სხვა

ავტოსპორტი

შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია

AutoSharing Option
2003 წლის სან-მარინოს გრანპრის კვალიფიკაციისას ძმებ შუმახერებს ბადალი არ ჰყავდათ - მიხაელმა საუკეთეს დრო აჩვენა, რალფი კი მეორე იყო და ძმას მხოლოდ 14 მეათასედი წამით ჩამორჩა. მესამე ადგილზე რუბენს ბარიკელო გავიდა, რომელიც პოლ პოზიციას ორი ათეულით ჩამორჩა. მონტოიამ თითქმის ნახევარი წამი წააგო, ჩემპიონატის ლიდერმა კიმი რაიკონენმა კი - მთელი რვა მეათედი.

თუმცა საკვალიფიკაციო სესიის შემდეგ ძმები შუმახერები კერძო თვითმფრინავით კიოლნში გადაფრინდნენ - 1 კვირის წინ დედა დაეცა, ახლა კი სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. რალფისა და მიხაელის ჩასვლისას ელიზაბეთ შუმახერი კომაში იმყოფებოდა.
ძმები ტრასას დაუბრუნდნენ, დილით, რბოლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი გაიგეს, რომ ფრაუ ელიზაბეთი გარდაცვალა. ეს ყველაფერი 17 წლის წინ, 20 აპრილს მოხდა და ამ დღეს მიხაელმა კარიერაში ყველაზე სევდიანი გამარჯვება მოიპოვა.

ძმური დუელი

სტარტი რალფს ძმაზე უკეთესი გამოუვიდა და პირველივე მოსახვევიდან რბოლას სათავეში ჩაუდგა. მიხაელი თავისი "ფერარით" მეორე ადგილზე აღმოჩნდა, მესამე მისი თანაგუნდელი რუბენს ბარიკელო იყო, ხოლო მეოთხე - რალფის თანაგუნდელი "უილიამსში" ხუან-პაბლო მონტოია.

პირველ ორ წრეს რალფი თავიდან დამაჯერებლად ინარჩუნებდა, თუმცა მესამე წრეზე მიხაელი ძმას დაეწია, სტარტის ხაზთან, სწორ მონაკვეთზე გათანაბრდნენ კიდეც, თუმცა უმცროსმა შუმახერმა პირველობა არ დათმო.

მიხაელმა უფრო აქტიურ პრესინგს მიმართა. მართალია, გასწრებას ვერ ახერხებდა, თუმცა შორს არ უშვებდა რალფს და ეტაპობრივად უტევდა კიდეც. იმ დროს "უილიამსი" "ფერარიზე" ნელი არ იყო, თუმცა რალფისთვის უფრო რთული აღმოჩნდა რბოლაზე ორიენტირება და ბოლიდის ოპტიმალურ ტემპში მართვა - მიხაელი, ბარიკელო და მონტოია მის უკან მწყობრად მოდიოდნენ.

ასე რამდენიმე წრე გაგრძელდა, სანამ მიხაელმა არ გააცნობიერა, რომ მსგავსი შეტევები ამაო იყო. უმცროს ძმას ცოტა ჩამორჩა, თუმცა მაინც დისტანციაზე ჰყავდა.

კვალიფიკაციისას "უილიამსი" ძალიან სწრაფი იყო და ამიტომაც, რალფს პიტ-სტოპი მალე დასჭირდა (იმ დროს მრბოლელები კვალიფიკაციაზე საწვავის იმ ოდენობით გამოდიოდნენ, რამდენითაც აპირებდნენ რბოლის დაწყებას). ასე რომ, "წითელი ბარონის" გათვლები სწორი აღმოჩნდა: 16 წრის განმავლობაში, ანუ პირველ პიტ-სტოპამდე ლიდერი "უილიამსი" იყო.

საპასუხოდ მიხაელმა ტემპს უმატა და მე-17 წრეზე რბოლის რეკორდი დაამყარა, სულ რამდენიმე მეათედით ჩამორჩა წინა დღით, კვალიფიკაციისას ნაჩვენებ შედეგს. ეს "უილიამსთან" გამართული 16-წრიანი დუელის შემდეგ მოახერხა. მიხაელი მე-19 წრეზე შევიდა პირველ პიტ-სტოპზე და დაბრუნებული ძმაზე რამდენიმე წამით წინ იყო.

