ქართული რაგბი

ლეგიონერები

სარაგბო ლეგიონი: საფრანგეთის ჩემპიონი ქართველი აუცილებლად გახდება

AutoSharing Option
მაშინ, როცა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ოკეანეთში ტესტებს მართავს, "ბორჯღალოსანთა" ნაწილისთვის გადამწყვეტი დრო დადგა საფრანგეთის ჩემპიონატში.

ტოპ-14-ში ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა, ოთხივეში ირიცხება ქართველი მორაგბე. ასე რომ, წლეულსაც აუცილებლად გვეყოლება საფრანგეთის ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ შარშან ფინალში "სტად ფრანსემ" 12:6 მოუგო "კლერმონს". ამ თამაშში გამარჯვებულთა შორის სათადარიგო იყო დავით ქუბრიაშვილი, ხოლო წაგებულებში სასტარტოში ითამაშა დავით ზირაქაშვილმა.

წლევანდელ გათამაშებაში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" 88 ქულით პირველი ადგილი აიღო, ხოლო ირაკლი ნატრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას, კონსტანტინე მიქაუტაძისა და მამუკა გორგოძის "ტულონმა" 82 ქულით - მეორე.
ორივე გუნდმა ამით გაინაღდა ნახევარფინალში თამაში.

პლეი ოფში კი ოთხი გუნდი იბრძოდა ნახევარფინალის ორი საგზურისთვის. დავით ხინჩაგიშვილის "რასინგმა" "ტულუზს" 21:16 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა. გამარჯვებულებს 21-დან 18 ქულა დენ კარტერმა მოუტანა. ხინჩაგიშვილი განაცხადში არ ყოფილა.

დავით ქუბრიაშვილის (ფოტოზე) და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" კი "კასტრს" 28:9 მოუგო. ქუბრიაშვილმა და ნარიაშვილმა სასტარტოში ითამაშეს, ნარიაშვილი ტრავმის გამო შეცვალეს.

17 ივნისს, პირველ ნახევარფინალში "კლერმონი" "რასინგს" შეხვდება, ხოლო 18 ივნისს "ტულონი" "მონპელიეს" დაუპირისპირდება.