კარტერის მომავალი მხოლოდ "ოლ ბლექსია"

AutoSharing Option
"ოლ ბლექსის" მგეზავმა დენ კარტერმა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. იმ დროს, როცა მისი თანაგუნდები ერთმანეთის მიყოლებით აწერენ ხელს ხელშეკრულებას ევროპულ კლუბებთან, დენის ეს საქციელი მისმა ქომაგებმა, ადვილი შესაძლებელია გმირობად შერაცხონ. კარტერის ახალი კონტრაქტი ოთხწლიანია და ის 2015 წლის მსოფლიო თასის დამთავრებისთანავე იწურება.

"ეს გადაწყვეტილება დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა კლუბებიდან რამდენიმე, საკმაოდ მაცდური წინადადება მივიღე. დავაპირე კიდეც რომელიმე მათგანთან კონტრაქტი გაფორმებინა, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგინე, რომ "ოლ ბლექსის" კვართს ვეღარასდროს მოვირგებდი.
მესმის,
რომ ნაკრებში ადგილი გარანტირებული არავის აქვს, ძალიან კარგი ახალი თაობა მოდის, კონკურენცია დიდი იქნება. ეს კიდევ უფრო მეტად განმაწყობს საბრძოლველად.

ოთხი წელი საკმაოდ დიდი დროა, ამიტომ კონტრაქტში გათვალისწინებულია ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები, რომლის მიხედვითაც საშუალება მეძლევა, დროდადრო ევროპულ ან იაპონურ კლუბებშიც ვითამაშო. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, შეიძლება ეს პუნქტი არც გამოვიყენო, მაგრამ რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, ცხადია, კარგია", - თქვა დენ კარტერმა.

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მგეზავმა ერთხელ უკვე ითამაშა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ფრანგულ "პერპინიანში" მისი "მივლინება" ხუთ კვირას გაგრძელდა და ფეხის მძიმე ტრავმით დასრულდა, რის გამოც დენის ექვსი თვე გაუცდა.
აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პარალელურად, კარტერმა კონტრაქტი, იმავე ვადით, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთანაც" გაახანგრძლივა.

"ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რითაც ძალიან გახარებული ვარ. ძალიან მიყვარს ახალი ზელანდია და მთელ მსოფლიოში, ამაზე უკეთესი ადგილი არსად არის" - დაასკვნა მან.

ცხადია, კმაყოფილია ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი სტივ ტიუც.

"ყველა დამეთანხმება, რომ დენ კარტერი დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო მგეზავია. ჩვენ დიდი დიპლომატიური მიდგომა დაგვჭირდა, რომ ის ახალი ზელანდიის ნაკრებისთვის შეგვენარჩუნებინა. ამასთან, რამდენიმე პრინციპული საკითხიც დავთმეთ. რა თანხას მიიღებს კარტერი ჩვენგან ვერ გეტყვით, იმის თქმა კი შეიძლება, რომ ევროპელებს კონკურენცია ვერაფრით გავუწიეთ" - თქვა მან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული