯიშს, რათა ფორმაში ვიყო. ველოდები, როდის მომცემენ შანსს. არ მომცემენ? არა უშავს, მომავალ სეზონს დაველოდები. ჩემი კარიერა გაგრძელდება.

29 წლის ვარ და კიდევ ხუთი წელიწადი ვაპირებ თამაშს. რასაც მეტყვით, გავაკეთებ; დამირეკეთ, მე მზად ვარ, მოვილაპარაკოთ. არ ვიცი, გალტიეა უკეთესი თუ ურიოსი, მაგრამ ორივე საუკეთესო მწვრთნელია საფრანგეთში. მათ ყოველთვის ვუჯერებდი, რასაც მეუბნებოდნენ.

- მიგაჩნიათ, რომ ფიზიკურად მზად ხართ სათამაშოდ?
- რას ამბობთ. პირველად არის, რომ შუა დეკემბერია და დაღლას არ ვგრძნობ. "ბაიონში" ვარჯიში დილის ცხრა საათზე იწყება. მწვრთნელისგან ნებართვა ავიღე, რათა ერთი საათით ადრე დამეწყო წვრთნა. მიმაჩნია, რომ თუ საკმარისად არ ვთამაშობ და ენერგიას არ ვხარჯავ, დამატებით, ზედმეტად უნდა ვიშრომო.

- ამბობენ, რომ თქვენ მძიმე ხასიათი გაქვთ...
- გააჩნია, ეგ ვინ თქვა. არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. არსებობს ურთიერთობა მოედანზე და მის მიღმა. ეს ერთი და იგივე არ არის. მე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. მითხარით, რა უნდა გავაკეთო და გავაკეთებ.

გაცნობიერებული მაქვს, რომ ეს ჩემი სამუშაოა და გუნდისთვის ასი პროცენტით ვიხარჯები.

"ბაიონში" იმისთვის ვარ, რომ ვივარჯიშო და ვითამაშო. მოედნის მიღმა ყველასთან ერთნაირი ურთიერთობა ვერ მექნება. ზოგს ესმის ჩემი, ზოგს არა.

- ხომ არ ფიქრობთ "ბაიონიდან" სხვაგან გადასვლაზე?
- "ბაიონთან" ერთი პლუს ერთი კონტრაქტი მაქვს. არ ვამბობ, რომ მივდივარ, მაგრამ ფაქტია, რომ სამი გუნდი მელაპარაკება მათთან გადასვლის თაობაზე. თუმცა ჩემთვის მთავარია, დღეს რა ხდება, დღეს მინდა თამაში. აქ ერთი წელი ვიქნები, ორი თუ ათი, მნიშვნელობა არ აქვს. რადგან აქ ვარ, მაქსიმუმი უნდა გავიღო. მერე რა იქნება, ეს უკვე სხვა ამბავია.

- საქართველოს ნაკრებში თამაში არ გინდათ?
- ერთი კაცი მანახეთ, ვისაც საკუთარი სამშობლოს ნაკრებში თამაში არ უნდა. თუ ასეთი არსებობს, მაშინ ის, უბრალოდ, გიჟია. პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ნაკრებში პირველ ხაზში დიდი კონკურენციაა.

ძალიან ბევრი კარგი შერკინების ბურჯი გვყავს, რომლებიც საფრანგეთში თამაშობენ. ამასთან ერთად, დღესდღეობით კლუბში ბევრს არ ვთამაშობ და ესეც პრობლემაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ambobeb dzalian cudi xasiati aqo,uamravi problemebi sheuqmna gundesbs sadac tamashobdao..kargi burgia magram marto tamashi araa saqme
kako
16:14 11-12-2014
0
წარმატებებს გისურვებთ,გიორგი! მიაწექი ღმერთი შენსკენ!
თაზო
16:05 11-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული