ძალოსნობის ქართველი მსაჯი: არ დაგიმალავთ, ძალიან მიხარია და უბედნიერესი ვარ

AutoSharing Option
პირველად ქართული ძალოსნობის ისტორიაში, ეროვნულმა ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატზე 1-ლი კატეგორიის საერთაშორისო მსაჯი წარადგინა.

ქართველმა მსაჯმა კობა ობოლაშვილმა პირველი კატეგორიის ლიცენზია მოიპოვა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ კახი კახიაშვილს იმისათვის, რომ მისი თანადგომითა და ფინანსური მხარდაჭერით, საერთო ჯამში მოვახერხეთ და მივაღწიეთ იმას, რომ მოგვეპოვებინა პირველი კატეგორიის საერთაშორისო ლიცენზია...

ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატს მსაჯობდა ქართველი პირველი კატეგორიის საერთაშორისო მსაჯი. არ დაგიმალავთ და, ძალიან მიხარია და უბედნიერესი ვარ, რომ ძალოსნობის იმ ოჯახში, სადაც წლები გავატარე, ახლა ამ ფორმით
ისევ დავბრუნდი და საშუალება მაქვს, ჩემი წვლილი შევიტანო იმ დიდ საქმეში, რასაც ჩვენი ფედერაცია ახორციელებს.

რაც შეეხება დადებით მხარეებს, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ცნობადობის საკითხი, კოლეგიალურობა და ურთიერთპატივისცემა მსაჯებსა და ფედერაციებს შორის.

ჩემი აზრით, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ასეთ შედეგებს აჩვენებს ნაკრები, გუნდი (ვგულისხმობ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს) და თავად ფედერაცია ევროპაში პირველ ადგილზე მოიაზრება, რაც ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც დადასტურდა (საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა გუნდური პირველი ადგილი), უხერხულიც იქნებოდა, ასეთ წარმატებულ გუნდს რომ არ ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი საერთაშორისო მსაჯთა კოლეგიაში.

ბატონი კახის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის შემდეგ ზუსტად გაიწერა სამოქმედო გეგმა და სწორი აქცენტები გაკეთდა საერთაშორისო მიმართულებით,რამაც შედეგი გამოიღო და დღეს სულ ყველა ხედავს მიღწეულ შედეგს.

თავად ფაქტი, რომ საქართველოს წარმომადგენელი ეყოლება ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ თამაშებზე, ეს უკვე წარმატებაა და ძალიან მიხარია, რომ IWF-მსაჯთა კოლეგიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ტინა ბაიტერმა პირადად მოგვილოცა ამ დიდ ოჯახში ჩვენი შებრძანება.

დიდი მადლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაწეული დახმარებისათვის. ჩვენი ნაკრების გმირებს კი წარმატებას ვუსურვებ საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა კობა ობოლაშვილმა.

წყარო: fb.com/GeorgianWeightliftingFederation/

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული