ქართული რაგბი

ლეგიონერები

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა მამუკა გორგოძე მსოფლიოს სიმბოლურში დაასახელა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კლაივ ვუდვორდი, რომელმაც 2003 წელს პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოაგებინა ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს თასი, ამჟამად ერთ-ერთ ტელევიზიასთან თანამშრომლობს.

ვუდვორდმა კომენტარი გაუკეთა "პომების" ამჟამინდელი თავკაცის, ედი ჯოუნზის განცხადებას, უფრო სწორად, სურვილს, ინგლისის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდად გახადოს.

"ინგლისის ნაკრები ახლოსაა "ოლ ბლექსთან", მაგრამ მისი ტოლი ჯერაც არ არის. ახალი ზელანდიის ნაკრები ჯერ ისევ საუკეთესოა და შეუძლია ზედიზედ მესამედ მოიგოს მსოფლიოს თასი. ინგლისის ამ ფორმაციის ნაკრებს მსოფლიოს თასის მოგება არ შეუძლია. ბევრი მათგანი, ვინც სიდნეიში ითამაშა, 2019 წლის მსოფლიოს
თასზე გუნდის ძირითადი ბირთვი იქნება, თუმცა...

მართალია, რაგბი გუნდური თამაშია, მაგრამ დიდი გუნდები გამოჩენილი, უდიდესი პიროვნებებით იქმნება. ასეთი ინგლისის ამჟამინდელ ნაკრებში ორია - ოუენ ფარელი და მარო იტოჯე. მსოფლიოს თასის მოსაგებად კი საჭიროა, გუნდში შვიდი ან რვა ასეთი მაღალი დონის მოთამაშე გყავდეს", - თქვა კლაივ ვუდვორდმა.

ვუდვორდმა შეადგინა თავისი შეხედულებისამებრ მსოფლიოს ნაკრები, რომელშიც მესამე ხაზში საქართველოს ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ვუდვორდის კრებულში ვერ მოხვდნენ უელსის, ირლანდიის, შოტლანდიის, იტალიისა და კუნძულელთა მორაგბეები.

ვუდვორდის ნაკრები
15. ისრაელ ფოლაუ (ავსტრალია), 14. ბენ სმითი (ახალი ზელანდია), 13. სონი ბილ ვილიამსი (ახალი ზელანდია), 12. ვესლი ფოფანა (საფრანგეთი), 11. ხუან იმჰოფი (არგენტინა), 10. ოუენ ფარელი (ინგლისი), 9. აარონ სმითი (ახალი ზელანდია). 1. მარკოს აიერსა (არგენტინა), 2. დენ კოლი (ახალი ზელანდია), 3. რამირო ერერა (არგენტინა), 4. მარო იტოჯე (ინგლისი), 5. ებენ ეცებესი (სამხრეთი აფრიკა), 6. მამუკა გორგოძე (საქართველო), 7. დევიდ პოქოკი (ავსტრალია), 8. კირან რიდი (ახალი ზელანდია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"