სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2020 წლის US Open-ზე პირველი და ბოლო მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანთან (43) 3 სეტში დამარცხდა - 1:6, 4:6, 4:6.

ნიკოლოზის მატჩი, ალბათ, ბოლო თვეების ანარეკლი იყო, იმისა, რაც მის გარშემო ხდებოდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 7-დან ვერცერთი ბრეიკ-პოინტის გამოყენება ვერ შეძლო (მეტოქემ 8-დან 4 გამოიყენა), 56 უნებლიე შეცდომა დაუშვა და მხოლოდ 14 "ვინერსი" ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უჩვეულოდ ცოტა ორმაგი შეცდომა (მხოლოდ 2) ჰქონდა, ქართველმა ძალიან სუსტი შეხვედრა ჩაატარა.

პირველი სეტის პირველ გეიმში ნიკოლოზს 3 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა, როგორც
ზევით აღვნიშნეთ, არათუ გეიმში, მატჩშიც ვერცერთი გამოიყენა. მეორე გეიმი საკუთარ მოწოდებაზე დათმო, მეოთხე გრძელი გეიმი კვლავ საკუთარ მოწოდებაზე წააგო და სეტშიც უშანსოდ დამარცხდა - 1:6.

მეორე სეტი ლოგიკურად მიმდინარეობდა - ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ. მე-9 გეიმში, როცა ანგარიში 4:4 იყო, მილმანმა სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. თუმცა მე-10 გეიმში, როცა ავსტრალიელი სეტზე აწვდიდა, ბასილაშვილს 4 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ გეიმი მაინც მილმანს დარჩა - 6:4.

რაც შეეხება მესამე სეტს, მეორე სეტის მსგავსად, მოთამაშეები საკუთარ მოწოდებას სტაბილურად იგებდნენ. მილმანმა ისევ ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, სეტი და შესაბამისად, მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:1, 6:4, 6:4.

ნიკოლოზმა US Open-ის ძირითად ბადეში თამაშის სანაცვლოდ 61 000 დოლარი გამოიმუშავა. შარშან ქართველმა 2 წრე დაძლია. აქედან გამომდინარე, წელს დასაცავი ქულები ვერ დაიცვა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ჩოგბურთელებს ქულები არ აკლდებათ. მაგრამ, დიდი ალბათობით, ნიკოლოზი განახლებულ რეიტინგში 30-ე ჩოგანი აღარ იქნება...

იმედია, ნიკოლოზის ცხოვრებიდან მალე გაქრება ქაოსი და ისეთ "ბასილას" ვიხილავთ, როგორც 2018 წლის მეორე ნახევრიდან 2019 წლის მეორე ნახევრამდე იყო.

ასევე დაგაინტერესებთ