დიდი ფორუმის მოლოდინში - ქართველი ჩოგბურთელები ვარსკვლავებს შეხვდებიან

AutoSharing Option
2020 წლის 4 იანვრიდან საქართველოს ნაკრები დიდ საჩოგბურთო ფორუმზე მიიღებს მონაწილეობას და ეს ნიკოლოზ ბასილაშვილის დამსახურებაა.

ATP CUP - ასე ეწოდება ტურნირს, რომელიც ისტორიაში პირველად გაიმართება. საქართველოს ნაკრები კი ჯგუფში ესპანეთთან, ურუგვაისთან და იაპონიასთან ერთად მოხვდა.

უკვე ცნობილია, რომ ჩვენი ჩოგბურთელები ავსტრალიის ქალაქ პერჩში გამართავენ შეხვედრებს.

სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების განაცხადი ასეთი იქნება: ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, სანდრო მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში.

ტურნირში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს, რომელიც ექვს 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. შემდეგი ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო 2 მეორეადგილოსანი მოიპოვებენ.

ჯგუფში თითოეული ნაკრები ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდება. სულ სამი მატჩი გაიმართება, ორი შეხვედრა ერთეულებში, ერთი კი წყვილებში.

ჩვენს ჩოგბურთელებს მატჩების გამართვა ისეთ ლეგენდარულ ჩოგბურთელებთან მოუწევთ, როგორებიც რაფაელ ნადალი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, პაბლო კარენო ბუსტა, კეი ნიშიკორი და პაბლო კუევასი არიან.

საინტერესოა, რომ არა ეს ფორმატი, საქართველოს ნაკრებს მსგავსი შანსი არც მიეცემოდა, რადგან დევისის თასზე ჩვენი გუნდი საკმაოდ დაბალ დივიზიონშია და ძირითადად, სუსტ გუნდებთან უწევს დაპირისპირება.

ფაქტი ერთია, რომ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა და ახლა სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ ამ დიდ ფორუმზე საქართველოს დროშა იფრიალებს.

როგორც იცით, ნიკოლოზმა რამდენიმე კვირის წინ იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და აღდგენით პერიოდს გადის. დიდი ალბათობით, ის ATP CUP-სთვის სრულიად მოასწრებს გამოჯანმრთელებას და კორტზე დაბრუნებას.

ტურნირის საპრიზო თანხა 15 მილიონი დოლარია. ნაკრების პირველი ნომერი ჯგუფში ერთი მატჩის მოგების შემთხვევაში 39 400 დოლარს, მეორე ნომერი კი 27 600 დოლარს გამოიმუშავებს.
რაც შეეხება წყვილებს, აქ გამარჯვების შემთხვევაში, თითოეული მოთამაშე 8 375 დოლარს მიიღებს.

ტურნირი 3 იანვარს დაიწყება, საქართველოს ნაკრები თავის პირველ მატჩს კი 4 იანვარს პერჩში, ესპანეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა ნიკა
თორნიკე
22:47 02-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული