მსოფლიოს თასი-1991 წელი

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის მეორე გათამაშება 1991 წელს ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა. მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის შხვედრებს ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და საფრანგეთმა უმასპინძლა.

ამჯერად გამარჯვება სამხრეთ ნახევარსფეროს კიდევ ერთმა ბობოლამ, ავსტრალიის ნაკრებმა მოიპოვა. შეგახსნებთ, რომ აპარტეიდის გამო სამხრეთ აფრიკა იზოლაციაში იყო და პირველ ორ მსოფლიოს თასზე არ უთამაშია.

ტურნირის აღმოჩენა: კანადის ნაკრები
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კანადის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს თასის გათამაშების დებიუტანტი იყო, ჯგუფურ ტურნირს დასძლევდა და მეოთხედფინალში გააღწევდა. კანადელებმა ჯერ რუმინეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს მოუგეს 19:11, მერე კი წინა მსოფლიოს
თასის აღმოჩენას სძლიეს ათი ქულის სხვაობით 13:3. ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრაში "ნეკერჩხლის ფოთლებმა" საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან წააგეს 13:19 და მეორე ადგილზე გავიდნენ.

ეს სენსაცია იყო, რადგან მსოფლიოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში, იმ ქვეყნის ნაკრებს, რომელიც წელიწადის განმავლობაში ძალიან ცოტა მატჩებს ატარებდა, არავინ ელოდა.

კანადელები მეოთხედფინალში, საფრანგეთის ქალაქ ლილში, მსოფლიოს თასის მფლობელებს ახალზელანდიელებს დაუპირისპირდნენ და საკმაოდაც ანერვიულეს. "ოლ ბლექსმა", ყველაფრის მიუხედავდ, მეტოქის დამარცხება მაინც შეძლო 29:13.
"ნეკერჩხლის ფოთლებმა" მსოფლიოს თასის გათამაშება ამაყად თავაწეულებმა დატოვეს.

ტურნირის იმედგაცრუება: საფრანგეთის ნაკრები
საფრანგეთის ნაკრებმა, როგორც ვიცე-ჩემპიონმა მსოფლიოს თასის გათამაშება, ვფიქრობთ, ნაადრევად და უსახელოდ დატოვა. ჯგუფურ ტურნირში ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, მეოთხედფინაში "ლე ბლემ" პარიზში, "პარკ დე პრენსზე" ინგლისის ნაკრებთან წააგო - 10:19.

მაშინ მოარული ხმები ამას საფრანგეთის რაგბის ფედრაციაში არსებულ განხეთქილებასა და ქაოსს აბრალებდა. რაც სიმართლესთან შესაძლოა ახლოს იყოს, რადგან იმ წელიწადს ფრანგებმა ვერც ხუთი ერის გათამაშებაში გამოიჩინეს რამით თავი.

ტურნირის გუნდი: ავსტრალიის ნაკრები
ავსტრალიის ნაკრები მართალც საუკეთესო გუნდი იყო და დამსხურებულად მოიგო მსოფლიოს თასი. თუმცა, ადვილი შესაძლებელი იყო, "ვოლაბები" გათამაშებას ჯერ კიდევ მეოთხედფინალში გამოთიშოდნენ.

ავსტრალიელებმა ჯგუფურ ტურნირში ჯერ არგენტინის ნაკრებს სძლიეს - 32:19, მერე უელსი გაანადგურეს - 38:3 და ცოტა გაუჭირდათ სამოას დამარცხება - 9:3. შედეგად "ვოლაბებმა" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსან ირლანდიის ნაკრებს დუბლინში, "ლენსდაუნ როუდზე" დაუპირისპირდნენ.

თამაში ავსტრალიელთათვის ძალზედ რთულად, არასასურველი სცენარით წარიმართა. მატჩის დასასრულს აღარაფერი აკლდა, როცა "ვოლაბები" 12:18-ს აგებდნენ. მათი ბოლო, საკმაოდ რისკიანი შეტევა გარემარბ დევიდ ქემფიზის ლელოთი დასრულდა. მგეზავმა მაიკლ ლინაგმა გარადასახა და ავსტრალიის ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა - 19:18.

აქ კი, "ვოლაბებმა" მეზოებელი ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს - 16:6 და მსოფლიოს თასი დაატოვებინეს. ფინლში კი მასპინძლების, ინგლისის ეროვნული გუნდის გააფთრებული წინააღმდეგობა დასძლიეს - 12:6.

ტურნირის მატჩი: ავსტრალია-ახალი ზელანდია
ტურნირის საუკეთესო შეხვედრად ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების ნახევარფინალური მატჩი აღიარეს.

სამხრეთნახევარსფეროს ბობოლათა დაპირისპირებაში, ფაქტობრივად, მსოფლიო თასის მომავალი მფლობელი გამოვლინდა. მატჩის გმირი კი ვინ იქნებიდა, თუ არა დევიდ ქემფიზი, მან ერთი ლელო მიითვალა, მეორე კი თანაგუნდელს გაატანინა და მეტოქეს გამარჯვების ყოველგვარი იმედი გადაუწურა - 16:6. ის მთელი მატჩის განმავლობაში "დაფრინავდა", ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, უკევ ისტორიაა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე: დევიდ ქემფიზი

მსოფლიოს თასის ნახევარფინალი. დუბლინი. ავსტრალიის ნაკრების წინაშე დიდი შავი კედელი, "ოლ ბლექსი" დგას. მაგრამ "ვოლაბების" გარემარბ დევიდ ქემფიზისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობს. მატჩის მეშვიდე წუთზე მან ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო და მოედანი დიაგონალზე ბოლომდე გადაკვეთა, გზად ექვსი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა, მერე ხელიდან თავის უდიდეს ახალზელანდიელ მეტოქეს ჯონ ქირვანსაც დაუსხლტა ხელიდნ და ლელო გაიტანა.

მოგვიანებით მან ღია თამაშში, გვერდით ხაზთან ახლოს წარმოქმნილ არეულობაში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ლელო თანაგუნდელ ტიმ ჰორანს გაატანინა. შედეგად ავსტრალიის ნაკრები 35- წუთისთვის 13:0-ს იგებდა, რაც თავიდან ბოლომდე ამ უდიდესი მორაგბის, დევიდ ქემფიზის დამსხაურებაა.

ტურნირის დანაკარგი: მარკ სესიონი
საფრანგეთის ნაკრების რვა ნომერ, მარკ სესიონს 1991 წლის მსოფლიოს თასზე გაბრწყინებას უწინასწარმეტყველებდნენ. ყველას მიაჩნდა, რომ ეს გათამაშება მის ბენეფისად უნდა გადაქცეულიყო, მაგრამ სამწუხაროდ... ჯერ კიდევ მსოფლიოს თასის დაწყებამდე, მზადებისას ბეზიეში ტრავმა მიიღო. შედეგად, სესიონმა ჯგუფური ტურნირის სამივე შეხვედრა გამოტოვა. ის მეოთხდფინალში, ინგლისის ნაკრებთან მატჩში დაბრუნდა, მაგრამ "ლე ბლესთვის" ეს საკმარისი არ აღმოჩნდა "პომების" დასამარცხებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული