ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს, შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს წამყვანი მორაგბე კრის კაზიტერი დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ "სკოტების" ერთ-ერთი ლიდერი "ბრიტანელ ლომებს" ახლდა შარშან გამართულ ტურნეში წლეულს კი ტრავმებმა დატანჯა და თითქმის მთელი სეზონი გაუცდა.
კაზიტერმა ფორმის აღდგენის მიზნით ასეთ ხერხს მიმართა, -ავსტრალიაში, ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე სარაგბო ქვეყანაში გაემგზავრა და იქ რანგით დაბალი დივიზიონის კლუბში ჩაირიცხა, სადაც ხშირად უწევდა თამაში. ახლახან, კრისი "ნარშავების" მთავარ მწვრთნელ ენდი რობინსონს "გამოეცხადა" და აცნობა, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა და ჩინებულ ფორმაშია.
"ავსტრალიაში შესანიშნავად მოვემზადე.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მუხლი სრულიად აღარ მაწუხებს. ნაკრები მზადებას მომავალ ორშაბათს გლაზგოში იწყებს და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მაღალი დონის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომიწევს ვარჯიში. მზადების დასკვნითი ეტაპი აგვისტოში დაიწყება და იმ დროსითვის ვეცდები მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვიყო. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ იგივეს ეცდება შეკრებაზე გამოძახებული ორმოცივე მორაგბე. ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს თასზე თამაში, ხომ ნებისმიერი მორაგბეს ოცნებაა"- თქვა კრის კაზიტერმა.