სხვა

ავტოსპორტი

საოცარი რბოლა ესპანეთში - ფერსტაპენის მოგება, ძველი ჰამილტონის დაბრუნება და ლეკლერის უიღბლობა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 22 მაისს, ფორმულა 1-ში რიგით მე-6 გრან-პრი ესპანეთში გაიმართა, სადაც მაქს ფერსტაპენმა გაიმარჯვა და ცხრილში პირველ პოზიციაზე გადავიდა. დანარჩენი მოგვიანებით...

ტრეკზე გასვლის წინ ავტოსპორტის მოყვარულები დიდი მოლოდინით ელოდნენ "მერსედესის" განახლებულ ბოლიდს, თანაც ხელმძღვანელობა სრული პასუხისმგებლობით აცხადებდა, რომ ბარსელონაში ყველას სასიამოვნოდ გააკვირვებდნენ და ასეც მოხდა.

სანამ რბოლის მიმოხილვაზე გადავალთ, კვალიფიკაციაზე ვისაუბროთ.

Sportall.Ge

პირველი ექვსეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. შარლ ლეკლერი ("ფერარი") - 1:18:750

2. მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული") - 1:19:073

3. კარლოს საინსი ("ფერარი") - 1:19:166

4. ჯორჯ რასელი ("მერსედესი") - 1:19:393

5. სერხიო პერესი ("რედ ბული") - 1:19:420

6. ლუის ჰამილტონი ("მერსედესი") - 1:19:512

როგორც ხედავთ, პირველი ექვსეული 3-მა გუნდმა შეავსო, კვალიფიკაცია მშვენიერი შედეგით დაასრულა "მერსედესმა".

Sportall.Ge

რაც შეეხება რბოლას, შარლმა და მაქსმა მშვენიერი სტარტი აიღეს. საინსმა დააგვიანა, რის გამოც ჯორჯი მესამე ადგილზე აღმოჩნდა. მშვენივრად დაიძრნენ "ჩეკო" და ლუისიც, თუმცა ამ უკანასკნელს ძალიან არ გაუმართლა, "ჰაასის" მრბოლელი კევინ მაგნუსენი მეოთხე მოსახვევში დაეჯახა, რის გამოც საბურავი დაუზიანდა და პიტ-სტოპზე შესვლა ნაადრევად მოუწია. ლოგიკურია, ბრიტანელმა 7-გზის ჩემპიონმა მნიშვნელოვანი წამები დაკარგა, მე-19 პოზიციაზე ჩამოინაცვლა და ყველაფრის 0-დან დაწყება მოუწია. ერთ მომენტში ჰამილტონმა საკუთარ გუნდს ტრეკზე დანებებაც შესთავაზა, რათა ძრავა შეენახათ, თუმცა უარი მიიღო... თავიდან გულშემატკივართა უმეტესობა რაღაც მხრივ ბრიტანელის მხარეს გადაიხარა, რადგან რთულად წარმოსადგენი იყო თითქმის 1-წუთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა, თუმცა თურმე ყველაფერი წინ ყოფილა... მივყვეთ თანმიმდევრობით.

ესპანელი კარლოს საინსის უიღბლობები გრძელდება. "ფერარის" მრბოლელს სეზონის მშვენიერი სტარტის შემდეგ აღარ უმართლებს. მაგალითად, მშობლიურ ტრეკზე ბოლიდი უწყინარ სიტუაციაში მოუსრიალდა და ერთბაშად 9 პოზიცია დაკარგა, მე-5 ადგილიდან მეთოთხმეტეზე დაქვეითდა. მე-9 წრეზე იგივე დაემართა მაქსსაც, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 2 პოზიციით ჩამოვარდა და ასპარეზობა მეოთხე ადგილიდან გააგრძელა.

Sportall.Ge

ზოგადად კატალონიაში ჯორჯ რასელმა ბრწყინვალედ იასპარეზა, რიგ ეპიზოდებში "რედ ბულის" მრბოლელებს გასწრების საშუალებას არ აძლევდა. ამას თავისი მიზეზიც აქვს. ბრიტანელის ოსტატობის გარდა, ფერსტაპენს ე.წ. DRS-ზე პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მაქსიმალურ სიჩქარეზე გასვლა არ შეეძლო. ამიტომ მოგვიანებით  ჯორჯზე გადასწრების შესაძლებლობა "ჩეკოს" მისცეს და მექსიკელმა დიდი ჯაფის შემდეგ ახალგაზრდა მრბოლელი ჩამოიტოვა.

ალბათ, ყველას ეგონა, რომ მეტი ვერაფერი გააკვირვებდათ, თუმცა თურმე ყველაფერი წინ ყოფილა. 27-ე წრეზე შარლ ლეკლერს მეორეადგილოსანთან 13.5-წამიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ძრავაზე შექმნილი პრობლემების გამო ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. რა თქმა უნდა, იტალიელებმა უდიდესი დარტყმა მიიღეს. ამას ემატებოდა კარლოსის ჩავარდნილი რბოლაც...

Sportall.Ge

გულშემატკივარი იმდენად გაერთო ჯორჯის, მაქსისა და სერხიოს დაპირისპირებით, რომ ჰამილტონის საუკეთესოთა რიგებში დაბრუნებას ყურადღება არც მიაქცია, არადა, ამ დროს ბრიტანელი მე-60 წრეზე მე-19 ადგილიდან მე-4 პოზიციამდე ჩამოვიდა, თუმცა არც აქ დასრულდა ყველაფერი. ტრეკზე უზადო გადაადგილების შემდეგ ლუისის საწვავის ავზი თითქმის დაიცალა, რის გამოც ეკონომრეჟიმზე გადასვლა და დაბალ სიჩქარეზე სიარული მოუწია. სწორედ აქ დაკარგა პოზიცია კარლოს საინსთან. საბოლოოდ ბრიტანელი მე-5 ადგილზე გავიდა.

როგორც დასაწყისშივე გითხარით, მაქს ფერსტაპენმა ბარსელონის გრან-პრი მოიგო. მეორე ადგილზე "ჩეკო" პერესი გავიდა, მესამე პოზიციაზე - ჯორჯ რასელი, მეოთხე ადგილს კი საინსი დასჯერდა.


ამრიგად, ნიდერლანდელი ჩემპიონი ესპანური ტრიუფის შემდეგ პირველ ადგილზე გადავიდა.

1. მაქს ფერსტაპენი - 110 ქულა

2. შარლ ლეკლერი - 104 ქულა

3. სერხიო პერესი - 85 ქულა

4. ჯორჯ რასელი -  74 ქულა

5. კარლოს საინსი - 65 ქულა

6. ლუის ჰამილტონი - 46 ქულა

მომდევნო გრან-პრი მონაკოში გაიმართება. მოახერხებს თუ არა ლუისი სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას, ამას ერთად ვნახავთ.

მონტე-კარლოში გრან-პრი 29 მაისს ჩატარდება.




ასევე დაგაინტერესებთ