შვიდკაცა რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთის დედაქალაქში 28-30 ივნისს გაიმართება.
ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა გუნდები.
"წინა ჩემპიონატების გამოცდილებიდან ვიცი, რომ ძალიან საინტერესო შეჯიბრება გველის, რომელიც უხვად იქნება გაჯერებული სპორტული დაპირისპირებებით, ვნებათაღელვით. დარწმუნებულნი ვართ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეგობრული ატმოსფერო იქნება გამეფებული.
ეს აუცილებელია, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი ტურნირი გველის - 2016 წლის ოლიმპიური თამაშები რიო დე ჟანეიროში" -
მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შედეგების შესახებ კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მთავარ მწვრთნელს კახა ალანიას:
- ვფიქრობ, ნორმალური ჯგუფია. შეიძლებოდა, უფრო რთული მეტოქეებიც შეგვხვედროდა, ან უფრო სუსტიც.
თუმცა ეს მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც იოლად გასავლელი ნაკრებები არ არიან.
ჩვენი ჯგუფის ფავორიტი, ცხადია, ახალი ზელანდიის ნაკრებია. ეს გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა და ამ ტურნირის მოგების უმთავრესი პრეტენდენტი გახლავთ.
ახალზელანდიელებთან მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში დიდი პატივია და მათთან ბოლომდე უდიდესი შემართებით ვიბრძოლებთ.
აშშ-სა და კანადას შვიდკაცა რაგბიში ძალიან კარგი ნაკრებები ჰყავთ. რაც მსოფლიოს სერიის თამაშებს ვუყურებ, ვხედავ, რომ კანადა ოდნავ უკეთესი გუნდია.
ამერიკის ნაკრებთან თამაში გვიჭირს. მათ დიდი ხანია, ერთი გუნდი ჰყავთ, რომლითაც ყველგან ასპარეზობენ.
ახლახან რამდენიმე მორაგბითაც გაძლიერდნენ. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ორივე გუნდთან შეგვიძლია მოგება.
გააჩნია, ჩვენ რა შემადგენლობას წავიყვანთ მოსკოვში, გვეყოლებიან თუ არა ეროვნული ნაკრების მოთამაშეები.
- აქვს თუ არა ჩვენს ნაკრებს ამ გუნდებთან თამაშის გამოცდილება?
- აშშ-ის ნაკრებს შარშან ვეთამაშეთ და მოგვიგეს. კანადას კი დიდი ხანია, არ შევხვედრივართ. მახსოვს, ბოლოს 2002 წელს ამ ნაკრებს კარდიფში დავუპირისპირდით. მაშინ მეც ვთამაშობდი.
ათი ქულით ვუგებდით და ბოლო წუთებზე კურიოზულად წავაგეთ. იმ პერიოდში შვიდკაცა რაგბის ნაკრებში ეროვნული გუნდის მორაგბეები თამაშობდნენ.
- ამჯერად ეროვნული გუნდის მორაგბეებს ვერ დაიმატებთ?
- ჩვენ გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებიც დიდი ხანია, შვიდკაცა რაგბის ტურნირებზე ასპარეზობენ, მაგრამ თუ მათ ეროვნული ნაკრების მორაგბეებიც დაემატებიან, მაშინ შეიძლება სერიოზულად ვიფიქროთ წარმატებაზე.
მოსკოვში, სავარაუდოდ, ეროვნული ნაკრების ის მორაგბეები დაგვემატებიან, რომლებსაც აქამდეც არაერთხელ უთამაშიათ შვიდკაცა რაგბის ნაკრებში.
- მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თუ გეგმავთ მოსამზადებლად რომელიმე ტურნირში ასპარეზობას?
- 6 მარტს ზიმბაბვეში მივემგზავრებით საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ. იქ ზე რაგბის გუნდები და აფრიკის ქვეყნების შვიდკაცა რაგბის ნაკრებები ითამაშებენ.
მარტის ბოლოს ჰონკონგის შვიდკაცაზე მივემგზავრებით, სადაც შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიის შესარჩევ ტურნირზე ვიასპარეზებთ. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იაპონიის, ბრაზილიისა და იამაიკის ნაკრებები იქნებიან.
იქ თუ ხუთეულში გასვლა მოვახერხეთ, მერე ლონდონში იმავე რანგის ტურნირზე ვითამაშებთ.
აქ კი მიზანი სამეულში მოხვედრა იქნება, რათა მერე მსოფლიოს სერიის ყველა ეტაპზე თამაშის უფლება დავიბევოთ. ეს კი ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირისთვის მოსამზადებლად დიდად წაგვადგება.
მსოფლიოს ჩემპიონატი
კაცები
A ჯგუფი: ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ტუნისი.
B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, რუსეთი, იაპონია
C ჯგუფი: სამოა, კენია, ზიმბაბვე, ფილიპინები
D ჯგუფი: ახალი ზელანდია, აშშ, კანადა, საქართველო
E ჯგუფი: ფიჯი, უელსი, ტონგა, ურუგვაი
F ჯგუფი: ინგლისი, არგენტინა, პორტუგალია, ჰონკონგი
ქალები
A ჯგუფი: კანადა, ახალი ზელანდია, ჰოლანდია, ტუნისი
B ჯგუფი: ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, ირლანდია
C ჯგუფი: აშშ, ესპანეთი, ბრაზილია, ფიჯი
D ჯგუფი: ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი, იაპონია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"