ორი კლუბი ევროთასებზე - ინტერვიუ რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძესთან

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირს სათავეში გოჩა სვანიძე წლეულს, იანვარში ჩაუდგა. მას შემდეგ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ერთი ამოსუნთქვით მოიგო ზედიზედ მეხუთედ ერთა თასი, დაუმარცხებლად დაბრუნდა ივნისის ტესტებზე ოკეანეთიდან. წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ახალგაზრდული და 18-წლამდელთა ნაკრებების თამაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.

ყოველივე ამის უკან კი მწვრთნელების, მენეჯერების, რაგბის კავშირის ფუქციონერების თავდაუზოგავი შრომა დგას.

ცხადია, ქართული რაგბის ქომაგებისთვის საინტერესოა უშუალოდ რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება.

- მიმდინარე წლის ნახევარი უკვე მიილია. როდესაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდით, რა იყო პირველი რიგის პრობლემა,
რომელიც უმალ უნდა გადაგეჭრათ და მოახერხეთ თუ არა ეს?

- პრობლემების სპექტრს რამდენიმე ჯგუფად დავყოფდი. ესენია: ორგანიზაციული, სპორტული, ანუ სანაკრებო, განვითარება და მედია. ორგანიზაციული თვალსაზრისით,  რაგბის კავშირის მუშაობაში 1-ლი სექტემბრიდან ახალი ერა დაიწყება. "სინერჯი ჯგუფის" დახმარებით შევიმუშავეთ რაგბის კავშირის სტრუქტურა, რომელიც უწინდელისგან დიდად არ განსხვავდება, რადგან ამ მხრივ თითქმის ყველაფერი წესრიგში იყო. უბრალოდ, ცლილებები შეეხება საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეებს.

სპონსორებთან ურთიერთობა დალაგებულია. ძველი მეგობრები ისევ ჩვენ გვერდით არიან. იქნება ახალიც. მალე გვექნება პრეზენტაცია ერთ-ერთ კომპანიასთან დამყარებული ჩვენი ურთიერთობისა. ამ კომპანიის სახელს, ცხადია, პრეზენტაციაზე შეიტყობთ.

რაგბის კავშირში დღემდე მიმდინარეობს აუდიტორული შემოწმება. ის საკმაოდ გაჭიანურდა, რადგან ბევრი სამუშაო დაგროვდა.

- მეორე სპორტული, ანუ სანაკრებო თემაა. ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებები ხომ არ იგეგმება?
- ეროვნულ ნაკრებში ჯერჯერობით ისევ ორი მწვრთნელია. დროებით დავამატეთ მესამე, უკანა ხაზის მწვრთნელი ივნისის ტესტებისას. მისი მუშაობა გუნდის სხვა მწვრთნელებს და მოთამაშეებს მოეწონათ. ვაკანსია ორი მწვრთნელის თანამდებობაზე გამოცხადებული გვაქვს. ვნახოთ, ვეცდებით ნოემბრის ტესტებამდე შევავსოთ მწვრთნელთა შტაბი.

- მოდით, ივნისის ტესტებზეც ვთქვათ. "ბორჯღალოსნების" ასეთ წარმატებულ ასპარეზობას ცოტა ვინმე თუ ივარაუდებდა...
- თამაშამდე ადამიანი მხოლოდ სტატისტიკაზე ფიქრობს და ამიტომ ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ კუნძულებზე ასეთ კარგ შედეგს ვაჩვენებდით. თუმცა, როგორც კი თამაში იწყებოდა, უმალვე ვგრძნობდით, რომ არ დავმარცხდებოდით. გუნდს ეტყობოდა, როგორი განწყობით იყო გასული სათამაშოდ, როგორ აკეთებდნენ მორაგბეები ბოჭვებს, რა თავდადებით თამაშობდნენ დაცვაში.

კმაყოფილი ვარ, რომ მილტონ ჰეიგის განწყობა, კუნძულებიდან გამარჯვებულნი დავბრუნებულიყავით, მორაგბეებსაც გადაედოთ. ნაკრების გამოცდილი მოთამაშეები დაღვინდნენ, უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ, ახალგაზრდებმაც აუბეს მხარი. ამასთან ერთად, ჰეიგის ასისტენტი, ლევან მაისაშვილი საკმაოდ ამბიციური სპეციალისტია, არ უყვარს წაგება და მუდამ მაღალი მიზნების მისაღწევად იბრძვის. ვფიქრობ, მწვრთნელთა კარგი შემადგენლობა გვყავს.

წინ რომ წავიდეთ, ეროვნულ ნაკრებს უნდა დავაწიოთ ახალგაზრდა მორაგბეები, ბავშვებთან უნდა წარვმართოთ სწორი მუშაობა, რათა სათანადო ცვლა მივიღოთ.

- ახალგაზრდა მორაგბეები ახსენეთ. ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად თამაშობდა, მე-10 ადგილი დაიკავა...
- ახალგაზრდული ნაკრების თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. ამ გუნდს რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა, უკეთესი შედეგის ჩვენებაც შესაძლებელი იქნებოდა. როგორც მწვრთნელებმა, ისე მოთამაშეებმაც, ძირითადად მოლოდინი გაამართლეს. მომავალ წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში გაიმართება, გუნდს ისევ ილია მაისურაძე გაიყვანს. დაახლოებით იგივე იქნება მწვრთნელთა შტაბიც.

- მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატის გასამართად სათანადო ინფრასტრუქტურაა საჭირო. ცნობილია, რომ დაიგეგმა რამდენიმე სავარჯიშო ბაზის მოწყობა. რა მდგომარეობა ამ მიმართულებით სადღეისოდ?
- თბილისში არსებულ ბაზებს უნდა დაემატოს შვიდი სავარჯიშო მოედანი. ქუთაისში კი - სამი. ეს გადაწყვეტილია, მაგრამ სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გვაიმედებს, რომ სანერვიულო არაფერია და ბაზები განსაზღვრული ვადებისთვის მზად იქნება.

მალე მწყობრში შევა მარტყოფის სარაგბო ბაზა, რომლის მშენებლობასაც საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ასრულებს. ის ერთ-ერთია იმ ბაზებისგან, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებენ.

- წლეულს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა...
- საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა გაიმეორა შარშანდელი შედეგი. ის წლეულსაც ვიცე-ჩემპიონი გახდა. ისევ წავაგეთ საფრანგეთთან ფინალში. სამწუხაროდ, სათანადო სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი ამ ასაკში დიდია. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება დაბალი ასაკიდან დავიწყოთ მორაგბეების საერთაშორისო ტურნირებში ჩაბმა.

დიდი ხანი არაა, რაც თბილისში რუმინეთის ერთ-ერთი აკადემიის გუნდი მოვიწვიეთ. აქ აღმოსავლეთ საქართველოს აკადემიის გუნდს ეთამაშნენ, ასპინძაში კი დასავლეთ საქართველოს ნაკრებს. ეს შეხვედრა რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტთან შეთანხმებით მოვაწყვეთ. ის დაგვპირდა, რომ ანალოგიურ ტურნირს რუმინეთში მოაწყობს და დაგვპატიჟებს. ასეთი შეხვედრები, ვფიქრობ, ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.

ამასთან ერთად, ჩვენ თვითონ ვცდილობთ მსგავსი ტურნირები თბილისში მოვაწყოთ. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ სარაგბო აკადემიასთან.

- რა პრინციპით მუშაობს სარაგბო აკადემია, რა არის მისი საქმიანობის უმთავრესი მიზანი?
- რაგბის აკადემიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ის ზაზა ლეჟავაა. ამ აკადემიაში შეირჩევა პერსპექტიული მწვრთნელები, მორაგბეების სელექციის კრიტერიუმები განისაზღვრება. ეს იქნება ყველაზე დიდი სკოლა, სადაც მოხდება მოთამაშეების პროფესიონალებად აღზრდა. ჩვენი მიზანია, მთელი საქართველო მოვიცვათ და ყველა პერსპექტიულმა მორაგბემ გაიზიაროს აკადემიის მწვრთნელთა გამოცდილება.

დიდი დრო დაეთმობა მორაგბეების შერჩევას. მათთან ითამაშებენ უნარების მწვრთნელები სხვადასხვა სათამაშო კომპონენტში. ესენია: ბოჭვა, შერკინებაში დგომი, ფეხით თამაში, პასი, დერეფანი და სხვა. 18 წლის ასაკს მიღწეული მორაგბე უკვე სრულყოფილად უნდა ფლობდეს სარაგბო არსენალს და მზად უნდა იყოს, რათა მწვრთნელის ნებისმიერი დავალება შეასრულოს.

არსებობს საკმაოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ უკანახაზელები ახალ ზელანდიაში მოვამზადოთ. ვფიქრობ, უმაღლესი დონის მოთამაშეს ჩვენ არავინ მოგვიმზადებს. ის ისევ ჩვენ უნდა გავზარდოთ.

- რა ცვლილებებია მოსალოდნელი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში?
- საქართველოს ჩემპიონატის გამართვის სისტემა არ შეიცვლება. წლეულს სახელმწიფო პროგრამის ბოლო წელიწადია და მალე ახალი, ორი ალტერნატიული პროგრამა უნდა წარვადგინოთ. სავარაუდოდ, შეიცვლება კლუბების დახმარების პრინციპები. გვინდა, რომ გაწეულმა ხარჯებმა უკუგება მოგვცეს. საქართველოს ჩემპიონატი უნდა გახდეს ისეთი სანახაობა, რომ მისი გაყიდვა იყოს შესაძლებელი. საამისოდ ყველა წინაპირობა არსებობს, თუ, ცხადია, სახელმწიფო ისევ გვერდში დაგვიდგება.

რადაც უნდა დაგვიჯდეს, გაისად ორი კლუბი უნდა გავუშვათ ევროთასებზე. ამ გეგმის შესრულების გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. გუნდებს დამატებითი მოტივაცია სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება სტაგნაცია ან სულაც რეგრესი.

საფრანგეთში ტაციაობაა ქართველ მორკინალებზე, განსაკუთრებთ კი, პირველხაზელებზე. უკანა ხაზიც ხომ გვჭირდება, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ შვიდკაცა რაგბის, როგორც უკანახაზელთა მომზადების შესანიშნავ საშუალებას. ეს საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებასაც წაადგება. ტენდეცია ამისკენ დიდი ხანია, ჩემამდე დაიწყო. ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ათამდე მორაგბეა, რაც ცოტა არ არის.

- საქართველოს ნაკრების ნოემბრის ტესტებზე მეტოქეები ცნობილია: იაპონია, სამოა, შოტლანდია. ცოტა გაურკვევლობაა მომავალ წელს ივნისის ტესტებზე. მილტონ ჰეიგი ამბობს, რომ არგენტინას აუცილებლად ვეთამაშებით. კანადასა და აშშ-სთან ასპარეზობას კი, ბრაზილიასა და ურუგვაისთან ძალების მოსინჯვა ურჩევნია...
- ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. კანადა და აშშ უფრო კარგი გუნდებია, ვიდრე ბრაზილია და ურუგვაი, მაგრამ ვის ეთამაშოს საქართველოს ნაკრები, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. გუნდის მზადებასა და, შესაბამისად, შედეგზე პასუხისმგებელი ის არის. ამიტომ ამ საკითხში პრიორიტეტული მისი მოსაზრება იქნება.

- საარჩევნო პერიოდში თქვენი ერთ-ერთი დაპირება სარაგბო არხის გახსნა იყო...
- დიახ, ამ მიმართულებით მუშაობა მიდის. ეს არ არის ისეთი მარტივი საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამჟამადაც მიდის მოლაპარაკება, რათა შევიძინოთ ზე რაგბისა და ოთხი ერის გათამაშების მატჩების ტრანსლაციის უფლება.

ვნახოთ, ახლა ძნელია იმის თქმა, როდის გვექნება სარაგბო არხი, თუმცა ის ნამდვილად გვექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა მაინტერესებს იცით? რამდენიმე წლის წინ კავკასიელები რომ ასპარეზობდნენ ჩელენჯზე რატომ გაჩერდა ეგ ამბავი?
თემო
12:06 24-07-2016
0
მიდით მიაწექით თქვენ გენაცვალეთ.
kaxa
22:53 22-07-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული