მოვლენა, ცხადია, ღირსშესანიშნავია. ამდენად, საინტერესოა, რას მოუტანს ქართულ რაგბის ეს კიდევ ერთი აღიარება. გიორგი ნიჟარაძეს რაგბის კავშირში ვეწვიეთ და ამ ფაქტთან ერთად განვლილ სეზონზეც ვესაუბრეთ.
- საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ FIRA AER-ის გენერალურ ასამბლეაზე თქვენ ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად აგირჩიეს. იქნებ დაწვრილებით გვიამბოთ არჩევნების პერიპეტიებზე...
- ასამბლეაზე კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტად ფრანგი ჟან კლოდ ბაკე აირჩიეს.
მერე პრეზიდენტმა თავად დაასახელა აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა ვინაობა. პროცედურა ძალიან მარტივი იყო.
ეროვნულმა ფედერაციებმა თავიანთი კანდიდატურები რამდენიმე დღით ადრე აცნობეს FIRA AER-ს, რომლებიც ერთად იყვნენ შეტანილი საარჩევნო ბიულეტენში. ამ არჩევნების შედეგად რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი აირჩიეს, მათ შორის, მეც.
- რას მოუტანს ეს მოვლენა ქართულ რაგბის?
- FIRA AER-ს რამდენიმე წლის განმავლობაში "შეუმჩნეველი" რჩებოდა ქართული რაგბის წინსვლა და პროგრესი. ყოველივე ამის შემდეგ ჩემი ვიცე-პრეზიდენტად არჩევა არის ქართული რაგბის სერიოზული აღიარება.
ეს, ცხადია, საშუალებას მოგვცემს, მეტი გავაკეთოთ ქართული რაგბისთვის, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპული რაგბის განვითარების პროცესში.
პირადად ჩემთვის ეს ფაქტი არის იმ უზარმაზარი შრომის დაფასება, რასაც წლების განმავლობაში საქართველოში თაობები ეწეოდნენ.
დღესაც უამრავი ადამიანი მუხლჩაუხრელად შრომობს ქართული რაგბის განვითარებისთვის. ეს არის ნაყოფი, რომელიც დაუღალავი შრომით მოიმკეს მწვრთნელებმა, მსაჯებმა და თითოეულმა მოთამაშემ.
FIRA AER-ის პრეზიდენტთან წინასწარი შეთანხმებით, კურირებას გავუწევ რეგიონში რაგბის განვითარებას, რომელშიც შედიან საბერძნეთი, თურქეთი, უკრაინა და ამიერკავკასიის ქვეყნები.
ჩემი დიდი სურვილია, აქტიური მონაწილეობა მივიღო FIRA AER-ისა და ევროპის ექვსი ერის თანამშრომლობაში.
ამასთან ერთად, ლაშა ხურციძეს და გიორგი ჭუმბურიძეს წარვადგენთ FIRA AER-ის წამყვან კომიტეტებში, რომლებიც ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
- რა გეგმები დასახა FIRA AER-ის ახალმა ხელმძღვანელობამ?
- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ასამბლეაზე მოხდა, ის იყო, რომ თანამდებობებზე დაინიშნენ კვალიფიციური კადრები.
აღმასკომი მთლიანად ექვსი ერის ქვეყნების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდა და დაიწყო ძალიან აქტიური თანამშრომლეობა ამ ორ ორგანიზაციას შორის. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ მალე ევროპულ რაგბიში ერთმმართველობა დამყარდება.
დიდი ყურადღება დაეთმო ახალგაზრდული ნაკრებების თემას, განსაკუთრებით კი, 18-წლამდელთა ტურნირს, რომელშიც ევროპის ელიტური ქვეყნების გუნდებიც ასპარეზობენ.
მომავალი წლის მარტში გაიმართება შეხვედრა, სადაც სავარაუდოდ, გადაწყდება, რომ ეს ექსპერიმენტი სხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც განახორციელონ.
დაიგეგმა რაგბის მასობრიობის ევროპული პროგრამის განხორციელება, რომელშიც აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. ამ პროგრამის მიხედვით, სკოლის დამწყები კლასების ბავშვებს წელიწადში ჩაუტარდებათ ათი გაკვეთილი, სადაც ელემენტარულ სარაგბო უნარ-ჩვევებს ასწავლიან.
- ახლახან გაიმართა 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების წილისყრა, სადაც საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა. როგორ შეაფასებდით ამ წილისყრის შედეგებს?
- დავიწყოთ იმით, რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ერთა თასის გათამაშება და მსოფლიოს თასის საგზური მოვიპოვოთ როგორც პირველადგილოსანმა გუნდმა.
ამ შემთხვევაში C ჯგუფში მოვხვდებით, სადაც მეტოქეები ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგას ნაკრებები და აფრიკის კონტინენტის ჩემპიონი იქნებიან.
ვფიქრობ, სხვა ვარიანტებთან შედარებით, ეს ჩვენთვის იდეალური ჯგუფია. მეტ-ნაკლებად სუსტი აქ აფრიკის კონტინენტის გამარჯვებული იქნება, რომელთან მოგებაც თავიდანვე უნდა დაიგეგმოს და დანარჩენ გუნდებთან თამაშს პრაგმატულად მივუდგეთ. ეს ფსიქოლოგიურად ჩვენი გუნდისთვის შესანიშნავი იქნება.
მესამე ნომერი ჯგუფში არის ტონგას ნაკრები, რომელიც პროგრესს განიცდის და ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ტონგელებთან თამაშში გამორიცხული არაფერია. მათი დამარცხება ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.
არგენტინის ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია. ორჯერ უკვე ვეთამაშეთ მსოფლიოს თასის გათამაშებებში. მესამედ გაისად ივნისში სტუმრად დავუპირისპირდებით. ისინიც კარგად გვიცნობენ, თუმცა შეგვიძლია მათ სერიოზული ბრძოლა გავუმართოთ.
ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაში, წესით, არ უნდა გვიხაროდეს, რადგან ამ გუნდთან აუცილებლად წავაგებთ და, გამორიცხული არ არის, დიდი ანგარიშითაც.
თუმცა მაინც სასიხარულოა, რადგან "ოლ ბლექსთან" მსოფლიოს თასზე თამაში დიდი პატივია, რაზეც ძალიან ბევრი ქვეყნის ნაკრები ოცნებობს.
თუ ერთა თასზე მეორე ადგილზე გავედით, მაშინ ვითარება გაცილებით რთული იქნება. ნურავის ჰგონია, რომ იტალიის ნაკრებისა და ამერიკის კონტინენტის ჩემპიონთან (აშშ ან კანადა) დაგეგმილად მოვიგებთ.
ეს ის შემთხვევაა, როცა შესაძლოა მეტოქეებს ვძლიოთ ან პირიქით, ყველა თამაში წავაგოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის C ჯგუფში თამაში უკეთესია.
- ნოემბრის ტესტებზე საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა და ორივეში დამარცხდა. რით შეიძლება აიხსნას "ბორჯღალოსნების" ეს წარუმატებლობა?
- ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ რაგბის საერთაშორისო საბჭოსი, რომ საშუალება მოგვცა, ჩვენზე ძლიერ გუნდებს ვეთამაშოთ.
ამისთვის მრავალი წლის განმავლობაში ვიბრძოდით. როდესაც საქართველოს რაგბის კავშირი განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას ვამუშავებდით, კარგად გვქონდა გააზრებული, რა გზას უნდა დავდგომოდით. ასარჩევი იყო ორი გზა.
პირველი - საქართველოს ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას ერთა თასზე და იქ გამარჯვებებს. ამ შემთხვევაში კმაყოფილნი არიან გულშემატკივრებიც, მთავრობაც და სპონსორებიც.
ვამკვიდრებთ წაუგებელი ნაკრების სტატუსს, თუმცა ამ მიმართულებით სვლით ქართული რაგბის განვითარება გამორიცხულია.
მეორე - ერთა თასის პარალელურად დაგვეწყო ძლიერ გუნდებთან ტესტების სერია, რაც იმთავითვე გულისხმობს იმას, რომ დავიწყებდით წაგებებს. ეს კი აბსოლუტურად ლოგიკურია. ამით მოვიმდურებდით გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილს.
თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ მაღალი დონის გუნდებთან პაექრობაში იქნება შესაძლებელი საქართველოს ნაკრების დონის ამაღლება. ამ გუნდებთან შეხვედრებში კარგად ჩანს არსებული ნაკლოვანებები, რა არის გამოსასწორებელი და რაზე გვაქვს ყველაზე მეტი სამუშაო.
ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე, ავირჩიეთ მეორე გზა და დარწმუნებული ვართ, რომ შედეგს გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოვიმკით.
ფიჯისა და იაპონიის ნაკრებებთან მატჩებს თუ ამ კონტექსტში განვიხილავთ, ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. ვეთამაშეთ ძლიერ გუნდებს, დავინახეთ ჩვენი ნაკლოვანებები, ვისწავლეთ აბსოლუტურად განსხვავებული სტილის გუნდებთან თამაში და, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შეგვეძლო ორივე ნაკრები დაგვემარცხებინა. ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, რა ნაკლოვანებებზე გვაქვს სამუშაო.
- ამას წინათ, ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თქვა, რომ გაისად ნოემბრის ტესტებზე ორი თამაშია დაგეგმილი, აშშ-ისა და კანადის ეროვნულ გუნდებთან. თუმცა უნდა, რომ მესამე თამაშიც მოითხოვოს...
- უნდა ვცადოთ და ვთხოვოთ IRB-ს, მესამე ტესტიც დაგვინიშნოს. რომელი ქვეყნის ნაკრებს გამოგვიგზავნიან, ძნელი სათქმელია. კარგი იქნება, ტონგასთან თუ გვათამაშებენ, ან მსგავსი სტილის მქონე, თუნდაც იმავე ფიჯისთან.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ძალიან გაგვიჭირდება ფრანგული კლუბებიდან მორაგბეების სამი კვირით განთავისუფლება.
- ჰეიგს ნოემბრის ტესტებზე ტანა უმაგა ეხმარებოდა. მოხერხდა თუ არა მასთან მოლაპარაკება, მომავალშიც ითანამშრომლოს საქართველოს ნაკრებთან?
- ტანა უმაგას ჩამოყვანის მიზანი თავდაპირველად რაგბის პრომოუშენი იყო. მერე დავფიქრდით, ხომ არ დაგვეწყო მასთან თანამშრომლობა.
პრობლემა ისაა, რომ ორწლიანი კონტრაქტი აქვს ახალზელანდიურ კლუბთან გაფორმებული. ამიტომ ცოტა გაურკვეველია, როგორ შეძლებს ის ჩვენს ნაკრებთან მუშაობას. საერთოდ, მწვრთნელთა შტაბი კრის გიბსის წასვლის შემდეგ შესავსებია და გადაწყვეტილებას ამის თაობაზე უახლოეს დღეებში მივიღებთ.
- მოდით, განვლილი სეზონი შევაჯამოთ. რა იყო დადებითი და რამ გაგიცრუათ იმედი?
- საბოლოო ჯამში სეზონი, ალბათ, წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ. გვქონდა ერთი ჩავარდნა, რომელიც პირადად ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ეს არის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წარუმატებლობა.
შესაბამისად, ამ გუნდის თავკაცი იან სმიტი თანამდებობიდან გავათავისუფლეთ. მას ორჯერ ჰქონდა შანსი, შედეგი ეჩვენებინა, მაგრამ ვერ მოახერხა.
ამიერიდან საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებს სათავეში ქართველი მწვრთნელები ჩაუდგებიან. დონ კასკი ისევ "სარაგბო აკადემიაში" იმუშავებს და მათ დაეხმარება.
ყველა ნაკრებს მილტონ ჰეიგი გაუწევს კურატორობას. აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელ პერიოდში მნიშვნელოვანი ტურნირების წინ მათ ძლიერ სპარინგპარტნიორებთან მოუწევთ თამაში.
საქართველოს ჩემპიონატში პირველი წრის შედეგებით ვნახეთ, რომ კონკურენცია გაიზარდა. მედლებისთვის რეალურად ექვსი გუნდი იბრძვის.
მართალია, "არმია" და "ლელო" ახლა დანარჩენებს მნიშვნელოვნად უსწრებენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მეორე წრეში "აია" და "ლოკომოტივი" საგრძნობლად მოუმატებენ. მიმდინარე ჩემპიონატის მშვენებაა "არმაზი", რომელმაც ერთ წელიწადში სერიოზული პროგრესი განიცადა.
ყველაზე დიდი ოპტიმიზმის საფუძველს კი ჭაბუკთა A ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალი მაძლევს. ქუთაისისა და რუსთავის გუნდების დაპირისპირებისას სრულიად ახლებური რაგბი ვიხილეთ. მორაგბეები შესანიშნავად თამაშობდნენ ხელდახელ, სწორად აზროვნებდნენ და ყველანი აღფრთოვანებული დავრჩით.
- ახლახან თბილისში IRB-ს დიდმოხელეები სტუმრობდნენ, რომლებთან ერთადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდით. რა კონკრეტულ თემებზე ისაუბრეთ?
- ძალიან კარგი შეხვედრა იყო. პრემიერ-მინისტრს ჩემთან ერთად მარკ იგანი, გრემ მური, რიჩი დიქსონი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე გია რაფავა შეხვდნენ.
წესით, ბიძინა ივანიშვილს ჩვენთვის 20 წუთი უნდა დაეთმო, თუმცა საუბარმა საათი და ორმოცი წუთი გასტანა. ამ დროის განმავლობაში ვისაუბრეთ საქართველოში რაგბის განვითარების პრობლემებზე.
IRB-ის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, უამბეს, რა გააკეთეს და კიდევ რას გეგმავენ ქართული რაგბის განვითარებისთვის.
აღნიშნეს, რომ საქართველოში რაგბის კავშირის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა ყველასთვის სამაგალითო იყო. მათ მიიღეს გარანტია, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო ნაყოფიერი გახდება.
- ხომ არ ყოფილა საუბარი საქართველოს ნაკრებისთვის სტადიონის მშენებლობის თაობაზე...
- დიახ, საქართველოს ნაკრებისთვის სტადიონის მშენებლობის თაობაზე საუბარი ნამდვილად იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
2015 წლის მსოფლიო თასის წილი ნაყარია: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები
მილტონ ჰეიგი: მოთმინებით აღიჭურვეთ და გვენდეთ