მე ვარ სპონსორი, მწვრთნელი, ექიმი და ფსიქოლოგი... - ინტერვიუ სოფია შაფათავასთან

AutoSharing Option
სოფია შაფათავა 28 წლის ჩოგბურთელია, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს. მისი თქმით, მას სამი ქვეყნის მხრიდან ჰქონდა შემოთავაზება, მათი მოქალაქეობა მიეღო, თუმცა შაფათავამ საქართველოს დროშის ქვეშ თამაში არჩია.

შაფათავას აღნიშნავს, რომ ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და მას მუშაობა უხდება, რათა ტურნირებზე იასპარეზოს. ამის გამო კი ხშირად ვარჯიშების გამოტოვება თვეობით უწევს.

Sportall.ge-მ სოფია შაფათავასთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

- სეზონი ანტალიის ტურნირით დაიწყეთ, სადაც წყვილებში ჩემპიონები გახდით, ერთეულებში კი ნახევარფინალში გახვედით. როგორ შეაფასებდით სეზონის სტარტს?
- რამდენიმე თვეა არ მითამაშია საერთოდ. შარშანდელი
სეზონი ძალიან რთული იყო ჩემთვის, ბევრი პრობლემით სავსე და წლის ბოლოს უკვე არც მორალური და არც ფიზიკური ძალა აღარ მქონდა სათამაშოდ.

ვერ შევაფასებ ვერაფერს ჯერჯერობით. 15-ათასიანი შეჯიბრი შედარებით პატარაა. შეიძლება ითქვას, გასახურებლად ვთამაშობ მატჩებს.

Sportall.Ge

- ნახევარფინალური შეხვედრა მეორე სეტში შეწყვიტეთ. რა გახდა ამის მიზეზი?
- რთული სათამაშო კონდიციები იყო ამ კვირას. წვიმდა ყოველდღე და საფარი ძალიან სველი იყო.

თამაშის პირველივე გეიმში გავსრიალდი და ძალიან ცუდად დავეცი. იქიდან გამომდინარე, რომ წლის პირველი შეჯიბრია, ნამდვილად არ მინდოდა სეზონის ტრავმით დაწყება. შეიძლება ითქვას, თავი დავიზღვიე.

Sportall.Ge

- თქვენ იშვიათად ასპარეზობთ WTA-ს შეჯიბრებებზე და ძირითადად ITF-ებს თამაშობთ. რა არის ამის მიზეზი?
- ეგრე არ ვიტყოდი. ძირითადად, დიდ შეჯიბრებებს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ უკვე აღვნიშნე, რომ შარშან ცუდი სეზონი მქონდა და როდესაც არ გაქვს კარგი რეიტინგი, დიდ შეჯიბრებებში ვერ მიიღებ მონაწილეობას.

- ITF ტურნირებზე ძალიან დაბალი დონის ანაზღაურებაა. რამდენად საკმარისია ეს თანხა ჩოგბურთელისთვის კარგად მოსამზადებლად და ტურნირებზე სამოგზაუროდ?
- საერთოდ არ არის საკმარისი. სწორედ ეს არის მიზეზი სავალალო შედეგების.

- რას გულისხმობთ სავალალო შედეგებში?
- იმას, რომ ხშირად ცდები თუნდაც რამდენიმე თვე იმისთვის, რომ სამოგზაურო ფული იშოვო. ამისათვის კი უნდა იმუშაო და არ ივარჯიშო.

შესაბამისად, ამის გამო მაღალ დონეზე ასპარეზობა ძნელია. იჭედები ერთ ადგილას და წინ ვერ მიიწევ...

- სპონსორებზე რას იტყოდით, არსებობენ თუ არა ისინი?
- არა, არ არსებობენ სპონსორები. მე ვარ ჩემი პირადი სპონსორი, მწვრთნელი, ექიმი და ფსიქოლოგი...

- ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ ხშირად მუშაობა გიწევთ, რათა ტურნირზე გაემგზავროთ?
- მე არ ვარ ერთადერთი ეგეთი ჩოგბურთელი, დამიჯერეთ. არაფერი გასაკვირი ამაში არაა, ძვირი სპორტია და სპონსორების გარეშე შეუძლებელია სხვაგვარად.

- რატომ არ არის დაინტერესება თქვენი აზრით სპონსორების მხრიდან?
- ვერ გეტყვით. იყო დრო, როდესაც ვცდილობდით მე და ჩემი ნათესავები სპონსორის პოვნას და დაფინანსების ძიებაში ვატარებდით დროს, მაგრამ ახლა, სიმართლე გითხრათ, სურვილიც აღარ გამაჩნია, ვინმეს რამე ვუმტკიცო ან ვუხსნა.

მიხარია კიდეც ზოგ მომენტში, რომ არასოდეს არავისზე ვყოფილვარ დამოკიდებული. ყველაფერს ჩემით ვაკეთებ და ამ ყველაფერმა ძალიან ძლიერ პიროვნებად ჩამომაყალიბა.

ვიცი, რომ მხოლოდ ჩემი თავის იმედი მაქვს და ვამაყობ იმით, რომ რამე მიღწევა თუ მაქვს, ჩემით მაქვს, არაფრისგან ნულიდან...

Sportall.Ge

- ფედერაციაზეც გკითხავთ, რა დახმარებას გიწევთ ის ფინანსურად, რამდენია გამოყოფილი ერთ ჩოგბურთელზე ფედერაციიდან?
- არ ვიცი, წელს როგორი დაფინანსება გვექნება. ფედერაცია თავის თავზე არაა დამოკიდებული.

რამდენსაც სახელმწიფო გამოყოფს, იქიდან გამომდინარე გადანაწილდება ყველაფერი. კაცებზე, ქალებზე, "იუნიორებზე". ამიტომ მეტს ვერ გააკეთებს. რაც არ არის, იმას ვერ მოგცემენ.

- დაახლოებით რა თანხა სჭირდება ჩოგბურთელს, მაგალითად, ანტალიაში ერთი ტურნირის ჩასატარებლად? ან საშუალოდ რა თანხაა საჭირო ერთი ტურნირის სრულყოფილად სათამაშოდ?
- 1000 ევრო არის საშუალოდ თანხა, რაც ერთი ტურნირის თამაშს ესაჭიროება. ესეც მარტო, მწვრთნელის გარეშე თუ მიდიხარ.

- სპორტი და ტოტალიზატორი ალბათ განუყოფელი თემაა. თქვენ რამდენიმე დღის უკანაც გამოაქვეყნეთ სურათი, სადაც გულშემატკივარი შეურაცხმყოფელ ტექსტს გწერდათ. რას იტყოდით ასეთ ფაქტებზე?
- ეგ ხშირად ხდება. ის სურათი, რომელიც გამოვაქვეყნე, საერთოდ არ არის შეურაცხმყოფელი იმასთან შედარებით, რასაც მწერენ. გულდასაწყვეტია, მაგრამ ავადმყოფ ადამიანებს მე ვერ ვუშველი.

- ქართველი გულშემატკივრებისგანაც თუ იღებთ მსგავს მესიჯებს?
- უმეტესად, ქართველი გულშემატკივრებისგან, თუ მაგას გულშემატკივარი ჰქვია.

- სხვა ქვეყნის მხრიდან თუ გქონიათ შემოთავაზება, რომ მათი სახელით გამოსულიყავით?
- კი, მაგრამ ეგ ნაბიჯი არ გადავდგი.

- რომელი ქვეყნიდან გქონდათ შემოთავაზება და რატომ თქვით უარი?
- 3 ქვეყნიდან მქონდა სხვადასხვა დროს შემოთავაზება. ქართველი ვარ და მსიამოვნებს ჩემი ქვეყნის სახელით თამაში.

მსიამოვნებს ნაკრებში ჩემი ქვეყნის  დროშის ქვეშ თამაში და არ მქონია არასოდეს სურვილი ამის შეცვლის.

შეიძლება მქონოდა ბევრად უკეთესი პირობები და ალბათ, ჩემი განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა ბევრად, მაგრამ არასოდეს მინანია ჩემი გადაწყვეტილება.

Sportall.Ge

- რომელია თქვენი კარიერის საუკეთესო შეხვედრა?
- ასე ერთს ვერ გამოვარჩევ. ბევრი მატჩი მითამაშია, რომლებსაც ჩემთვის ბევრი რამ შეუცვლიათ.

არაა აუცილებელი, ეს მატჩები გამოჩენილ ჩოგბურთელებთან იყოს. უბრალოდ, შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

- რა არის თქვენი მოტივატორი უშუალოდ შეხვედრის წინ? რაიმე ცრურწმენა თუ გაქვთ?
- არ მიყვარს, თამაშის წინ  ჩემს ჩოგანს თუ ხელს ვინმე ჰკიდებს. შეიძლება ძალიან გავბრაზდე.

ზოგადად, არ მიყვარს, როდესაც ხელს ჰკიდებენ, მაგრამ თამაშის წინ განსაკუთრებით.

თამაშის წინ აუცილებლად ვსვამ ყავას და ვცდილობ, ნაკლები ვილაპარაკო.

Sportall.Ge

- როგორც ამბობენ, ჩოგბურთელებმა ერთმანეთში მეგობრობა ნაკლებად იციან. რას იტყოდით ამის შესახებ და ვინ არიან საჩოგბურთო ტურში თქვენი მეგობარი ჩოგბურთელები?
- ვერ ვიტყვი, რომ ძალიამ ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ არც ის არის მართალი, რომ ტურში მეგობრობა არ იციან.

ჩემი საუკეთესო მეგობრები ჩოგბურთელები არიან და ყველაზე რთულ პერიოდებში მხარში მიდგანან.

შესაბამისად, მეც იმავეს ვაკეთებ. საჩოგბურთო ტურში 4 ძალიან ახლო მეგობარი მყავს.

ესენი არიან: ანასტასია ვასილიევა, ემილი ვებლი სმიტი, აკგულ ამანმურადოვა და ალა კუდრიავტსევა.

Sportall.Ge

- დაბოლოს, შეგიძლიათ მიმართოთ, ვისაც გინდათ ან თქვათ, რაც გსურთ...
- მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერს ყოველთვის, როდესაც კარგად ვთამაშობ და რაც მთავარია, ცუდ პერიოდებში. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გრძნობ ხალხის მხარდაჭერას.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ჭაობს, სადაც განახევრებული საქართველოს 95% იხრჩობა თავს ნუ შეაკლავ. თუ იქნება შეთავაზება კიდეც დათანხმდი.
0
წარმატებები! ღმერთმა გაგაძლიეროს!
ადრე ასეთივე ინტერვიუ წავიკითხე ანა ტატიშვილისა, რონელმაც ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და ამოისუნთქა... საქართველო არის ნიჭის სასაკლაო. Sopfia-ს მადლობა ჩემგან, როგორც რიგირთი ქართველისაგან, რომ დარჩი, მაგრამ ცოდო ხარ აქ. ალბათ უნდა წასულიყავი, სადაც მოქალაქეობას გთავაზობდნენ.
Sophia-ს
13:20 17-01-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული