დევიდ ობრაიანი: სწორი მიდგომით არბიტრების მდგომარეობის შეცვლა შესაძლებელია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი ლაშა ხურციძე ერთი თვის წინათ დუბლინში IRB-ის შტაბბინას სტუმრობდნენ.

ამასთან ერთად ჩვენი რაგბის ხელმძღვანელები ირლანდიის რაგბის კავშირსაც ეწვივნენ და ქართული რაგბის ერთ-ერთ საჭირბოროტო პრობლემაზე, მსაჯობის თემაზე ისაუბრეს.

გადაწყდა, შეიქმნას სპეციალური პროგრამა, რომლის განხორციელებაშიც დახმარებას სწორედ ირლანდიის რაგბის კავშირი გაგვიწევს.

ამ პროგრამის შექმნისა და მისი განხორციელებისთვის საფუძვლის შესამზადებლად თბილისში ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ობრაიანი გვეწვია, რომელსაც მიმდინარე და მომავლის გეგმებზე ვესაუბრეთ.

- ამჟამად მიმდინარეობს მსაჯთა განვითარების პროგრამის
შემუშავება. ეს ოთხ-ხუთ დღეში არ მოხერხდება. ამას ცოტა ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება. გვინდა, ამ ახალი პროგრამით ორი-სამი სეზონის განმავლობაში ვიმუშაოთ და ნახავთ, რომ ოთხ-ხუთ წელიწადში ქართველი მსაჯები სულ სხვა დონეზე იქნებიან.

ამჟამად სემინარებს ვატარებთ, ვხედავ, რომ არის დეტალები რომლებიც განვითარებულია, მაგრამ ამასთან ერთად, არსებობს რიგი გარემოებები, რაც მეტ მუშაობას, დახვეწას მოითხოვს.

- თქვენ გარკვეული წარმოდგენა ქართველი მსაჯების კვალიფიკაციაზე უკვე გექნებათ. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, რათა ვითარება გამოსწორდეს?
- რა თქმა უნდა, ინფორმაცია ქართველი მსაჯების შესახებ მაქვს. ვხედავ ძალიან ბევრ დადებითს, მაგრამ მთავარია, თუ რას ფიქრობენ მსაჯების მუშაობაზე მორაგბეები, კლუბების ხელმძღვანელები და რას ფიქრობენ თუნდაც თავად მსაჯები ერთმანეთზე.

როგორც ჩანს, საქართველოში ისეთი დამოკიდებულებაა, რომ მსაჯობა არავის უნდა. ეს ის ცუდი სიმპტომია, რომელიც აქამდე ვითარდებოდა.

ასეთი დამოკიდებულება, ცხადია, ერთ ღამეში არ შეიცვლება. მაგრამ სწორი და ახლებური მიდგომით, მდგომარეობის შეცვლა სავსებით შესაძლებელია.

კლუბებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში თვითონაც უნდა შეიტანონ წვლილი.

თვითონ კლუბებმა უნდა შეცვალონ მსაჯების მიმართ დამოკიდებულება, ის კი არა და თვითონ უნდა მოგვაწოდონ კადრები აღსაზრდელად. მათ უნდა გაითავისონ, რომ მაღალი დონის მსაჯობა და რაგბის განვითარება ქვეყანაში მჭიდროდ არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული. კარგი მსაჯობის პირობებში, ბევრად მეტი კარგი მორაგბე გაიზრდება.

შეიძლება თქვან, რომ კარგი მსაჯობა ორი ან სამი პროცენტით ზრდის უკეთეს მოთამაშეებს, მაგრამ თუ გავიხსენებთ 2007 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების თამაშს, თქვენს გუნდს მოსაგებად სწორედ ეს ორი-სამი პროცენტი დააკლდა. ასე რომ, ყველა ნიუანსს რაგბიში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ცნობილია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეების პროგრესისთვის საჭიროა რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო მატჩებში მიიღონ მონაწილეობა. იგივე ხომ შეიძლება ითქვას მსაჯებზეც. ახლახან ქართველ მსაჯთა ბრიგადამ ერთა თასის გათამაშების მატჩი განსაჯა საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის. ვფიქრობთ, ამ მსაჯებს თუნდაც ექვსი ერის თამაშების გაძღოლაც შეუძლიათ...
- დიახ, გეთანხმებით მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი მოვალეობას. გიორგი ამირხანაშვილი მართლაც მაღალი დონის მსაჯია. მან რამდენიმე დღის წინათ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შეხვედრაც განსაჯა ლონდონის "ვოსფსის" გუნდთან და იქაც ბრწყინვალედ გაისარჯა.

მას მსაჯობის თავისებური ხედვა აქვს, რადგან პარალელურად მწვრთნელიც არის და ეს ხელს უდავოდ უწყობს.

ცხადია, კარგი იქნებოდა წვრთნის მიზნით მათი საერთაშორისო თამაშებით დატვირთვა, მაგრამ ისე გამოვა, რომ მხოლოდ ორი-სამი მსაჯისთვის ვზრუნავთ. არადა ჩვენი მიზანია, შევქმნათ სისტემა, რომელიც ბევრ კარგ მსაჯს გაზრდის.

ამჟამად სწორედ იმის გარკვევას ვცდილობთ, რომელი სისტემა იქნება უკეთესი. ის აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომელიც ქართულ რეალობას კარგად მოერგება.

- საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ახსენეთ და არ შემიძლია არ გკითხოთ. როგორი შთაბეჭდილება დატოვეს თქვენზე ჩვენმა ახალგაზრდა მორაგბეებმა?
- საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათი კარგი თამაშით გაოცებული ვიყავი. ვიცი, რომ ქართული რაგბი პროგრესირებს და ჩემთვის მათი გარჯა მოულოდნელი არ იყო.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რა კარგად ცვლიდნენ ჭაბუკი ქართველი მორაგბეები თამაშის სტილს. როცა სჭირდებოდათ მორკინალებით უტევდნენ, როცა უკანა ხაზის ამოქმედება იყო საჭირო, ამას უმალვე ახერხებდნენ.

ყველაზე თვალში საცემი კი ქართველი მორაგბეების თავდაჯერებულობა იყო. მომეწონა უკანა ხაზის ხელდახელ ბურთაობა და 14-იარდიანი არეკნი.

მინდა, მატჩის არბიტრის კარგი ქმედებებიც გამოვყო. ის მოედანზე ფაქტობრივად არ ჩანდა. მსაჯის გადაწყვეტილებებს თამაში არ გაუფუჭებია. პირიქით, მსაჯმა ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ბურთაობა ლამაზი და ლაზათიანი გამოსულიყო.

- ევროპის ერთა თასის გათამაშებაში 9 მარტს თბილისში ესპანეთის ნაკრებს ვმასპინძლობთ, რომელსაც ირლანდიელი მსაჯების ბრიგადა განსჯის სტიუარტ გაფკინის ხელმძღვანელობით...
- ცხადია, გაფკინს კარგად ვიცნობ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მისი კვალიფიკაციის შესახებ საუბარზე თავს შევიკავებ. თავად სტიუარტს კი ვეტყვი, რომ თამაშის წინ გემრიელ ქართულ კერძებს ნუ მიირთმევს, თორემ მინდორზე ძალიან გაუჭირდება.

- უკვე თქვით, რომ თბილისში, "შევარდენის სანაკრებო ბზაზე", რომელიც იმავდროულად სარაგბო აკადემიაცაა, სემინარებს ატარებთ. გვიამბეთ ამის თაობაზე დეტალურად.
- ორშაბათს სემინარი მსაჯთა მწვრთნელებს ჩავუტარე. ამ ადამიანებმა სამომავლოდ ქართველი მსაჯები უნდა აღზარდონ. უახლოეს სემინარს კი მსაჯებს ჩავუტარებ. საუბარი გვექნება სამ ძირითად ელემენტზე.

ესენია მსაჯობა რაკის დროს, შერკინების დროს და თამაშის კონტროლი და კომუნიკაცია. თუ ამ კომპონენტებს მსაჯი კარგად აითვისებს, მერე სხვა დანარჩენის სწავლა პრობლრმური აღარ არის.

აი, ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ და ძალიან მიხარია, რომ მსაჯობის მსურველთა შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული