სხვა

ჩოგბურთი

ვინ არის ბასილაშვილის 18 წლის მეტოქე, რომელიც მოგებულ თანხასაც ვერ იღებს

AutoSharing Option
თუ წვიმამ კიდევ არ შეუშალა ხელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი US OPEN-ის მეორე წრის შეხვედრას დღეს, 29 აგვისტოს, მე-5 კორტზე 18 წლის ამერიკელი ჯენსონ ბრუქსბის წინააღმდეგ გამართავს.

ბრუქსბის, რომელიც ოქტომბერში გახდება 19 წლის, atptour-მა მცირე სტატია მიუძღვნა, რომლის თარგმანსაც ჩვენ გთავაზობთ.

"ჯენსონ ბრუქსბის შესანიშნავი მომენტი ჰქონდა ორშაბათს, როცა მსოფლიოს ყოფილი მე-4 ჩოგანი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა და ასეთ დონეზე პირველად მოიგო შეხვედრა. ეს ახალგაზრდა ჩოგბურთელისთვის პირველი გამარჯვება იყო ტოპ-ასეულის ჩოგბურთელის წინააღმდეგ.


1. ახალგაზრდულ დონეზე ბრუქსბიმ საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწია

2018 წელს USTA
Boys’ 18s National Championships-ის მოგებით, ახალგაზრდულ US Open-ზე ითამაშა და უნდა ვთქვათ, რომ ძალიან კარგად. ჯენსონმა აღნიშნულ შეჯიბრებაზე ნახევარფინალში იასპარეზა და ეს მისი ბოლო ტურნირი იყო, რომელიც ახალგაზრდულ დონეზე ჩაატარა.

2. ის ძალიან კარგ ფორმაშია

იქამდე, სანამ US Open-ზე გამოვიდოდა, ITF Pro კატეგორიის ზედიზედ ორი ტურნირი მოიგო ილინოისში. პირველი ტიტული კი წელს, კალიფორნიაში გამართულ ITF Pro Circuit ღონისძიებაზე მოპოვებული გამარჯვება იყო. შემდეგ თვეში კი უკვე ATP Challenger-ის ძირითად ბადეში ჰქონდა დებიუტი, ქალაქ სარასოტაში.

3. ის ATP-ის რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდება

18 წლის ჩოგბურთელი ამჟამად 394-ე ჩოგანია, თუმცა, დიდი ალბათობით, დაახლოებით, 280-ე ჩოგანი გახდება, როგორც კი ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება. თუ მეორე ტურის მატჩის მოგება მოახერხა, ტოპ 250-ში მოხვდება.


4. ბრუქსბი კოლეჯის სტუდენტი გახდა

2020 წლის იანვრიდან ბრუქსბი ბაილორის უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტი გახდება და იქ ითამაშებს ჩოგბურთს. თუმცა, სანამ სწავლას დაიწყებს, იქამდე რამდენიმე პროფესიონალურ ტურნირზე აპირებს თამაშს.


5. თინეიჯერი ჩოგბურთელი ძალიან ბევრ ფულს კარგავს

კოლეჯის სტუდენტებს არ აქვთ უფლება, აიღონ საპრიზო თანხისთვის განკუთვნილი ფული იქამდე, სანამ კოლეჯში სწავლას არ დაასრულებენ, მოყვარულის სტატუსი აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ბრუქსბის ხელიდან ეცლება მოგებული 100 000 დოლარი, რომელიც US Open-ის მეორე წრეში გასვლისთვის დაიმსახურა. სხვათა შორის, საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო შეხვედრის მოგების შემდეგ New York Times-თან საუბრისას ბრუქსბიმ აღნიშნა, რომ არ იყო დარწმუნებული იმაში, მოახერხებდა თუ არა პროფესიონალის სტატუსის მოპოვებას, რაც მას თანხის მიღების საშუალებას მისცემდა.

ნიკოლოზსა და ჯენსონს შორის შეხვედრა გუშინ წვიმის გამო გადაიდო, დღეს კი მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზეა ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