"მაკლარენიდან" მომავალი საფრთხე

"ფერარიმ" და "უილიამსმა" რბოლის წინ 3 პიტ-სტოპი დაგეგმეს, ხოლო "მაკლარენის" სტრატეგია კი მხოლოდ 2-ზე იყო გათვლილი. მიხაელის პირველი პიტ-სტოპის შემდეგ რბოლის ლიდერი კიმი რაიკონენი გახდა. მართალია, 4 წრის შემდეგ ფინელმა პირველობა გერმანელს დაუთმო, მაგრამ ბოქსიდან გამოსული კიმი რბოლას მეოთხე ადგილზე დაუბრუნდა - მონტოიას წინ, რომელსაც რბოლის პირველ წრეებში უკან მიჰყვებოდა.

მიხაელ შუმახერმა კი დამაჯერებლად გაასწრო რალფსა და ბარიკელოს, თუმცა რაიკონენი მისთვის ისევ საფრთხეს წარმოადგენდა - კიმს მხოლოდ 1 პიტ-სტოპი ჰქონდა დარჩენილო. ამ მიზეზით, მიხაელი შეტევას აგრძელებდა და წრიდან წრემდე საკვალიფიკაციო რეჟიმში ატარებდა ბოლიდს, მიზანი კი მარტივი იყო - მისი მეორე პიტ-სტოპიდან გამოსული ტრასაზე კიმის წინ უნდა ყოფილიყო.

უფროსმა შუმახერმა რბოლა შესანიშნავად ჩაამთავრა - "ფერარიმაც" ბრწყინვალედ გაართვა თავი ბოქსში მომსახურებას და მიხაელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ერთ-ერთ ეპიზოდში "წითელი ბარონი" ფინელზე 18 წამით წინ იყო, ეს 3 პიტ-სტოპის შემდეგ! რბოლის ბოლოსკენ უფროსმა შუმახერმა ტემპი დააგდო, არ გარისკა და ფინიშის ხაზი რაიკონენზე რამდენიმე წამით ადრე გადაკვეთა.

აი, უმცროსი შუმახერისთვის კი რბოლის მეორე ნახევარი არც ისე კარგად წარიმართა. რალფს ბოქსში პრობლემა შეექმნა, მე-3 პიტ-სტოპის შემდეგ კი რაიკონენის უკან აღმოჩნდა. ამას ისიც დაემატა, რომ ცოტა ხანში ბარიკელომაც გაასწრო. საბოლოოდ, გერმანელი მე-4 პოზიციაზე აღმოჩნდა და ლამის ისიც დაკარგა, ფინიშმა სულზე მოუსწრო, თორემ დევიდ კულჰარდის შეტევების გამძლები ნამდვილად არ ჩანდა.

პოდიუმზე ასვლისას მიხაილმა ცრემლები ვერ შეიკავა. ამ დღეს ტრადიციული, შამპანურით დაჯილოება არ ყოფილა. ცერემონიის დასრულებისთანავე რალფმა და მიხაელმა ტრასა დატოვეს, პრესკონფერენციაზე გამარჯვებულის სახელით "ფერარის" ხელმძღვანელი ჟან ტოდი წარდგა.

ელიზაბეთ შუმახერი 55 წლის იყო. მეუღლე როლფ შუმახერთან ერთად ელიზაბეთს კარტდრომი ჰქონდა გახსნილი, სადაც რალფმა და მიხაელმა ავტოსპორტში პირველი ნაბიჯები გადადგეს.

იმავე საღამოს სააგენტო Reuters-მა მიხაელ შუმახერის პრესმდივნის საშუალებით დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მრბოლელის კომენტარი მოიპოვა:

"დედას უყვარდა ჩვენთვის თვალის მიდევნება, როცა კარტებს კერპენში ვატარებდით. ის და მამა მუდმივად გვიჭერდნენ მხარს. სწორედ მათი დამსახურებით გაგვიჩნდა შესაძლებლობა, გვეკეთებინა ის, რითიც ახლა ვართ დაკავებულნი. დარწმუნებული ვარ, დედას ენდომებოდა, რომ რბოლაში მონაწილეობა მიგვეღო."

მომზადებულია championat-ის მიხედვით