სხვა

ჩოგბურთი

ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელის წარმატება - საბა ფურცელაძემ მე-5 და მე-4 კატეგორიების ტურნირები მოიგო

AutoSharing Option
მზიურის საჩოგბურთო ბაზაზე 18 წლამდე ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურინირი - ITF TBILISI CUP-ი დასრულდა.

ერთეულთა თანრიგში საბა ფურცელაძემ შვეიცარიელი ჟან მარკ მალკოვსკი დაამარცხა და ITF MZIURI CUP-ის შემდეგ ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო.

საბას მსგავსად, წყვილთა თანრიგში ზედიზედ ორი გამარჯვება ნათია გაგოშიძემ და ნინო ნაცვლიშვილმა იზეიმეს. ქართველებმა ჯერ ITF World Tennis Tour Junior-ი  მოიგეს, შემდეგ კი, ITF Tbilisi Cup-ის ფინალში ლატვიელი და რუსი გოგონების წყვილი დაამარცხეს.

Sportall.ge საბა ფურცელაძეს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- გამარჯობა, საბა. გვითხარი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის
ორ ტურნირზე გამარჯვება?
- საკუთარ ქვეყანაში თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირები იყო ჩემთვის, როგორც გამოცდილების, ისე ქულების მხრივ. ასევე, ამ შეჯიბრების მოგება ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან დამეხმარება.

- რამდენად რთული იყო გამარჯვების მოპოვება?
- პირველი ტურნირი მარტივად დავიწყე. მეოთხედფინალში გამიჭირდა პირველად. სამი სეტის თამაში დამჭირდა, გადამწყვეტ სეტში 7:5 მოვიგე და დაახლოებით 3 საათი ვითამაშე. ამის შემდეგ ნახევარფინალი შედარებით ადვილად გადავლახე, თუმცა ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

4 მატჩ-პოინტის გადარჩენა შევძელი და მოვიგე თამაში. ამაში კი ძალიან დიდი წვლილი გულშემატკივარს მიუძღვის. ბევრი ადამიანი იყო მოსული და ეს ძალიან დამეხმარა.

მეორე ტურნირი კი უკვე მეოთხე კატეგორიის შეჯიბრება იყო, უფრო მაღალი დონის, ვიდრე პირველი. აქ პირველ წრეში იმას შევხვდი, ვინც მე-5 კატეგორიის ტურნირის ფინალში დავამარცხე.

პირველი სეტი 6:7 მქონდა წაგებული, მეორე სეტში 1:3-ს ვაგებდი, მაგრამ მაინც შევძელი თამაშის შემოტრიალება. ნახევარფინალში ადვილად გავედი, იქ კი 120-ე ჩოგანს 6:0, 6:1 მოვუგე. ფინალში პირველი სეტი კარგად ჩავატარე, 6:2 მოვიგე. მეორე სეტში მოწინააღმდეგე ცოტა წინ წავიდა, თუმცა საბოლოოდ მაინც შევძელი მოგება - 7:5.

- შენი აზრით, რა არის შენი თამაშის ძლიერი მხარე და რა კომპონენტებში გაქვს გასაუმჯობესებელი?
- მიმაჩნია, რომ ჩემი ძლიერი მხარე მოწოდება და აგრესიული დარტყმებია, ხოლო რაც შეეხება გასაუმჯობესებელ ნაწილს, სიზუსტეში უნდა მოვუმატო და ტაქტიკურად უფრო სწორად ვითამაშო. ასევე, გაცილებით უფრო სტაბილური უნდა ვიყო.

- რა არის შენი უახლოესი გეგმები?
- ორ კვირაში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია თელავში ორ 18-წლამდელთა ტურნირს გამართავს. მე ორივეში მივიღებ მონაწილეობას. ამის შემდეგ ისევ თელავში ჩვენი ფედერაცია მესამე 15 000-იან ტურნირს ატარებს. იმ ტურნირშიც ძირითად ბადეში ვითამაშებ.

შეჯიბრებაში მონაწილეობის მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. მართალია, აქ მოგება უფრო რთული იქნება, თუმცა მე ყველაფერს გავაკეთებ აღნიშნულ ტურნირზე წარმატების მისაღწევად.

- დაბოლოს, ვინ არის შენი საყვარელი ჩოგბურთელი?
- განსაკუთრებულად გამორჩეული ჩოგბურთელი არ მყავს. ძალიან მომწონს ნადალისა და ფედერერის თამაშის ყურება. როგორც ადამიანი, ჯოკოვიჩი მომწონს ბავშვობიდან, თუმცა მისი თამაშის ყურება სიამოვნებას არ მანიჭებს.