სხვა

ჩოგბურთი

Australian Open: ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერდასკოსთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
მსოფლიოს 29-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მეორე წრეში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს (51) დაუპირისპირდა და 4 სეტში დამარცხდა - 6:4, 6:7, 4:6, 4:6.

ნიკოლოზმა ესპანელ მეტოქეს, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს მე-7 ჩოგანი იყო და ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალშიც უთამაშია (2009 წ.), პირველ სეტში 6:4 სძლია.

მეორე სეტის მესამე გეიმში ბასილაშვილი ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა მე-6 გეიმში საკუთარი მოწოდება წააგო და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. ტაიბრეიკზე ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა, ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ, 5:5-ზე კი ნიკოლოზმა საკუთარი მოწოდება დათმო და მომდევნო გათამაშებაში
ვერდასკომ სეტი მოიგო - 7:6.

მესამე სეტის მესამე გეიმი ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე წააგო. ამის შემდეგ ჩოგბურთელები საკუთარ გეიმებს მშვიდად იგებდნენ. 4:5-ზე, როცა ვერდასკო სეტზე აწვდიდა, ნიკოლოზს ბრეიკპოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა და სეტი დათმო - 4:6.

მეოთხე სეტის მეორე გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი საკუთარი მოწოდება წააგო. მართალია, მე-6 გეიმში ბრეიკით წონასწორობა აღადგინა, თუმცა მომდევნო გეიმი საკუთარ მოწოდებაზე წააგო. 4:5-ზე კი სამმაგი ბრეიკპოინტი ჰქონდა, თუმცა ვერდასკომ 0:40-დან ამოუქაჩა ბასილაშვილს. ამის შემდეგ მატჩპოინტი იყო, თანაბარი, მერე ისევ ბრეიკპოინტი და საბოლოოდ ესპანელმა მოიგო - 6:4.

ნიკოლოზმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მეორე წრეში გასვლით 128 000 დოლარი გამოიმუშავა, 45 სარეიტინგო ქულა კი დაკარგა, რადგან შარშანდელ გათამაშებაში ნაჩვენები შედეგი (მე-3 წრე) ვეღარ გაიმეორა.

ასევე დაგაინტერესებთ