ოცდაათი "ნარშავის" რთული არჩევანი

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ჯგუფურ ტურნირში საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე შოტლანდიის ეროვნული გუნდი იქნება.

"ნარშავების" მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა რამდენიმე დღის წინ გუნდის გაფართოებული, 40-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელთაგან შინ, შოტლანდიაში 10 უნდა დატოვოს.
რაგბის შოტლანდიელმა ექსპერტმა იან მორისონმა, სკოტების მთავარი გუნდის მორაგბეების თავისებური ანალიზი გააკეთა და 30-კაციანი სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა.

მორისონის აზრით, რობინოსნი პირველ ხაზის მოთამაშეების არჩევისას, ისე მოიქცევა, როგორც მწვრთნელების აბსოლუტური უმრავლესობა. წესით, მან ახალ ზელანდიაში სამ-სამი შერკინების ბურჯი და კვაჭი უნდა წაიყვანოს. კვაჭის ანუ #2-ს პოზიციაზე,
მას ზუსტად თანაბრად ძლიერი სამი მოთამაშე ჰყავს, როს ფორდი, სკოტ ლაუსონი და დაგ ჰალი. მეოთხე კანდიდატი ფერგიუს ტომსონი დაშავდა და მსოფლიო თასის გათამაშებამდე ვერ გამოჯანმრთელდება.
კიდევ უფრო მარტივადაა საქმე მეორე ხაზში. აქ, ალისტერ კელოკის, რიჩი გრეის, ნათან ჰინესისა და ჯიმი ჰემილთონის ოთხეულს კონკურენტი არ ჰყავს. განსხვავებული სურათია მესამე ხაზში. რობინსონმა გაფართოებულ შემადგენლობაში ამ პოზიციის რვა მოთამაშე შეიყვანა, აქედან, სავარაუდოდ, ახალ ზელანდიაში ექვსი წავა. ჯონ ბარკლის და კელი ბრაუნს, ალბათ, არაფერი ემუქრებათ, ისინი საუკეთესო მესამეხაზელები არიან და წლევანდელი სეზონიც კარგი ჰქონდათ.

რობინსონი ყურადღებით უნდა დააკვირდეს დევიდ დენტონს და ჯონ ბიტის. ეს უკანასკნელი ბოლო ხანს ტრავმებმა შეაწუხა და სათანადო ფორმაში არ არის, თუმცა მას დიდი გამცოდილება აქვს და "ნარშავების" თავკაცის ფავორიტია.
ალასდაირ სტრკოში, ალბათ, მსოფლიოზე აუცილებლად იასპარზებს, ის შეუპოვარი, უკომპრომისო თამაშის მანერით გამოირჩევა და ასეთ მორაგბეებზე ყველგან დიდი მოთხოვნაა. დარჩენილი ორი ადგილისთვის კი საკმაოდ მწვავე კონკურენციაა მოსალოდნელი რიჩი ვერნონს, როს რენისა და რობ ჰარლის შორის. ჰარლის, სხვებთან შედარებით, ალბათ, მაინც ნაკლები შანსი აქვს რჩეულთა შორის მოხვდეს.

გუნდში სულ ორი მგეზავია, რუარიდ ჯექსონი და დენ პარქსი. შუამარბის პოზიციაზე წლეულს შესანიშნავი თამაშით გაიმყარეს პოზიციები გრემ მორისონმა და ჯო ანსბრომ. საკმაოდ ფერმკრთალი სეზონი ჰქონდა კიდევ ერთ შუამარბ ნიკ დე ლუკას, რომელმაც ახალ ზელანდიაში მოსახვედრად, შონ ლამონტისა და მაქს ევანსის კონკურენციას უნდა გაუძლოს.
თითქმის ყველაფერი გარკვეულია გარემარბებშიც. ყველაზე დიდი პრობლემები კი ენდი რობინსონს შერკინების ბურჯისა და ცხრა ნომრის პოზიციაზე აქვს. კრის კაზიტერი ცხრა ნომრის პოზიციაზე ყველაზე სასურველი კანდიდატია. ის ამჟამად ავსტრალიაში იმყოფება და იქაურ ჩემპიონატში თამაშობს. "ნარშავების" თავკაცს იმედი აქვს, რომ კრისი "მწვანე კონტინენტიდან" ბევრად უკეთ განსწავლული დაბრუნდება. ამავე პოზიციაზე მოიაზრება რორი ლოუსონი, რომელიც შესანიშნავად თამაშობს ფეხით.

ფულბეკად რობინსონს გრეგ ლაიდლოუ და კრის პატერსონი ჰყავს შეგულვებული, თუმცა ამ პოზიციაზე პრეტენზიას რორი ლამონტიც აცხადებს.

კიდევ ერთი თავსატეხი შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელს შერკინების პირველ ხაზში აქვს. თუმცა, სავარაუდოდ, ის უპირატესობას მაინც ალენ იაკობსენ, ევან მურეის და ჯეფ კროსს მიანიჭებს.

შეგახსნებთ, რომ "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასზე "ნარშავებს" 14 სექტემბერს ინვერქარგილში დაუპირისპირდებიან.

შოტლანდიის ნაკრები:
შერკინება: ჯონ ბარკლი, ჯონ ბიტი, კელი ბარუნი, გოფ კროსი, ალასდაირ დიკინსონი, როს ფორდი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, ჯიმი ჰემილთონი, ნათან ჰინესი, ალენ იაკობსენი, ალისტერ კელოკი, სკოტ ლაუსონი, ევან მურეი, როს რენი, ალასდაირ სტროკოში, რიჩი ვერნონი.
უკანა ხაზი: ჯო ანსბრო, კრის კაზიტერი, საიმონ დენიელი, ნიკ დე ლუკა, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, გრეგ ლაიდლოუ, რორი ლამონტი, შონ ლამონტი, რორი ლაუსონი, გრემ მორისონი, დენ პარქსი, კრის პატერსონი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული