ტურნირის აღმოჩენა: არგენტინის ნაკრები
არგენტინელებმა ამ მსოფლიოს თასზე მართლაც ფურორი მოახდინეს. ნათელი შეიქნა, რომ მსოფლიო რაგბიში ახალი ძალა, ახალი სარაგბო ერი მოდიოდა. ჯგუფურ ტურნირში უელსის ნაკრებთან კარდიფში განცდილი მარცხის შემდეგ "პუმებმა" ზედიზედ სამი თამაში მოიგეს. ჯერ სამოას ნაკრებს სძლიეს დამაჯერებლად 32:16, მერე კი იაპონელთა დამარცხებით 33:12
აქ კი სამხრეთამერიკელებმა ირლანდიის ნაკრებთან მატჩში კიდევ ერთხელ გამოიყენეს თავიანთი მძიმე შერკინება და მატჩის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე 21:9 იგებდნენ. შეხვედრის დასკვნითი მონაკავეთი საკმაოდ მძაფრი მოვლენებით დახუნძლული გამოდგა, "სამყურებმა" ყველაფერი იღონეს მატჩის გადასარჩენად, თუმცა "პუმებმა" უდიდესი თავდადების წყალობით მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება - 28:24.
მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრები მომავალ ფინალისტთან, საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა 26:47.
ტურნირის იმედგაცრუება: ახალი ზელანდის ნაკრები
"ოლ ბლექსი", ისევე როგორც ყველა ტურნირზე, აქაც უმთავრესი ფავორიტი იყო, მაგრამ ამჯერადაც ქომაგებს იმედი გაუცრუვდათ. მათ საშინელი დღე ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა გაუთენა. "ლე ბლემ" ახალზელანდიელები 43:31 დაამარცხა.
თუ "ოლ ბლექსის" ნახევარფინალამდე განვლილ გზას თვალს გადავავლებთ, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ ეს გუნდი ცუდად დაამთავრებდა. ჯგუფურ ტურნირში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ჯერ ინგლისის ეროვნულ გუნდს მოუგო - 30:16, მერე ტონგელებს სძლია 45:9 და ბოლო შეხვდრაში "სკუადრა აძურა" გაანადგურა - 101:3. მეთხედფინალში "ოლ ბლექსმა" შედარებით ოდნავ მძიმე ბრძოლაში მოუგო 30:18.
როგრც ერთი შეხედვით ჩანს, ახალზელანდიელებმა ნახევარფინალამდე გზა ძალიან იოლად განვლეს და ისე იყვნენ დარწმუნებული თავიანთ შესაძლებლობებში, რომ ვარჯიშებზე ფეხბურთს თამაშობდნენ და დროს ღლაბუცში ატარებდნენ. ყოველივე ამან ისინი "ჯოჯოხეთში" მიიყვანა.
ტურნირის გუნდი: საფრანგეთის ნაკრები
საფრანგეთის ნაკრებს მოფლიოს თასის მიმდინარეობისას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ. "ლე ბლემ" იმ წელიწადს წარუმეტებლად იასპარეზა ხუთი ერის გათამაშებაში. ტურნირის დაწყების წინ კი ახალი ზელანდიისა და უელსის ეროვნულ გუნდებთან წააგო.
ამასთან ისიც გასათვალისწინებელია, რომ გუნდი ტრავმებმაც გვარიანად აზარალა. მზადების პერიოდში დაშავდა ფილიპ კარბონო. ტურნირის დაწყებისთანავე დაშავდნენ ტომა კასტანიედი და პიერ მიონი, კრისტიან კალიფანომ კი ბოლო ტესტში ფიჯის ნაკრებთან ბინძური თამაშის გამო დიკვალიფიკაცია მიიღო.
ასეთ საშინელ ქაოსში ფრანგებმა მოახერხეს ერთ მუშტად შეკვრა და ნახევარფინალში გაყოყოჩებულ ფავორიტ "ოლ ბლექსს" კუდით ქვა ასროლინეს. მაგრამ მსოფლიოს თასის გათამაშებებში, ფრანგები მუდმივად არაპროგნოზირებადი არიან. ახალი ზელანდიის "კლდის განგრევის" შემდეგ, მათ ფინალში ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე: კრისტოფ ლამეზონი
კრისტოფ ლამეზონმა შესანიშნავად შეცვალა ტრავმირებული ტომა კასტანიედი. კრიტიკის მიუხედად "ბრივის" მგეზავმა გუნდის ნახევარფინალში გაყვანა მაინც მოახერხა.
ნახევარფინალში კი, ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში, რომელიც მის კარიერაში უდავოდ საუკეთესო იყო, 28 ქულა მოიპოვა (ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა, სამი საჯარიმო და ორი არეკნი).
ტურნირის მატჩი: საფრანგეთი-ახ.ზელანდია
ეს უბრწყინვალესი თამაში იყო. მატჩში ექვსი ერთმანეთზე უკეთესი ლელო გავიდა, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების ქომაგს დააკმაყოფილებდა. ჯონა ლომუმ თავისი უზარმაზარი ძალის წყალობით ორი ლელო გაიტანა, ფეხით შსანიშნავად ითამაშეს ქრისტოფ დომინისიმ და რიჩარდ დურთიმ. ხელდახელ ბურთაობის შედევრები აჩვენა ქრისტოფ ლამეზონმა. თითოეულმა
მოთამაშემ რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა საკუთარი სახელი. საფრანგეთის ნაკრებმა, რომელიც ვერც კი იოცნებებდა ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდის დამარცხებაზე, ეს შეძლო. თანაც მას შემდეგ, რაც აიმავე წელიწადს ტესტ მატჩში 7:54 წააგო.
ტურნირის ლელო: კრისტოფ დომინისი
საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნახევარფინალური მატჩის 56-ე წუთზე ანგარიში 24:22 იყო "ლე ბლეს" სასარგებლოდ. ფრანგები მაღალი ხარისხის რაგბის აჩვენებენ. შესანიშნავად ითამაშა კრისტოფ ლამეზონმა, რომელმაც ორის საჯარიმოსა და ამდენვე არეკნის გატანა მოასწრო. გაიბრწყინა "ოლ ბლექსის" გარემარბმა ჯონა ლომუმაც, რომელმაც ორჯერ 30-მეტრიანი სპრინტი ლელოთი დაასრულა.
მატჩის გვირგვინი კი კრისოტფ დომინისის ლელო გახდა. ფრანგებმა ბურთი საკუთარი მოედნის ორმოცმეტრიან ხაზთან მოიგეს. ფაბიენ გალტიემ სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო და ბურთი მეტოქის დაუცველ ზონაში გადაჰკიდა. დომნისიმ ყველას გაასწრო და ფარნგები კიდევ უფრო დააწინაურა. ეიფორიაში მყოფმა "ლე ბლემ" ინიციატივა ხელში აიღო და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"