"პომებმა" მზადება მინი-ბანაკებით დაიწყეს

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ინგლისის ეროვნული გუნდი, მსოფლიო რაგბის უდიდესი ფორუმისთვის მზადებას უკვე შეუდგა. "პომების" მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა გუშინ "თვიქნემზე" მინი ბანაკი მოწყო.

ინგლისელთა თავკაცმა ის მცირეოდენი მოთამაშე მიიწვია, ვისმა გუნდებმაც ასპარეზობა უკვე დაასრულეს. ესენია "სეილ შარქსის" ლიდერები ენდრიუ შერიდანი და ჩარლი ჰოჯსონი, "ლიდისის" სამხრეთაფრიკული წარმოშობის მესამეხაზელი ენდრიუ ფური, "ვოსფსის" უკანახაზელები საიმონ შონდი და ჯო სიმპსონი.

ბანაკის დანიშნულება, მძიმე და დამღლელი სეზონის შემდეგ მოთამაშეებს ძალების აღდგენის საშუალების მიცემაა. ნაკრების ძირითადი საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე ჯონსონი
კიდევ რამდენიმე ასეთ ბანაკს მოაწყობს.

"ჩვენი მიზანია, ბიჭები პერიოდულად პატარა ჯგუფებად მოვიწვიოთ, ვესაუბროთ, განვუმარტოთ ჩვენი მიზნები და მზადების პოლიტიკა. მოთამაშეთა უმრავლესობამ თავიანთ კლუბებში ასპარეზობა უკვე დაასრულა. ბევრ მათგანს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. აქედან გამომდინარე გვინდა, გავერკვიოთ, რა მდგომარობაში იმყოფებიან ისინი ამჟამად, რა არის საჭირო, რომ სათანადო ფიზიკურ კონდიციებს მიაღწიონ. ვფიქრობ, ასეთი მინი ბანაკების მოწყობა სამომავლოდ დიდად შეგვიწყობს ხელს მუშაობაში" - თქვა მარტინ ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის დაწყებამდე სამ ტესტ მატჩს გამართავს. "პომები" 6 აგვისტოს "თვიქნემზე" უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ერთი კვირის შემდეგ კი დუბლინში ირალანდიელებს ესტუმრებიან. 27 აგვისტოს კი კარდიფში, მეტოქე ისევ უელსის ნაკრები იქნება.

"ბორჯღალოსნები" ინგლისის ნაკრებთან ჯგუფური ტურნირის მეორე ტურის მატჩში, 18 სექტემბერს დანიდინში დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული