მონტე-კარლოს მასტერსის მოსალოდნელი ფინალი: ნადალი VS ჯოკოვიჩი

AutoSharing Option
მონაკოში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირი ჩოგბურთში - მონტე-კარლოს მასტერსი ფინალურ ფაზაში შევიდა.

დღეს, 19 აპრილს მეოთხედფინალები გაიმართება და წესით, საკმაოდ საინტერესო თამაში უნდა ვიხილოთ.

მეოთხედფინალური მატჩები სერბი დუშან ლაიოვიჩისა და იტალიელი ლორენცო სონეგოს შეხვედრით გაიხსნება.

ამ დაპირისპირებაში ფავორიტი სერბია, რომელიც დღევანდელი რეიტინგით მსოფლიოს 48-ე ჩოგანია. ლაიოვიჩი ახლა წლის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. თან მონტე-კარლოს მასტერსის მერვედფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-5 ჩოგანი დომინიკ ტიმი საკმაოდ ადვილად, ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:3 დაამარცხა.

არადა, მიმდინარე სეზონში მას 3 თამაში არცერთ შეჯიბრზე არ მოუგია.

რაც შეეხება
ახალგაზრდა იტალიელს, რომელსაც ATP-ის რეიტინგში 96-ე ადგილი უკავია, მან ტურნირი საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო, თან აღნიშნულ 5 მატჩში მხოლოდ 1 სეტი წააგო, ისიც საკვალიფიკაციო ბადის პირველ შეხვედრაში იაპონელ ნიშიოკასთან და მეოთხედფინალისკენ მიმავალი გზიდან მსოფლიოს მე-12 ჩოგანი კარენ ხაჩანოვი ჩამოიცილა.

წესით, საინტერესო და დაძაბული შეხვედრა უნდა გამოვიდეს. ორივე ჩოგბურთელი კარგ ფორმაშია, თუმცა მცირე უპირატესობა მაინც სერბს აქვს. აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან.

შემდეგი შეხვედრა უფრო საინტერესო და სანახაობრივი უნდა იყოს. ტურნირის ფავორიტი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი რუს დანილ მედვედევს დაუპირისპირდება.

ჯოკოვიჩი ვინაა და რა დონის ჩოგბურთელია, ვიცით, თუმცა რუსი, რომელიც საკმაოდ კარგი მოთამაშეა, მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს. წინა ეტაპზე მედვედევმა სტეფანოს ციციპასი 3 სეტში ანგარიშით 6:2, 1:6, 6:4 დაამარცხა.

ხოლო ჯოკოვიჩმა ახალგაზრდა ტეილორ ფრიცს იოლად - 6:3, 6:0 მოუგო. აქამდე ჩოგბურთელები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე სერბის გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელი ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში იყო, სადაც ნოლემ რუსი 4 სეტში 6:4, 6:7, 6:2, 6:3 დაამარცხა.

მედვედევი დაცვითი სტილის მოთამაშეა, თუმცა მსგავსი თამაშით ჯოკოვიჩთან მხოლოდ ერთ ჩოგბურთელს აქვს შანსები და ისიც ფინალამდე ვერ შეხვდება, ხოლო მედვედევს მოგებისთვის შეტევა მოუწევს, რაც ისე კარგად არ გამოსდის, რომ ჯოკოვიჩის დამარცხება შეძლოს.

ყველაზე თანაბარი დუელი, ალბათ, ჩორიჩი-ფონინის დაპირისპირებაა. მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, ხორვატი ბორნა ჩორიჩი მე-18 ჩოგან ფაბიო ფონინის შეხვდება.

ხორვატს მეოთხედფინალამდე საკმაოდ მარტივი ბადე ჰქონდა, თუმცა მარტივი გზა არ გაუვლია (ორი სამსეტიანი თამაში ჰქონდა). ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მეტოქეს - 49-ე ჩოგან პიერ ჰერბერტს კი ორ სეტში 6:4, 6:2 მოუგო.

რაც შეეხება იტალიელს, მისთვის მონტე-კარლოს მასტერსი ყველაზე წარმატებული ტურნირია სეზონში. ლაიოვიჩის არ იყოს, არც მას ჰქონდა მონაგები 3 შეხვედრა არცერთ ტურნირზე, თან, მერვედფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-3 ჩოგანი ალეკსანდრ ზვერევი 2 სეტში 7:6, 6:1 დაამარცხა.

თამაშის შემდეგ გერმანელმა დაიწუწუნა, ტრავმით ვთამაშობდიო, მაგრამ ეს ფონინის კარგ თამაშს არ უკარგავს. ჩორიჩიც და ფონინიც ლამაზ ჩოგბურთს თამაშობენ, ეტაპობრივად ცვლიან შემტევ და დაცვით სტრეტეგიებს. ამ შეხვედრაშიც, ალბათ, ასე იქნება.

ფავორიტის დასახელება რთულია, თუმცა, ფორმიდან გამომდინარე, ჩორიჩს უფრო მეტი შანსი აქვს. თან საჭირო დროს ხორვატს კონცენტრაციის პრობლემა არ აქვს და არც მეტოქეა ისეთი, მისი დამარცხება რომ არ შეეძლოს. ეს ჩოგბურთელები აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, შორეულ 2014 წელს ხორვატიის ღია პირველობაზე, სადაც ფონინიმ ჯერ კიდევ 18 წლის ჩორიჩი 3 სეტში დაამარცხა 5:7, 7:6, 6:3.

ბოლოს კორტზე გუიდო პელა და რაფაელ ნადალი გამოვლენ. არგენტინელი, რომელიც მსოფლიოს 35-ე ჩოგანია, საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს. წელს უკვე სამი ტურნირის ფინალი ითამაშა: მონტევიდეოში, კორდობასა და სან პაულუში. მონტევიდეოსა და სან პაულუში გაიმარჯვა კიდეც. რაფაელ ნადალი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და შესანიშნავად თამაშობს. ჯერ ბაუსიტა აგუტს 6:1, 6:1 მოუგო, შემდეგ გრიგორ დიმიტროვიც მიაყოლა ზედ - 6:4, 6:1.

ეს ყველაზე არათანაბარი წყვილია მეოთხედფინალურ შეხვედრებში. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგენტინელს არანაირი შანსი არ აქვს, 3-4 გეიმი თუ მოიგო, მაგითიც ბედნიერი უნდა იყოს. აქამდე ჩოგბურთელები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ნადალმა მოიგო. ბოლოს 2018 წელს, "როლან გაროსზე" რაფამ მეტოქე სამ სეტში 6:2, 6:1, 6:1 დაამარცხა.

ყველაფერი კი იქით მიდის, რომ ტურნირის ფინალურ მატჩში ერთმანეთს პლანეტის ორი საუკეთესო ჩოგბურთელი შეხვდება და საჩოგბურთო სამყარო კიდევ ერთ დიდ მატჩს იხილავს.

მონტე-კარლოს მასტერსის გამარჯვებული კი 1000 სარეიტინგო ქულასა და 958, 055 ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი განაგრძობს ასპარეზობას მონტე-კარლოს მასტერსის წყვილთა შეჯიბრში, სადაც თავის მოლდოველ მეწყვილე რადუ ალბოტთან ერთად ჰოლანდიურ წყვილს (ჰაასე-კოლჰოფი) დაუპირისპირდება. მატჩი დღეს, 19 აპრილს, თბილისის დროით 14:30 წუთზეა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული