ქართული ლეგიონი: დავით დადუნაშვილის ლელომ "მასის" ვერ უშველა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა. სატურნირო ცხრილის სათავეში ქართველ მორაგბეთა გუნდები, "ტულონი" და "კლერმონი" არიან. საგულისხმოა, რომ მომდევნო ოთხი საფეხურიც ჩვენებურთა გუნდებისაა.

მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" მე-19 ტურში შინ მიიღო გოდერძი შველიძის, ანტონ ფეიქრიშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ჟღენტის "ბრივი". მასპინძლებს მეტოქის ძლევა არ გასჭირვებიათ - 34:11. ბრიველებს ოთხი ლელო "ტულონის" სამოელმა გარემარბმა დევიდ სმიტმა გაუტანა.

ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შველიძემ შეცვალა; ჩილაჩავა, რომელმაც ახლახან "ტულონთან" კონტრაქტს ხელი 2019 წლამდე მოაწერა, მოედანზე 52-ე წუთიდან
გამოჩნდა; ოთხი წუთის შემდეგ თამაშში ჟღენტიც ჩაერთო; გორგოძე და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.

შინ მოიგო "ბაიონთან" დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" - 28:16. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ძნელი სათქმელია, რატომ არ ათამაშებს ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" არგენტინელი მწვრთნელი გონსალო კესადა.

საქართველოს ნაკრების პირველხაზელი შესანიშნავ ფორმაშია, რაც ეროვნულ გუდში თამაშითაც დაამტკიცა. პარიზელებმა სტუმრად შეძლეს მინიმალურო სხვაობით ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს" დამარცხება - 23:22. "სტად ფრანსეს" შემადგენლობაში ტრავმის გამო არც დავით ქუბრიაშვილს უთამაშია.

მწვრთნელის შეცვლის შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" მდგომარეობა. ჩვენებურის გუნდი ამჯერად შინ დაუზავდა ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელს" - 15:15. ნარიაშვილი თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო.

I დივიზიონი
XIX ტური
ოიონაქსი-ტულუზი 9:3, ბორდო-სტად ფრანსე 22:23, კასტრი-ლიონი 23:20, კლერმონი-ბაიონი 28:16, მონპელიე-ლა როშელი 15:15, მეტრო რასინგი-გრენობლი 34:29, ტულონი-ბრივი 34:11.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 57 ქულა. 2. კლერმონი - 57, 3. სტად ფრანსე - 55, 4. მეტრო რასინგი - 51, 5. ბორდო - 45, 6. ტულუზი - 45, 7. ოიონაქსი - 45, 8. გრენობლი - 43, 9. მონპელიე - 42, 10. ბაიონი - 37, 11. ლა როშელი - 36, 12. ბრივი - 12, 13. ლიონი - 34, 14. კასტრი - 33.

XX ტური
კლერმონი-ბორდო, ტულუზი-მონპელიე, ბაიონი-კასტრი, ბრივი-მეტრო რასინგი, ლა როშელი-ოიონაქსი, სტად ფრანსე-გრენობლი, ლიონი-ტულონი.

* * *
მეორე დივიზიონში 23-ე ტურში გათამაშების ლიდერმა, გიორგი ნაცარაშვილის "პომ" სტუმრად წააგო ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკთან" - 25:34. მატჩის გმირი მასპინძელთა მგეზავი მაქსიმ პეტიჟანი გახდა, რომელმაც ცხრა საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (29 ქულა).

შარიქაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ნაცარაშვილი 34-ე წუთზე შეცვალეს, დათუნაშვილმა მოედანი 56-ე წუთზე დატოვა, ხატიაშვილს არ უთამაშია.

ამ გამარჯვებით ორიაკელებმა პლეი ოფში მოხვედრისთვის სერიოზული განაცხადი გააკეთეს. მარცხის მიუხედავად, "პო" მაინც დამაჯერებლად ლიდერობს. მას 14 ქულით ჩამორჩება უახლოესი მდევარი, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანი". კატალონიელებმა სტუმრად დაამარცხეს ლაშა ლომიძის "ბეზიე" - 17:20.

ლომიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ბასილაია და მჭედლიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" შინ ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტთან, ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის "ალბისთან" - 15:9.

მჭედლიძემ და მაისურაძემ სრულად ითამაშეს, შეყლაშვილი მალევე დაშავდა და 23-ე წუთზე შეცვალეს, თეთრაშვილმა მოედანი 57-ე წუთზე დატოვა.

კახა კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტარბი" შინ ფრეს დასჯერდა "მონტობანთან" - 12:12. ნემსაძე 53-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავამ მოედანზე 13 წუთით მეტი დაჰყო.

სამწუხაროდ, საკუთარ მოედანზე "კოლომიესთან" დამარცხდა შალვა სუთიაშვილის, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძის, ვახტანგ ახობაძისა და დავით აშვეთიას "მასი" - 20:27.

თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის არბიტრმა მოედნიდან ჯამში ხუთი მორაგბე გაასინბინა. მათ შორის იყვნენ აშვეთია და ყუფარაძე. საინტერესოა, რომ ყუფარაძემ მეორე ტაიმში სწორედ აშვეთია შეცვალა. სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, დადუნაშვილმა კი, რომელიც მატჩში 70-ე წუთიდან ჩაერთო, შეხვედრის ბოლო წუთზე ლელო გაიტანა.

ამ მარცხის შედეგად "მასის" სატურნირო მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. პარიზელები ბოლოდან მესამე ადგილზე არიან და კონკურენტებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ.

II დივიზიონი
XXIII ტური
აჟენი-ალბი 15:9, ბეზიე-პერპინიანი 17:20, ბურგუენი-დაქსი 18:18, მასი-კოლომიე 20:27, მონ დე მარსანი-კარკასონი 30:18, ტარბი-მონტობანი 12:12, ბიარიცი-ნარბონი 34:19, ორიაკი-პო 34:25.

სატურნირო მდგომარეობა

1. პო - 78 ქულა, 2. პერპინიანი - 64, 3. მონ დე მარსანი - 63, 4. აჟენი - 62, 5. ბიარიცი - 61, 6. ორიაკი - 61, 7. ალბი - 55, 8. მონტობანი - 54, 9. კოლომიე - 52, 10. ბეზიე - 50, 11. კარკასონი - 46, 12. ტარბი - 45, 13. ბურგუენი - 36, 14. მასი - 34, 15. დაქსი - 33, 16. ნარბონი - 33.

XXIV ტური
ალბი-კოლომიე, კარკასონი-ბურგუენი, დაქსი-მონ დე მარსანი, მონტობანი-ორიაკი, მასი-პერპინიანი, ნარბონი-აჟენი, პო-ბეზიე, ტარბი-ბიარიცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული