სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილი VS ჯოკოვიჩი: რა შანსები აქვს ნიკას დღეს რომის ცენტრალურ კორტზე?

AutoSharing Option
ყველა გზა რომში მიდის და დღეს მარადიულ ქალაქში ლეგენდარული სერბის, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილის გზები ისტორიაში პირველად გადაიკვეთება.

რა შანსები აქვს ნიკას მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრის დამარცხების და საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი დიდი სენსაციის დაფიქსირების?

დავიწყოთ თავიდან. სპორტის ამ სახეობის ქომაგებს კარგად მოგეხსენებათ, რომ სერბს საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას და ამჟამად საუკეთესო კონდიციებში დაბრუნებას ცდილობს.

ბალკანელმა, 2017 წლიდან მოყოლებული, ორი ოპერაცია გაიკეთა, გამოიცვალა სამი მწვრთნელი და ამჟამად მარიან ვაიდასთან ერთად (ვისთან ერთადაც ნოლემ ძირითად წარმატებას მიაღწია), ცდილობს ძველი
ჯოკოვიჩი გახდეს.

მიმდინარე სეზონში ნოვაკს კარიერის ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. 17 ჩატარებული თამაშიდან მან მხოლოდ 7 მოიგო და რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არცერთ ტიტულს არ დასაკუთრებია.

რაც შეეხება უშუალოდ გრუნტზე (ქვიშაზე) ჩატარებულ თამაშებს, აქ ჯოკოვიჩმა 4-ჯერ მოიგო, ხოლო 3 შეხვედრა მეტოქეს დაუთმო.

ვისთან აქვს მიმდინარე წელს ნოვაკს წაგებული? ძალიან საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩი ინდიანაში იაპონელ ტარო დანიელთან დამარცხდა. ეს ის ჩოგბურთელია, ვისთვისაც ნიკოლოზს უპირობოდ მოუგია.

რამდენიმე კვირის უკან სერბი ასევე დამარცხდა სლოვაკ მარტინ კლიჟანთან, ვისთანაც ასევე ბასილაშვილს სოფიის ტურნირზე მოუგია.

აქვე ვთქვათ ნოვაკის მარცხზე დომენიკ ტიმთან და ამასაც შეგახსენებთ, რომ იმავე სოფიის ტურნირზე ნიკოლოზმა ტიემსაც აჯობა.

ჩნდება საინტერესო კითხვა: ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რატომ არ უნდა ჰქონდეს შანსი ბასილაშვილს ცუდ ფორმაში მყოფი ჯოკოვიჩის დამარცხების?

აქვე ვთქვათ, რომ ორივე ჩოგბურთელის დიდი მინუსი ჩაწოდება და ბადესთან თამაშია. ნოვაკს ამის პრობლემა ყოველთვის ჰქონდა და მისი გამოსწორება ბორის ბეკერთან თანამშრომლობამაც ვერ შეძლო.

ანალოგიური პრობლემა აქვს ნიკასაც. ბასილაშვილს ბადესთან თამაში ძალიან უჭირს. რაც ყველაზე ცუდია, ბადესთან მეტოქის მოძრაობას არ აკონტროლებს, რის გამოც ხშირად ქულას კარგავს.

ნიკას მთავარი უპირატესობა მუდმივად შეტევაზე გადასვლა და მეტოქის ზეწოლის ქვეშ ყოფნაა. ჯოკოვიჩს კი ასეთი მეტოქეები ნამდვილად არ უყვარს.

ბოლო პერიოდში მსოფლიოს 4 წამყვანი ჩოგბურთელიდან (რაფაელ ნადალი, ენდი მარეი, როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი) ნიკოლოზი ორ მათგანს შეხვედრია.

მართალია, ლეგენდარულ შვეიცარიელთან ავსტრალიის ღია პირველობაზე და რაფაელ ნადალთან როლან გაროსზე უპირობოდ წააგო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ამ შეხვედრებს მისთვის გამოცდილება არ მიეცა.

თავისი საუკეთესო თამაშის ჩატარების შემთხვევაში ბასილაშვილს გამარჯვების შანსი ნამდვილად ექნება. იმედი ვიქონიოთ, რომ მატჩი ცალ კარში არ წარიმართება და დღეს, რომის საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალურ კორტზე, თბილისის დროით 16:00 საათზე, ერთ-ერთ უდიდეს სენსაციას სწორედ ნიკა შემოგვთავაზებს.
ასევე დაგაინტერესებთ