- ახლა სასიამოვნო თემებზე გადავიდეთ: ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დეკემბერში დაუბრუნდით...
- ახალ გუნდში ვარ, სადაც უმაღლესი დონის კონკურენციაა. ამიტომაც ორმაგად ვიყავი მოწყურებული თამაშს და ეს ოთხი თვე ჩემთვის ნამდვილი სასჯელი იყო! რაც უნდა ცნობილი მოთამაშე იყო, ახალ გუნდში ყველაფერი ახლიდან გაქვს დასამტკიცებელი. მით უმეტეს, ისეთ "დრიმ თიმში", როგორიც "ტულონია". მე კი ისეთი ხასიათი მაქვს, სადაც უნდა ვთამაშობდე, აუცილებლად ლიდერებს შორის უნდა ვიყო, სხვაგვარად არ შემიძლია. ვცდილობ, ყველგან ვთქვა ჩემი სათქმელი და ასე იქნება კარიერის ბოლომდე! ამიტომაც, სანამ ვერ ვთამაშობდი, ორმაგი დატვირთვით ვვარჯიშობდი.
- ამას გუნდის ხელმძღვანელობაც ხომ ხედავდა?
- ბუნებრივია. "ტულონის" მწვრთნელებთან სასაყვედურო არც არაფერი მაქვს - როცა ტრავმირებული ვიყავი, უკმაყოფილება არავის უგრძნობინებია ჩემთვის. და როცა მოედანზე გასვლა შემეძლო, ყველა მატჩი მათამაშეს! ისე კი, "ტულონის" სათადარიგოთა შორის ისეთ მორაგბეებს ნახავ, მარქაფაში ყოფნაც კი არ გეწყინება კაცს!
- გეტყობათ, თამაში რომ მოგენატრათ - ისეთი მოტივირებული ხართ, ლამის ყველა მატჩში საუკეთესოდ გასახელებენ...
- სხვა გზა არა მაქვს. ისე უნდა მოვინდომო, როგორც არასდროს! თორემ, თუ მუდმივად საუკეთესოებში არ გხედავს, ხალხს სწრაფად ავიწყდება ყველაფერი. თურმე, ჩემზე ამბობენ, დაბერდაო. ბევრს, ალბათ, უკვე ჩამოსაწერიც ვგონივარ. არ დაიჯეროთ! მინიმუმ 2-3 წელი მაინც ვერ მოესწრებიან ჩემს "დაბერებას" (იცინის)!
- ფიქრობთ, რომ ბევრს გაუხარდება მამუკა გორგოძის დაბერება?
- ვისაც უხარია, ჩემს დაბერებასა და ფეხის გადაბრუნებას ვერ მოესწრებიან (იცინის). თუმცა კი, "ტულონის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ძალიან ძნელი იქნება - ისეთი კონკურენტები მყავს, არც ერთ სხვა გუნდში რომ არ არიან! ავსტრალიელმა თანაგუნდელმა ო,კონერმა, რომელსაც სხვადასხვა ჩემპიონატში უთამაშია, გვითხრა, ასეთი რთული პირველობა არც ინგლისშია და არც სუპერ-14-შიო!
- საფრანგეთის ტოპ-14 საუკეთესო ჩემპიონატია, "ტულონი" კი ევროპის უძლიერესი კლუბი. ეს გუნდი წარმატებას მხოლოდ უძლიერესი მოთამაშეების შეკრებით აღწევს?
- განსაკუთრებული არც სტრატეგია აქვთ, არც ვარჯიშები. სამაგიეროდ, ჰყავთ ინდივიდუალურად საოცრად ძლიერი მორაგბეები, რომლებიც ჩინებულად უგებენ ერთმანეთს, რაგბიში ხომ მთავარი სწორედ თანაგუნდელების ურთიერთგაგებაა! ახალ გუნდზე გადაწყობა იოლი არ არის. მით უმეტეს, "მონპელიეში" სულ სხვაგვარად ვთამაშობდით. თანაც, როგორ გინდა, მწვრთნელს შემადგენლობიდან "ამოაგდებინო" მოთამაშე, ვისთან ერთადაც არაერთი ტიტული აქვს მოგებული? წარმოგიდგენიათ, ასეთ კონკურენტთან შედარებით, რამდენად მაგრად უნდა ვითამაშო, მოედანზე გასვლის უფლება რომ დავიმსახურო? ჯერჯერობით სულ მათამაშებს მწვრთნელი, მაგრამ ქომაგს ნუ დაავიწყდება, რომ ძალიან დიდ გუნდში ვარ, ჩემს ადგილზე კი ძალიან დიდი კონკურენციაა!
