მარიამ ბოლქვაძე WTA-ს საიტის პირველ გვერდზე - "ის არსაიდან მოვიდა და დიდი სცენისთვის მზად არის"

AutoSharing Option
WTA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველი ჩოგბურთელის, მარიამ ბოლქვაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და პირველ გვერდზე განათავსა.

Sportall.ge გთავაზობთ აღნიშნული ტექსტის თარგმანს.

"კვალიფიკაციიდან მოსული მარიამ ბოლქვაძე US Open-ის ზღვარზე: მე ვცდილობ, ამერიკის ღია ჩემპიონატს ის მივუდგე, როგორც ჩვეულებრივ ტურნირს.

კარიერის გახურების პროცესში ამერიკის ღია ჩემპიონატზე მარიამ ბოლქვაძე ძალებს ჯერჯერობით თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის იკრებს, რომელშიც მსოფლიოს მე-3 ჩოგან კაროლინა პლისკოვას დაუპირისპირდება არტურ ეიშის სახელობის კორტზე.

ქართველ მარიამ ბოლქვაძეს US Open-ის კორტებს შორის გზის გასაკვლევად გიდი სჭირდებოდა, რათა საკვალიფიკაციო რაუნდში თავისი პირველი მატჩი გაემართა,
ახლა კი პირდაპირ Arthur Ashe Stadium-ზე მოხვდა, რომელიც ტურნირის ცენტრალური არენა და მსოფლიოში ყველაზე დიდი საჩოგბურთო სტადიონია.

Sportall.Ge

21 წლის ცაციას აქამდე WTA-ს დონეზე ერთი შეხვედრაც არ ჰქონდა მოგებული და დიდი სლემის ტურნირებზე ერთი გამარჯვებითა და საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული მოგებებით US Open-ის მეორე წრის შეჯიბრებაზე მე-3 ნომრად განთესილ კაროლინა პლისკოვას შეხვდება.

ბერნარდა პერასთან (სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელი იყო ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სპორტსმენი, რომლის წინააღმდეგაც ბოლქვაძეს ოდესმე უთამაშია) გამართული 3-სეტიანი დაძაბული მატჩის შედეგ მარიამ ბოლქვაძემ საკუთარი თავი მშვიდ პერსონად წარმოაჩინა, რომელმაც დამაჯერებლად გაიარა პრესდარბაზისკენ მიმავალი გზა; არაფრად ჩაუგდია ის, რომ ნიუ-იორკში სრულიად მარტოა და არც გუნდი ჰყავს და არც ოჯახი, რომელიც მხარს დაუჭერდა.

"ოჯახიც და გუნდიც მე თვითონ ვარ!" - იხუმრა ბოლქვაძემ. "თუმცა, ჩემი მეგობრები, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობენ, მოდიან ჩემ საგულშემატკივროდ, როცა შეუძლიათ და ქართული წრე იკვრება.

Sportall.Ge

მწვრთნელი აპირებდა ჩემთან ჩამოსვლას, თუმცა ბოლო დროს გეგმები შეიცვალა და ვეღარ მოახერხა. მას შემდეგ, რაც ძირითად ბადეში გავედი, ვფიქრობდი მის ჩამოყვანაზე, თუმცა ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ გეგმა მაინც მუშაობს და ჩემი გზა უნდა განვაგრძო. როცა დედაჩემმა გაიგო, რომ მწვრთნელი არ იქნებოდა ჩემთან ერთად, მას უნდოდა წამოსვლა, მითხრა, "რას ამბობ, სულ მარტო ყოფნას როგორ აპირებ" და მსგავსი ფრაზები.

მე კი მარტო ყოფნას შეჩვეული ვარ და მომწონს კიდეც. ასე რომ, მარტოობა არ მაწუხებს."

ეჭვგარეშეა, ბოლქვაძემ საკუთარ თავთან მუშაობა 13 წლიდან ისწავლა, როცა მშობლიური საქართველოდან ლონდონში ოცნების ასასრულებლად და ჩოგბურთის სათამაშოდ გადავიდა.

თავის ნათლიასთან მცხოვრებმა ბოლქვაძემ ძალიან დიდი სარგებელი ბრიტანეთის ჩოგბურთის პროგრამიდან მიიღო.

"ჩოგბურთის მხრივ, საქართველოს არა უშავს, თუმცა ლონდონში უფრო კარგი პირობები მექნებოდა, საკუთარ თავსაც უკეთ მოვუვლიდი, რადგან საერთო ჯამში, ბრიტანული პროგრამა უკეთესი იყო. მათ ძალიან ბევრი ჩოგბურთელი ჰყავთ. ძალიან მომწონს ის დრო, როცა ჩისუიქის "Dukes Meadows"-ში ვვარჯიშობდი".

ბოლქვაძე, რომელიც ქართულ ენაზეც ბრიტანული აქცენტით საუბრობს, განაგრძობს ლონდონში ცხოვრებას, არის გოგონებში უიმბლდონის წყვილთა შეჯიბრების ფინალისტი და პირველი ქართველი ქალი ჩოგბურთელი სოფია შაფათავას შემდეგ (2014 წელს, როლან გაროსი), რომელმაც დიდი სლემის ძირითად ბადეში მოახერხა თამაში.

21 წლის ბოლქვაძე საუკეთესო პირადი სეზონის შუა ნაწილშია და კარიერის ყველაზე მაღალი შედეგიც დააფიქსირა, ის მსოფლიოს ტოპ 200 ჩოგბურთელს შორის პირველად იქნება. ეს განსხვავდება იმისაგან, რა მდგომარეობაშიც მსოფლიოს 569-ე ჩოგანი მარიამ ბოლქვაძე იყო 2018 წლის მარტში, როცა მძიმე ტრავმის შედეგად 6 თვე გაუცდა და სწორედ მაშინ უბრუნდებოდა ჩოგბურთს. ამ წელს კი მძიმე შრომა დაუფასდა და  ITF-ის  W25-იანი კატეგორიის 3 ფინალში გავიდა, მესამე კი მოიგო კიდეც, ობიდოსში, აპრილის თვეში.

ისე ჩანს, რომ ბოლქვაძე არსაიდან მოვიდა და დიდი სცენისათვის მზად არის და ახლა ის მომენტი დგება, რისთვისაც შრომობდა და რასაც გეგმავდა.

Sportall.Ge

"გასულ წლებში ბევრ შეჯიბრებაში არ მიმიღია მონაწილეობა. ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ჩემი პირველი წელია, როცა სრული სეზონის მანძილზე ვთამაშობ. გარკვეული სახის ტრავმები ისევ მაწუხებს, თუმცა კორტზე ყოფნიდან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.

ჩემთვის ეს წარმატება (რეიტინგში დაწინაურება) სწრაფად არ მოსულა. იცით, მე.... ნუ, კარგი, შეიძლება ეს ძალიან თავდაჯერებულად ჟღერდეს, თუმცა ეს ყველაფერი დიდი პროცესის ნაწილია.

რას ველოდი?.. იცით, მე ამ შეჯიბრებაზე ამდენს არ ველოდი, თუმცა მქონდა მოლოდინი, რომ ამ წელს რეიტინგში უნდა დავწინაურებულიყავი, რადგან ფიზიკურად და მენტალურად თავს კარგად ვგრძნობდი, წინსვლის განწყობა მქონდა."

უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, ბოლქვაძე სასტუმრო Queens-ში ცხოვრობს, ახლა კი კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება და მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს მწვრთნელთან. როგორც ამ საუკუნის ჭეშმარიტი შვილი, ბოლქვაძეს ტექსტური მიმოწერა ურჩევნია ხმოვან კავშირს.

"ადამიანებთან მობილური ტელეფონით საუბარი არ მიყვარს და ეს მწვრთნელმაც იცის."

ბუნებრივია, ბევრი არ უფიქრია და მანჰეტენის მონახულება იქამდე გადადო, სანამ ტურნირი მისთვის არ დასრულდება. ასევე, საოცარია აღფრთოვანების ის ფორმა, რაც მის ხმაში იგრძნობა, როცა მსოფლიოს მესამე ჩოგანთან ჩოგბურთის უდიდეს კორტზე გასამართი შეხვედრის შესახებ საუბრობს.

"იცით, მენტალურად ეს ყველაფერი როგორაა... აი, ჩემს გონებაში ეს ყველაფერი თითქოს, უკვე გავიარე... იცით, რომ აქ არ არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ისეთი გრძნობა მაქვს, რომ... როცა შეხვედრას ვიგებ, ეს თითქოს ჩვეულებრივი რამ არის, არაფერი განსაკუთრებული. არ ვიცი, ყველა ასე განიცდის თუ არა, მაგრამ ერთადერთი რამ, რაც ნორმალურად არ მეჩვენება, ჩემი ფეისბუქისა და ინსტაგრამის "აფეთქებაა" (იცინის). ეს ცოტათი უცნაურია, დანარჩენს კი არა უშავს.

მე ვცდილობ, ამერიკის ღია ჩემპიონატს ისე მივუდგე, როგორც ჩვეულებრივ ტურნირს, უბრალოდ უფრო მეტი მაყურებლითა და უდიდესი  გამოცდილებით. მინდა, შემდეგ დაპირისპირებას, როგორც რიგით მატჩს, ისე შევხედო და ვნახოთ, რა გამოვა.

კორტზე ყოფნისას ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თამაშით სიამოვნება მივიღო. განსაკუთრებით ახლა, როცა ჩემგან ბევრს არავინ ელოდება. ასე რომ, მსურს სასიამოვნო წუთები უბრალოდ გაგრძელდეს. მინდა, რომ სანამ გამომივა, თავი ზედმეტ ზეწოლას ავარიდო."

მარიამ ბოლქვაძე კაროლინა პლისკოვას წინააღმდეგ დღეს, 28 აგვისტოს ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მარტო კიარ ხარ მარიამ მთელი საქართველო შენს გვერდით არის წარმატებები ამ ლამაზ გოგოს ))))
ტოტტი
16:06 28-08-2019
1
ამ გოგონას სახელს კიდევ არაერთხელ გავიგებთ... სხვათა შორის, უშანსოდ არც პლისკოვასთან იქნება და იქნებ, ლინკი დადოთ - ეცოდინება, რომ მართლა არაა მარტო...
მ. ტ.
17:11 28-08-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული