სხვა

ავტოსპორტი

ფორმულა 1: კუბიცა ბელგიაში დაბრუნდება?

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, პოლონელ პილოტს რობერტ კუბიცას მორიგი სატესტო დღე ჰქონდა "რენოს" 2012 წლის ბოლიდით. ტესტების მიზანი იყო - შეემოწმებინათ პოლონელის ფორმულა 1-ში დაბრუნების შესაძლებლობა ხელის ტრავმის შემდეგ, რომელიც 2011 წელს - რალის დროს მიიღო.

ფრანგულ გუნდში კმაყოფილნი დარჩნენ კუბიცას ტემპით, არადა, პოლონელი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად იჯდა ფორმულა 1-ის მანქანის საჭესთან. სწორედ ამ სატესტო დღის შემდეგ, გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა დაწერა, რომ "დიდ ცირკში" კუბიცას დაბრუნებამდე ბევრი დრო აღარ დარჩა.

გამოცემის ინფორმაციით, 32 წლის პოლონელ პილოტს უნგრეთის გრანპრის შემდეგ ტესტების
ერთი დღე ელოდება "ჰუნგარორინგის" ტრასაზე.

სწორედ ამ ვარჯიშზე შეეძლება კუბიცას 2017 წლის მანქანის გამოცდა, თანაც უნგრული ეტაპის მეორე დღეს. შესაბამისად, "რენოს" საშუალება ექნება შეადაროს კუბიცას შედეგი "რენოს" ძირითადი პილოტების - ნიკო ჰიულკენბერგისა და ჯოლიონ პალმერის შედეგებს. ამბობენ, რომ თუ "რენოს" ხელმძღვანელობას დააკმაყოფილებს რობერტის სისწრაფე, მაშინ კუბიცა 27 აგვისტოს, ბელგიის გრანპრიზე შეცვლის პალმერს.

"ბილდს" ასევე მოჰყავს "რენოს" აღმასრულებელი დირექტორის სირილ აბიტებულის სიტყვები. გუნდის შეფი უკმაყოფილოა პალმერის გამოსვლით: "ჯოლიონს პრობლემები აქვს საიმედოობასთან დაკავშირებით. ჩვენი ორივე პილოტი რომ ახერხებდეს ქულების დაგროვებას, გუნდი არ იქნებოდა ახლა კონსტრუქტორთა თასის მერვე ადგილზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"