პირველი წითელი ბარათი

AutoSharing Option
სარაგბო დაპირისპირებაში წითელი ბარათი პირველად მატჩის არბიტრმა შორეულ 1925 წელს გამოიყენა. ლონდონში, "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრები ევროპულ ტურნეში მყოფ ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს მასპინძლობდა.
"ოლ ბლექსისთვის" ეს შეხვედრა ტურნეში ბოლო იყო, მანამდე ახალზელანდიელებს ყველა მეტოქე დამარცხებული ჰყვდა. ინგლისელები კი იმ წელიწადს ხუთი ერის გამარჯვებულები იყვნენ და საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდნენ. ყოველივე აქედან გამომდინარე მატჩის მნიშვნელობა ერთი-ათად იზრდებოდა. პირთამდე გადაჭედილი სტადიონის ტრიბუნების გამაყრუებელი ღრიალი მორაგბეებისთვის ვითარებას კიდევ უფრო ნერვიულს ხდიდა.

თამაშის დაწყებისთანავე მორაგბეებმა რამდენჯერმე იკინკლავეს, ბოლოს კი ყოველივე ჩხუბში გადაიზარდა. მატჩის უელსელმა არბიტრმა
ალბერტ ფრიტიმ ახალზელანდიელ მორკინალს სირილ ბროუნლის წითელი ბარათი უჩვენა. ეს იყო, პირველი შემთვევა მსოფლიო რაგბის ისტორიაში, როდესაც მსაჯმა სასჯელის ასეთ ზომას მიმართა.

ცხადია, ფრიტის ამ ქმედებას ასე იოლად არ ჩაუვლია. "ოლ ბელქსის" ხელმძღვანელები აღშფოთებულნი იყვნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სირილ ბროუნლისთან ერთად არბიტრს ინგლისელი რეჯი ედვარდსიც უნდა გაეძევებინა, რომელმაც ინციდენტის პროვოცირება გამოიწვია.

იმჟამინდელი ბრიტანელი რაგბის მიმომხილველი ტერი მაკლინი ასე იხსენებდა ამ ფაქტს.

"სირილ ბროუნლიმ ბურთი საკუთარ 22-მეტრიან ზონაში დაიჭირა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ვითარების განმუხტვის მიზნით ბურთი ფეხით აუტში გადაიტანა. რეჯი ედვარდსი მთელის სიჩქარით გამოექანა და უბურთი მეტოქე ძირს დაანარცხა. ამას კი დიდი გაწევ-გამოწევა მოჰყვა. შედეგად კი, მარტი ბროუნლი დაისაჯა".

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ალბერტ ფრიტის, რომელიც იმ დროის უდაოდ საუკეთესო არბიტრი იყო, თხოვა სასტვენი, რომლითაც შეხვედრა იმსაჯა, საჩუქრად გადაეცა. ეს სასტვენი ამჟამად ახალი ზალანდიის რაგბის მუზეუმში ინახება ქალაქ პალმერსტონში, სადაც საქარველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე ორი შეხვედრა უნდა გამართოს რუმინეთისა და არგენტინის ნაკრებებთან. საგულისხმოა, რომ ყველა მსოფლიო თაისის გათამაშების პირველი შეხვედრა, სწორედ ამ სასტვენიდან მიცემული სიგნალით იწყება.

აღსანიშნავია, რომ ალბერტ ფრიტისთვის ამ ამბავს მთალად უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. 1937 წელს მას სუონსის პაბში სამი ახალზელანდიელი მოკრიკეტე თავს დაესხა. სამივე, იმავდროულად, ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების წევრი იყო.

ალბერტ ფრიტი 1885 წლის 27 აპრილს დაიბადა უელსის ქალაქ სუონსიში. ის უმაღლესი რანგის მოკრიკეტე იყო, არაერთხელ უთამაშია უელსის ნაკრებში. 1921 წელს ფრიტი კრიკეტს გამოეთხოვა და მთელი დარჩენილი ცხოვრება, რატომღაც რაგბის მიუძღვნა. ის იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო სარაგბო არბიტრი იყო. მან 1923-31 წლებში თვრამეტი ტესტ მატჩი განსაჯა. მოგვიანებით ის საკუთარ ფესვებს დაუბრუნდა და გლერმორგენის რაგბის კომიტეტში მუშაობდა.
ფრეტი 1966 წლის 17 ივნისს გარდაიცვალა.

სირილ ბროუნლი 1895 წელს დაიბადა. ის ძმებთან, მორისონთან და ლოურენსთან ერთად ახალი ზელანდიის ნაკრების ღირსებას იცავდა გასული საუკუნის ოციან წლებში. სირილმა ეროვნულ გუნდში 31 კეპი მოიხვეჭა და 11 ლელო მიითვალა.

ისტორიული ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილე რეჯი ედვარდსი ნიუპორტში დაიბადა. მან უელსის რამდენიმე ჩემპიონატში ითამაშა, მაგრამ ეროვნულ გუნდს ვერ ეღირსა. 1921 წელს, ედვარდსი ინგლისის ნაკრებში მიიწვიეს. ეს მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო. "პომების" შემადგენლობაში არაერთ ნიუპორტელს უთამაშია.

პირველი მსოფლიო ომისას ედვარდსი კანადაში გადასახლდა, რომლის დამთავრების შემდეგ ისევ ბრიტანეთში დაბრუნდა და 1926 წლამდე თამაშობდა. სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ რეჯი ედვარდსი ერთხანს ხორცით ვაჭრობით ირჩენდა თავს, მერე ისევ კანადაში, მონრეალში დაბრუნდა, სადაც 1951 წლის 9 მაისს გარდაიცვალა კიდეც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული