ლაშა ტალახაძე: თითოეული რეკორდი გეძღვნებათ თქვენ და ჩემს საქართველოს

AutoSharing Option
13 აპრილს, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, ლაშა ტალახაძემ ატაცში თავისივე მსოფლიო რეკორდი - 217 კილოგრამი გააუმჯობესა და მეორე ცდაზე 218 აიტაცა.

იგივე გაიმეორა აკვრაში და 260 კილოგრამით ასევე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

ამ გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა საკუთარ Facebook-გვერდზე მადლობის წერილი გამოაქვეყნა:

"საღამო მშვიდობის, ჩემო ქვეყანავ, ჩემო საქართველო! მოგესალმები, ჩემო გულშემატკივარო.

ჩაიარა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატმა და დღეს, როცა უკვე გავაანალიზეთ, თუ რა შეძლო ჩვენმა გუნდმა, დროა, სამადლობელი სიტყვა მოგახსენოთ.

პირველ რიგში, დიდი მადლობა მთლიანად ბათუმს, ღონისძიების ორგანიზატორებს
და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ყველა თანამშრომელს, ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის...

დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელებს, არა მარტო ჩემი, არამედ იმ წარმატებისთვის, რაც ძალოსნობის ეროვნულმა ნაკრებმა დადო ამ ევროპის ჩემპიონატზე.

დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

აუცილებლად აღსანიშნავია ბატონი პრემიერის და მთავრობის წარმომადგენლების საოცარი გულშემატკივრობა, დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონებო და ქალბატონებო.

მინდა ვთქვა, რომ ჩემი წარმატების იქით, ძალიან მოხარული ვარ ეროვნული ნაკრების კაპიტნის, 34 წლის ირაკლი თურმანიძის სასწაული ასპარეზობით. მივულოცავ ირაკლის ევროპის ვიცე-ჩემპიონობას და ვთხოვ, კიდევ დიდხანს იდგეს ჩვენი ნაკრების გვერდით..

ახლა კი მთავარი:
დიდი მადლობა თქვენ, ჩემო გულშემატკივარო.

მიხარია, რომ გახარებთ ჩემი ჩემპიონობა, მიხარია, რომ არ დაიზარეთ ბათუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსვლა, ჩემს გასამხნევებლად..

მინდა გითხრათ, რომ თითოეული აწეული კილოგრამი, თითოეული ევროპის თუ მსოფლიოს რეკორდი, გეძღვნებათ თქვენ და ჩემს საქართველოს", - წერს ლაშა ტალახაძე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საამაყო ქართველი ხარ ყველანაირი მონაცემი და შანსი გაქვს ოთხ გზის ოლიმპიური ჩემპიონი რო გახვდე გმადლობ უდიდესი სიხარულისთვის დაამხე ყველანაირი რეკორდი ჩემი აზრით 500 კილოგრამის დაძლევა შეგიძლია წარმატებები
მმმმ
16 აპრილი 2019 17:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული