სხვა

ჩოგბურთი

ბერიამ უთხრა: მოიგებ და ოჯახს გაჩუქებთ - როგორ დახვრიტეს ქართველი ჩემპიონი სტალინის ბრძანებით

AutoSharing Option
თანამედროვე პორტრეტი წარმატებული სპორტსმენისა ასეთია - საშუალოსტატისტიკური ნიჭის ფეხბურთელი, მდიდარი, "მიმწოლი", რომელიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს. საკუთარი საზოგადოება მათ როგორც სამშობლოს დამცველ სიმბოლოდ კი არ აღიქვამს, არამედ 21-ე საუკუნის ახალ ადამიანად, მათ შორის, ახალ ქართველად, რომელსაც, ალბათ, რუსი კოლეგასავით ნიანგის ტყავის პირბადე სურს, "ინსტაგრამსა" და "ფეისბუქზე" ნამდვილი ვარსკვლავია და შავი "ბე-ემ-ვეს" ნაცვლად შავი გელენვაგენი სურს.

გასული ასწლეულის დასაწყისში სპორტი ამდენად მომგებიანი არ ყოფილა და ამიტომ, იმდროინდელი ტოპ-ათლეტები თანამედროვე საზომით დაბალი კლასის წარმომადგენელთა პირობებში ცხოვრობდნენ ან მაქსიმუმ, საშუალოს. ჩოგბურთელი არჩილ
მდივანი წარმოშობით ნამდვილი ოქროს ბიჭუნა იყო - მამამისი ბუდუ მდივანი 1910-იან წლებში ქართული ბოლშევიზმის ლიდერი გახლდათ, საქართველოს გასაბჭოებაში დიდი როლი შეიტანა და საქართველოს ცენტრალური კომიტეტის კომპარტიის პრეზიდიუმის წევრიც გახდა. ქართველი ხალხისა და ზოგადად, ქვეყნის ცხოვრება მარტივად არ მიდიოდა, თუმცა ელიტური ოჯახების შვილები თავს ცუდად ნამდვილად არ გრძნობდნენ.

არჩილი კორტზე პირველად 7 წლის ასაკში აღმოჩნდა. პლეხანოვის გამზირზე არსებული საჩოგბურთო სკოლა ერთადერთი ადგილი იყო, სადაც სპორტის ამ სახეობით გართობა და თამაში შეიძლებოდა. მას პარიზში დაბადებული ბერძენი იან ჰომერი ედგა სათავეში, რომელიც ქართული ჩოგბურთის ფუძემდებელია. უმცროს მდივანს ძალიან მოსწონდა თბილისური კორტების ატმოსფერო; პლუს, განათლებულმა ბიჭუნამ იცოდა, რომ თავი ნამდვილი ინტელიგენტივით უნდა დაეჭირა - ამისათვის ჩოგბურთი სპორტის იდიალური სახეობა იყო.

"თავიდან ჩემთან თამაშობდა, თუმცა მხოლოდ ერთობოდა. მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ვარჯიში. მდივანი კარგად აღზრდილი ბიჭუნა იყო, თან განათლებული, უკვე კარგად იცოდა გერმანული და ფრანგული. თან ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა - სწრაფი, ათლეტური, ყოველდღე ხვეწდა ტექნიკას და ტაქტიკურად რაღაც ახალს სწავლობდა", - იხსენებდა იან ჰომერი.

არჩილი ხშირად დაფრინავდა მშობლებთან ერთად პარიზში (მამა 1924 წლიდან საფრანგეთში სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობდა). საფრანგეთიდან მდივანმა არა მხოლოდ საუკეთესო ინვენტარი თბილისში, არამედ იქაური გამოცდილებაც ჩამოიტანა.

"არჩილი თამაშებიდან დღესასწაულს ქმნიდა. მას სწრაფადვე გაუჩნდა გულშემატკივართა მთელი რაზმი. ეს სტილი საუცხოო იყო - მჩქარობლური, მოქნილი და ძალიან დახვეწილი", - იხსენებდა მდივანის მეგობარი ედუარდ ნაგრებეცკი.

ნაგრებეცკიც იან ჰომერთან ვარჯიშობდა, ქართველ ოქროს ბიჭუნაზე 3 წლით უფროსი იყო და მათ წყვილში წამყვანი მოთამაშე გახლდათ. მაესტრო იანის ორი საუკეთესო მოსწავლის შესახებ ქვეყანამ 1931 წელს გაიგო. მართალია, 1928 წლის სპარტაკიადაში ფინალშიც კი გავიდნენ, თუმცა ლენინგრადში 3 წლის შემდეგ გადაიყვანეს, საბჭოთა ჩოგბურთის ცენტრში და სწორედ იმ დროიდან მოყოლებული, არჩილმა და ედუარდმა კორტის დაპყრობა დაიწყეს.

"არჩილი საუცხოო ბიჭი იყო. ფრანგულად ისე კარგად საუბრობდა, როგორც ქართულად. გოგონები მუდამ გარს ეხვივნენ. ის და ნაგრებეცკი მუდამ კარგ ადგილებში იყვნენ მომხიბვლელ გოგონებთან ერთად. ყველაზე ხშირად კი ეს ლენინგრადში ხდებოდა, სადაც ბევრი შეჯიბრება ტარდებოდა", - იხსენებს მდივანის ნათესავი სიუზი ჩუბინიძე.

1930-იანი წლების დასაწყისში არჩილი ქვეყნის 10 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის უკვე შედიოდა, ათწლეულის შუაში კი სსრკ-ის ჩემპიონიც გახდა.

"კორტზე ერთი მიზანი გვქონდა - შესაშური პარტნიორობა და მეგობრობა. ის თითქოს ჩემი რეპერტუარის ნებისმიერ ტექსტს მღეროდა. არჩილი ერთეულთა თანრიგში დაუმარცხებელი იყო - უსწრაფეს კომბინაციებს ათამაშებდა, საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლებსაც კი შეშურდებოდათ. ჩვენი ოცნებები სპორტული მიღწევების მიღმა ის გახლდათ, იმდენად კარგები ვყოფილიყავით, რომ პუბლიკას მოვწონებოდით", - იხსენებს ნეგრებეცკი მემუარებში.

წყვილს მტაცებელ ცხოველებს ადარებდნენ. ანა დმიტროევა საკუთარ წიგნში იხსენებდა, რომ მდივანს კორტზე ყველა კატას ეძახდა, გაზეთი "წითელი სპორტი" კი 1934 წელს წერდა: "არ შეგვედავოთ, ის ძალიან ენერგიულია, საჩოგბურთო კორტზე ნამდვილი ვეფხვი გახლავთ (ა. მდივანი - ლეოპარდი). სმეშების გარდა, ყველაფერს ედუარდ ნაგრებეცკის ბადეში ურტყამს."

1936 წელი არჩილისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა, წყვილებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ისევ მოიგო, გაფრინდა პარიზში და ფრანგული ჩოგბურთის 4 მუშკეტერიდან ერთ-ერთთან - ანრი კოშესთან ერთად რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა. მათი შეხვედრა იან ჰომერმა მოაწყო, რადგან თვლიდა, რომ მოყვარულებიდან პროფესიონალებში გადასული ფრანგი სპორტსმენი არჩილის დახმარებას შეძლებდა.

მდივანს იდეალურად ესმოდა ჩოგბურთის ლეგენდისა, საკუთარი თავი ჰიპერპასუხისმგელიან პიროვნებად წარმოაჩინა და კოშეზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. 1 წლის შემდეგ ანრი საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა. მოსკოვში ჩატარებული სტანდარტული მასტერ-კლასების გარდა, თბილისსაც ეწვია. არჩილის მწვრთნელთან შეხვედრის შემდეგ იან ჰომერს კოშემ სამახსოვროდ ფოტო დაუტოვა: "იან ჰომერს, ჩოგბურთის სიმპათიურ პროფესორს, საუკეთესო სურვილებით."

კოშესთან ერთად ვარჯიში არჩილმა მალე დატოვა, რადგან გაიგო, რომ მამამისი დააპატიმრეს. ბუდუ დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა სტალინთან და რევოლუციის წლებში ჯუღაშვილის მოსკოვის ბინაშიც კი ცხოვრობდა. თუმცა მოგვიანებით მდივანი ბოლშევიკურ რელსებზე დარჩა და სტალინის ოპოზიციაში გადავიდა. სტალინმა 1936 წელს პირადად გასცა ბრძანება ძველი მეგობრის დაპატიმრების შესახებ. ლავრენტი ბერიამ, რომელიც უფროს მდივანს მტრობდა, სიამოვნებით შეასრულა გენერალსიმუსის ბრძანება და ბუდუს შინაპატიმრობა განუსაზღვრა, თუმცა ყველას ესმოდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

ორი თვის შემდეგ კი ნკვდ-ს ციხეში გადაიყვანეს. 60 წლის ბოლშევიკთან ერთად სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა მისი მეუღლე, 3 ვაჟი და 1 ქალიშვილი დააპატიმრეს. ცნობილი ჩოგბურთელი ისევ თავისუფალი იყო, თუმცა ჯოჯოხეთში უხდებოდა ცხოვრება - მთელი ოჯახი ციხეში იჯდა, მამას კი მალე დახვრეტდნენ. ბუდუ მდივანი დიდი ხანი ითმენდა ზეწოლას და დანაშაულის ფურცელს ხელს არ აწერდა, თუმცა, როცა მეზობელი ოთახიდან შვილის, გიორგის წამების ხმა გაიგო, არარსებული დანაშაული აღიარა.

არჩილს სტალინისტები არაფერს ეუბნებოდნენ - მხოლოდ არწმუნებდნენ, რომ მისი ოჯახი განაჩენს ელოდა. გაზეთი "წითელი სპორტიც" სპორტსმენის წარმატებებზე ჩვეულ სტილში წერდა:

"ჩვენ არჩილ მდივანს ვიცნობთ, როგორც ბრწყინვალე მოთამაშეს წყვილთა თანრიგში. თუმცა ჩემპიონ ბორის ნოვიკოვთან ბოლო შეხვედრის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველ სპორტსმენს 1937 წლის ინდივიდუალურ თანრიგშიც შეუძლია გამარჯვების მოპოვება."

მდივანი შეჯიბრებებზე მონაწილეობის მიღებას აგრძელებდა და ერთ-ერთ მათგანზე ლავრენტი ბერიასაც კი შეხვდა. არჩილი მაშინვე მივიდა ბერიასთან მისი ოჯახის ადგილსამყოფელის გასაგებად. ლავრენტიმ კი ჩვეული ცივსისხლიანობით მიუგო მტრის შვილს - "გახდები ჩემპიონი და მთელ შენს ოჯახს გავათავისუფლებთ!" წარმოიდგინეთ, რამხელა მოტივაცია მიეცა არჩილს და გასაკვირიც არ არის, შეჯიბრების გამარჯვებული გახდა.

თუმცა ბერიასათვის სიტყვა ღირსების მნშვნელობა არ არსებობდა, არც პირობის. როცა არჩილი მთელი ჟინით თამაშობდა კორტზე, ბუდუ ცოლსა და 3 შვილთან ერთად უკვე მკვდარი იყო - მათი სხეულები საერთო ორმოში იყო დამარხული. ცხადია, სტალინის მარჯვენა ხელმა ყველაფერი იცოდა და არჩილს პირობა მაინც მისცა.

გამარჯვების შემდეგ ბანკეტზე ჩოგბურთელმა ჭიქა აიღო და განაცხადა: "მდივანების ოჯახი არასდროს ყოფილა ხალხის მტერი!" არჩილს ეს ფრაზა არ აპატიეს. 1937 წლის 17 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში დააპატიმრეს, ბერიას მკვლელობის მცდელობაში დასდეს ბრალი და დახვრეტა მიუსაჯეს. სასიკვდილო ჭრილობები კი არჩილის სხეულმა იმავე დღეს მიიღო. მაშინ ჩოგბურთელი მხოლოდ 26 წლის იყო.

არჩილმა არ იცოდა, რომ ჯალათები მის დას, მერის არ შეხებიან. ნკვდ-ში დაკითხვაზე გამოძახებულმა მცირეწლოვანი შვილი დავითი მეზობელს დაუტოვა, მას კი 10 წლის შრომის ბანაკში გატარება მიუსაჯეს. თუმცა 1939 წელს გადაიფიქრეს და გოგონამაც ოჯახის დანარჩენი წევრების ბედი გაიზიარა. დახვრეტის წინ მერის ერთადერთი შვილისათვის წერილის მიწერის უფლება მისცეს - მხოლოდ ეს დარჩა დავითს დედისაგან.

1957 წელს არჩილი, ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად, რეაბილიტირებულ იქნა, მიზეზად კი დანაშაულის არქონა დასახელდა.

2001 წელს თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე, სახლზე, სადაც მდივანების ოჯახი ცხოვრობდა, ჩოგბურთელის 90 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური აბრა გააკრეს, რათა თბილისის მოსახლეობას კარგად ახსოვდეს, რა დონის სპორტსმენი წაგვართვეს სტალინმა და ბერიამ.

eurosport-დან თარგმნა და sportall.ge-სთვის მოამზადა ბექა ბექაურმა