- 3 იანვარს მონპელიეში ითამაშეთ - მშობლიურ სტადიონზე, სადაც ამდენი წელი გაქვთ გატარებული...
- ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის... თითქოს პირველად ვიყავი ამ ქალაქში... "მონპელიეს" ქომაგებს ძალიან ვუყვარდი და გულნატკენი დავრჩი, ძველებური სიყვარულით რომ არ მიმიღეს. ბევრი მათგანი ძალიან თბილად შემხვდა, მაგრამ როცა სტადიონზე გამოაცხადეს ჩემი გვარი, უწინდელივით ხმაურიანად აღარ შემხვდნენ და... გული მეტკინა! თუმცა, უკვე ვიცი, რომ ცხოვრება რთული რამაა და მისგან არაფერი უნდა გაგიკვირდეს. კი, კაცურად უნდა იცხოვრო, მაგრამ თან პროფესიულად მიუდგე საქმეს, ზედმეტი არავის არაფერი გაუკეთო და არც მისგან ელოდო!
- "მონპელიე"-"ტულონი" ქართველი მორაგბეებისთვის წარმატებული გამოდგა - გორგოძე ტურის საუკეთესო მბოჭავი გახდა, მასპინძელთა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი კი სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს...
- ორმაგად მიხარია, ნარიაშვილი მატჩიდან მატჩამდე რომ უმატებს, რადგან მის ჩამოყვანაში საკმაოდ დიდი წვლილი მიმიძღვის. თუმცა, გზა ბევრისთვის გაუკვალავთ, მაგრამ სპორტსმენმა თავად თუ არ ივარგა, რა გამოვა? მიშა კი თავისი შრომით, მიზანსწრაფულობით და თავდადებით ძალიან მაღლა მიმავალ გზას ადგას! ლევან ჩილაჩავაც და კოტე მიქაუტაძეც ჩინებულ ფორმაში არიან. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა - ლევან ჩილაჩავა "ტულონის" შერკინებაში ყველა კონკურენტს სჯობს! კოტე უძლიერესი მეორეხაზელია და ტოპ-14-ის ნებისმიერ კლუბში შეუძლია რეგულარულად თამაში. თუმცა, უფრო მეტს უნდა თამაშობდეს, ვიდრე ტულონში ათამაშებენ! ამიტომაც, სულ ვურჩევ, კლუბი გამოიცვალოს. მის ასაკში უმთავრესი სწორედ სათამაშო პრაქტიკაა. მთავარია, არ დანებდეს, მისი დრო აუცილებლად მოვა და იმდენს ითამაშებს, მოჰბეზრდება კიდეც!
- ახალ თანაგუნდელებს უკვე დააჭაშნიკებინეთ ქართული ღვინო?
- ნაკლებად კონტაქტური ვარ. "მონპელიეშიც" 3-4 წელი დამჭირდა "გასაშინაურებლად". ზრდილობიან სალამს ყველას ვეუბნები, მაგრამ თანაგუნდელებთან იშვიათად ვურთიერთობ, არა ვარ მათთან "გალექსილი". მოკლედ, "გაბღენძილი" დავდივარ (იცინის). ისე კი, კოტესა და ლევანის გარდა, ქართველები ჩემამდეც იყვნენ "ტულონში" - ქუბრიაშვილი და ლაბაძე. ასე რომ, აქ ქართველებს კარგად იცნობენ და პატივსაც სცემენ.
- ქართველები ახალ წელსაც ერთად შეხვდებოდით...
- რა თქმა უნდა. ჩემს სახლში შევიკრიბეთ მე, კოტე, ლევანი, გია ლაბაძე ოჯახთან ერთად, ნაკრების ყოფილი მოთამაშე გუჯა იოვაძე... ბავშვების ჩათვლით, 15 ქართველი მოვგროვდით და კარგად ვიმხიარულეთ.
- რას ელის 2015 წლის მსოფლიო თასისგან მამუკა გორგოძე?
- ჩვენს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ. ქომაგებს კი მოვუწოდებ, რეალურად შეაფასონ ყველაფერი, გადამეტებული მოლოდინი ნუ ექნებათ. და თუ წარმატება იქნება, ის ბონუსად მიიღონ (იცინის).
ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge
ხომ არ იცით, სად იყიდება?