შვიდკაცა რაგბი: მსოფლიოს ჩემპიონატზე ოპტიმალური შემადგენლობით

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებს წლეულს უმნიშვნელოვანეს ტურნირზე ასპარეზობა მოუწევს - ივნისის ბოლოს მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

მანამდე კი წინ არანაკლებ მნიშვნელოვანი ტურნირებია. ჩვენს გუნდს შანსი აქვს, ლონდონის შვიდკაცაზე მსოფლიოს სერიის შესარჩევი ტურნირი წარმატებით დასძლიოს და მომავალი სეზონიდან მსოფლიოს სერიის ყველა ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვოს.

საამისოდ საქართველოს ნაკრებმა ჯერ ჰონგ-კონგის შვიდკაცა რაგბის ტურნირზე იასპარეზა და ამოცანა შეასრულა - პირველ ოთხეულში შევიდა.

განვლილ ტურნირსა და მომავლის გეგმებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის მწვრთნელს, კახა ალანიას ვესაუბრეთ.

- ჰონგ-კონგის შვიდკაცა ტურნირი ერთა თასის გათამაშების შემდეგ
დაიწყო, რამაც საშუალება მოგვცა, გუნდში ეროვნული ნაკრების მოთამაშეები მოგვეწვია.

ირაკლი მაჩხანელი და თედო ზიბზიბაძე გამოცდილი მორაგბეები არიან, ლაშა ხმალაძე შვიდკაცა რაგბიში ბრწყინვალეა, ვიქტორ კოლელიშვილს დიდი ხანია, შვიდკაცა არ უთამაშია; გუნდში გვყავდა საქართველოს 20 და 18-წლამდელ ნაკრებთა მოთამაშეებიც. ერთი სიტყვით, ტურნირზე თითქმის ახალი, მაგრამ გამოცდილი გუნდით ჩავედით.

- ხომ არ იჩინა ამის გამო თავი შეუთამაშებლობის პრობლემამ?
- თავიდან გაგვიმართლა - იამაიკის ნაკრებს შევხვდით. ეს გუნდი, სხვებთან შედარებით, სუსტია და თამაშის დალაგება ვცადეთ.

მატჩამდე ვარჯიშებზე ვცდილობდით, შეტევისას მთელი მოედანი გამოგვეყენებინა და მასში მონაწილეობა მთელ გუნდს მიეღო. იგივე ვცადეთ უშუალოდ თამაშისას. თუმცა გამოჩნდა დაცვაში პრობლემები, რაც მომავალ შეხვედრებში უნდა გაგვეთვალისწინებინა.

- მომდევნო მეტოქე ბრაზილიის ნაკრები იყო, რომელიც შვიდკაცა რაგბიში ახალი გუნდია და განსაკუთრებული წარმატებები არ აქვს, მაგრამ ამ გუნდის დამარცხება ვერ შეძელით...
- ბრაზილიის ნაკრების თამაშის შესახებ არაფერი ვიცოდით. გვქონდა რამდენიმე მატჩის ვიდეოფირი, მაგრამ ჰონგ-კონგში სულ სხვა შემადგენლობა ჰყავდათ ჩამოყვანილი.

ეტყობათ, რომ ოლიმპიადის მასპინძლები არიან და ამიტომაც სპორტის ამ სახეობას დიდ ყურადღებას უთმობდნენ.

სამხრეთამერიკელებთან მატჩი კურიოზულად დასრულდა. შეხვედრაში მალე დავწინაურდით. დასაწყისშივე ორი ლელო გავუტანეთ, თუმცა მერე რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით.

ბრაზილიელებმა ამით შესანიშნავად ისარგებლეს და ანგარიშის გაქვითვა მოახერხეს. თამაშის დასრულებამდე 10 წამი რჩებოდა და 19:14-ს ვიგებდით. ბრაზილიელები დაჯარიმდნენ.

ხმალაძემ ბურთი აუტში გადაიტანა და მალე თამაშის დასრულების აღმნიშვნელი სიგნალიც გაისმა.

მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში, დერეფანში ბურთი, უბრალოდ, უნდა მოგვეგო და მატჩიც დასრულდებოდა. სამწუხაროდ, აუტის მოწოდებისას დავჯარიმდით. ბრაზილიელებმა ორწუთიანი შეტევა განახორციელეს და ლელო კიდესთან ახლოს გაგვიტანეს. ასე დავასრულეთ თითქმის მოგებული მატჩი ფრედ - 19:19.

- ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩი იაპონიის ნაკრებთან, წესით, გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო...
- არა, უკვე ვიცოდით, რომ მეოთხედფინალში, როგორც საუკეთესო მესამეადგილოსანი, ისე გავდიოდით. თანაც, ბრაზილიის ნაკრებთან ფრედ დასრულებულმა მატჩმა ცოტა აგვრია. თუმცა იაპონელებთან მატჩის დასაწყისი ცუდი არ იყო. თამაში ის იყო, დაიწყო, რომ ათ წამში ლელო გავიტანეთ.

მერე არბიტრმა ისევ გაგვიძევა ერთი მოთამაშე და კვლავ უმცირესობაში მოგვიწია თამაში. დროის ამ მონაკვეთში იაპონელებმა ორი ლელო გაგვიტანეს და მოგვიგეს კიდეც.

- მეოთხედფინალში მეტოქედ ისევ იაპონია გვერგო. ამჯერად ისე ჩანდა, რომ მეტოქეს მოგების შანსიც არ ჰქონდა...
- ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ გუნდი სასტუმროში შეიკრიბა. დავსხედით, დავილაპარაკეთ. ბიჭები საკუთარ თავზე იყვნენ გაბრაზებულნი. ამან კარგი შედეგი მოგვცა. მაქსიმალურად მობილიზება შევძელით და მეოთხედფინალში იაპონიის ნაკრებთან თითქმის უშეცდომოდ ვითამაშეთ.

ვერ ვიტყვი, რომ მეტოქეს ვჯაბნიდით. ორჯერ კონტრშეტევაზე დავიჭირეთ, ხოლო მესამე ლელო ძალიან კარგი გამოვიდა. იერიში საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან დავიწყეთ და ბოლომდე ხელდახელ ბურთაობით მივიყვანეთ. ამ გამარჯვებით ნახევარფინალში გავედით, ანუ ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით, რითაც მსოფლიოს სერიის შესარჩევი ტურნირის დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება მივიღეთ.

- ნახევარფინალში ტონგას ნაკრებთან მატჩიც გავიხსენოთ...
- მიუხედავად იმისა, რომ ტონგასთან დავმარცხდით, კუნძულელებმა ვერაფრით გვაჯობეს. სამწუხაროდ, მატჩის დასაწყისში ლელოს გატანის ორი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი ბოლო წამებზე წავაგეთ - 0:5. არადა, თამაშისთვის მაქსიმალურად მობილიზებულნი ვიყავით, ძალიან გვინდოდა ფინალში გასვლა. არ გაგვიმართლა.

- ცნობილია, რომ მომდევნო და გადამწყვეტი ეტაპი ლონდონში გაიმართება. ვის შევხვდებით და როგორი სისტემით გამოვლინდება საუკეთესო სამეული?
- ლონდონში რვა გუნდი ითამაშებს, რომლებიც ორ ჯგუფში განაწილდებიან. პირველ-მეორე ადგილებზე გასულები ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ტურნირის სამი საუკეთესო გუნდი ითამაშებს მომავალი სეზონიდან შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიაში. მეტოქეები კი, სავარაუდოდ, რუსეთის, ტონგას, ზიმბაბვეს, პორტუგალიის, ესპანეთის, აშშ-ისა და შოტლანდიის ნაკრებები იქნებიან.

საკმაოდ დაძაბული ტურნირი გველის. ყველა ძალიან კარგი გუნდია და წარმატების მიღწევა ნებისმიერს შეუძლია.

- როგორ გეგმავთ ამ ტურნირისთვის მზადებას და რა პრობლემების გადაჭრა მოუწევს საქართველოს ნაკრებს ამ ეტაპზე?
- ვცდილობთ, მაქსიმალურად მობილიზებულნი შევხვდეთ ტურნირის სტარტს. ისევე, როგორც ჰონგ-კონგში, ახლაც გუნდს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები დაემატებიან. ტრავმები მოიშუშეს და ნაკრებს დაუბრუნდებიან მერაბ შარიქაძე და ირაკლი გეგენავა.

ძალიან კარგი შანსი გვაქვს, შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიის მონაწილენი გავხდეთ, თანაც ყოველივე ეს განიხილება, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპი.

- ჰონგ-კონგში უშუალოდ საქმეში ნახეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეების, კანადისა და აშშ-ის ნაკრებების თამაში. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ გუნდებზე?
- ძალიან ძლიერი გუნდები არიან. ისინი რეგულარულად ასპარეზობენ მსოფლიოს სერიის ეტაპებზე. ამ ორ გუნდს შორის უფრო სტაბილური კანადის ნაკრებია, თუმცა ახლახან, გასულ უქმეებზე, ტოკიოს შვიდკაცაზე აშშ-ის ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

ივნისი ქართული რაგბისთვის საკმაოდ დატვირთული თვეა. ჩვენმა ნაკრებმა ლიონში უნდა იასპარეზოს.

მერე თბილისის პირველი საერთაშორისო ტურნირი იწყება, რომლის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრები არგენტინაში მიემგზავრება. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ივნისის ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ოპტიმალური შემადგენლობის წაყვანა შევძლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული