ჯეკ ვაითი ისე დე ფილიერსს ლანძღავს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯეკ ვაითი, რომელმაც 2007 წელს "ბოკეს" მსოფლიოს თასი მოაგებინა, დიდი ხანია განგაშის ზარს სცემს. ჯერ კიდევ შარშან, როცა აბსოლუტურად ყველაფრის მომგებმა სამხრეთაფრიკელთა ეროვნულმა გუნდმა, სამი ერის გათამაშებაში სრულიად უსახურად იასპარეზა, ვაითი "ბოკეს" მთავარი მწვრთნელის პიტერ დე ფილიერსის სასწრაფოდ გადაყენებას ითხოვდა.

არადა, ვაითმა დააგვიანა. დე ფილეირსის თანამდებობიდან მოხსნის საკითხი გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ გაზაფხულზე დადგა, როცა მის თანაშემწესთან კონფლიქტი რადიკალურად გამწვავდა. საქმეში სამხრეთ აფრიკის ნაკრების წამყვანი მოთამაშეებიც ჩაერთნენ. ბოროტი ენები იამსაც კი ამბობდნენ, რომ ეროვნულ გუნდს
მწვრთნელი კი არა, კაპიტანი ჯონ სმიტი და ვიცე-კაპიტანი ვიქტორ მეტფილდი მართავენო, რაც რეალობისგან შორს ნამდვილად არ უნდა იყოს.

ერთი სიტყვით, მაშინ მოთამაშეებმა უკან დაიხიეს, მწვრთნელს და ფედეერაციის ხელმძღვანელებს დაუთმეს და თქვეს, ჰა ბურთი და მოედანიო. დე ფილიერსმა თანამდებობა კი შეინარჩუნა, მაგრამ სამხრეთ აფრიკამ ეროვნული ნაკრები დაკარგა.

უკვე ვთქვით, რომ ჯეკ ვაითის განრსიხება შარშან დაგვიანებული იყო, რადგან დე ფილიერსისთვის კარტ ბლანში ჰქონდათ მიცემული და ამ გადაწყვეტილებამ რომ არ გაამართლა დიდი ხანია ყველასთვის ნათელია.

ამიტომ ვაითი ისევ აყვირდა. რა ქნას მისი ნაშენებ-ნაწვალები ხელსა და თავალს შუა ინგრევა, გული უკვდება და შველა უნდა.

"წარმოუდგენელია, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ავსტრალიელეთგან ხუთი ლელო მიიღო. ეს იმ გუნდისგან, რომელმაც ერთი კვირით ადრე თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი მატჩი გამართა და სამოას ნაკრებთან სამარცხვინოდ წააგო. არადა ამ ფაქტის გამოყენება საჩვენოდ ძალიან კარგად შეიძლებოდა.

მოდი ვიყოთ გულახდილი, ავსტრალიის ნაკრები ჩვენთან თამაშის წინ უდიდესი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. სამოას ნაკრებთან მარცხის შემდეგ "ბოკესთან" წაგება მათ საბოლოოდ დაასამარებდა და სამსოფლიოთასო ამბიციები საპნის ბუშტივით გაქრებოდა. ჩვენ კი ამ თამაშის წინ არანაირი ფსიქოლოგიური ტვირთი არ გავწუხებდა. დე ფილეირსს ისეთი შემადგენლობა უნდა შეერჩია, რომელიც "ვოლაბებს" ცუდ დღეში ჩააგდებდა.

ახლა კი რა გამოვიდა. ავსტრალიასთან წავაგეთ, მერე ახალ ზელანდიასთანაც გარანტიას გაძლევთ, რომ წავაგებთ და შეიძლება ისე მოხდეს, ოთხი თამაშიდან ვერც ერთი მოვიგოთ და სამი ერის გათამაშება ბოლო ადგილზე დავამთავროთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშებაში ემოციურად დათრგუნულ, განადგურებულ გუნდს გავაგზავნით, რომელიც წარუმატებლობისთვის იქნება განწირული.

2007 წლის მსოფლიოს თასის წინ ყველაფერი გავაკეთე რათა ჩვენი ნაკრები საფრანგეთში ფსიქოლოგიურად გამარჯვებულის განწყობით გამგზავრებულიყო. ყველაფერი ვიღონე სამი ერის მოსაგებად. ამჟამად გული ძალიან ცუდს მიგრძნობს. არადა ყოველივე ამის გამოსწორება თავის დროზე რეალურად შეიძლებოდა" - თქვა ჯეკ ვაითმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული