დღეს, 9 სექტემბერს გამართულ US Open-ის ფინალში 5-სეტიან (5:7, 3:6, 7:5, 6:4, 4:6) დაპირისპირებაში მარცხის შემდეგ ეკრანზე რაფაელ ნადალის მიერ მოგებულ სლემებს აჩვენებდნენ, კადრებს იმ სლემების ფინალებიდან, როცა რაფამ გაიმარჯვა და ამასთან დაკავშირებით დანილ მედვედევმა საკმაოდ ღირსეული და ამავე დროს, მხიარული რამ თქვა:
"როცა ეკრანს ვუყურებდი და იქ ჩანდა პირველი დიდი სლემი, მეორე, მესამე.... მე-19, იცით, როგორი რეაქცია მქონდა? "მე რომ მომეგო, ნეტა რას აჩვენებდნენ?"
23 წლის დანილ მედვედევისთვის ეს დიდი სლემის პირველი ფინალი იყო, რომელშიც თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ მედვედევსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ნიკოლოზმა აღნიშნა კიდეც, რომ ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ სწორედ დანილს გულშემატკივრობდა.
მედვედევი უკვე მსოფლიოს მე-4 ჩოგანი გახდა და როჯერ ფედერერს არც ისე ბევრი ქულით ჩამორჩება. ხოლო რაფა კი, მეორე ადგილზე დარჩა, თუმცა ნოვაკ ჯოკოვიჩთან 600 სარეიტინგო ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა.