ახალი გამოწვევა - ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი და მსოფლიოს მე-17 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს, 19 სექტემბერს, მეცის მუზლის ღია ჩემპიონატზე გამოსვლას დაიწყებს. ნიკოლოზი ტურნირზე მე-2 ნომრად არის განთესილი და ამიტომ, პირველი ტური გამოტოვა. მეორე ტურში მისი მეტოქე გერმანელი იანიკ მადენი (129) იქნება.

შარშან ნიკოლოზმა ამ ტურნირის 1/4-ფინალში მოახერხა გასვლა, რისთვისაც 45 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და ახლა ეს ქულები დასაცავი აქვს. 2018 წელს ნიკოლოზმა ორ ფრანგს აჯობა - კენი დე შეპერსა და უგო უმბერტს. მეოთხედფინალში კი, იაპონელ კეი ნიშიკორისთან 3 სეტში დამარცხდა - 3:6, 6:4, 4:6.
ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მეცის ტურნირზე ნახევარფინალში თამაშია, რომელიც მან 2017 წელს მოახერხა.

წლევანდელ ტურნირზე 1-ელ ნომრად ბელგიელი დავიდ გოფინი არის განთესილი, რომელიც, ბუნებრივია, საშეჯიბრო ბადის მეორე ნაწილშია. მადენის დამარცხების შემთხვევაში კი, ბასილაშვილი ჟო ვილფრიდ ცონგასა (51) და პიერ ჰერბერს (55) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მეცის ტურნირი 250-იან კატეგორიაში შედის და დახურულ, ჰარდის კორტებზე იმართება. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 524,340 ევრო გახლავთ. გამარჯვებული 90,390 ევროსა და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ბასილაშვილისა და მადენის შეხვედრა დღეს, 19 სექტემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზეა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული