სანდრო ბაზაძემ მონრეალის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
მონრეალში დამთავრდა მოხმალავე ქალ-ვაჟთა სეზონის პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება - კანადის გრან პრი, რომელშიც ექვსმა ქართველმა მოფარიკავემაც იასპარეზა, სულ კი ტურნირმა 21 ქვეყნის 150 სპორტსმენს მამაკაცს მოუყარა თავი.

ჩვენებურთაგან საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდნენ სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე. ნაკრებს მონრეალში ახლდა ხმლით ფარიკაობის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული ფრანგი მწვრთნელი კრისტიან ბაუერი, რომელიც იანვრიდან საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების კონსულტანტად მოიწვიეს.

68 წლის ბაუერი, როგორც მოფარიკავე, საფრანგეთის სამგზის ჩემპიონია. გაცილებით წარმატებული გამოდგა მისი სამწვრთნელო კარიერა, სხვა
დასხვა დროს ის საფრანგეთის, იტალიის, ჩინეთისა და რუსეთის ნაკრებებს ედგა სათავეში. როგორც მწვრთნელს, რამდენჯერმე აქვს მოგებული უმაღლესი ჯილდოები - ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები, გრან პრი და მსოფლიოს თასები...

მონრეალში ვაჟთა შეჯიბრების პირველ დღეს ისვენებდა სანდრო ბაზაძე, რომელიც ტურნირზე მე-9 ნომრად იყო განთესილი და, სხვა 17 საუკეთესო მოფარიკავის მსგავსად, ჯგუფური ეტაპისგან თავისუფალი გახლდათ. პლეი ოფის პირველ ტურში სანდრომ თანაგუნდელი მიხეილ მარდალეიშვილი დაამარცხა, შემდეგ ენვერ იილდირიმს (თურქეთი) აჯობა - 15:11. დრამატულად წარიმართა პაექრობა სანად სემეშთან (უნგრეთი). თავიდან ქართველი მოხმალავე დაწინაურდა - 9:4. თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. ეტყობა, ჩვენებურმა ამიტომაც ყურადღება მოადუნა. მადიარმა ამით ისარგებლა და წინ გავიდა - 13:10. წაგების საფრთხე რომ იგრძნო, სანდრომ შეძლო ძალების მობილიზება - მეტოქეს ზედიზედ ხუთი უპასუხო ჩხვლეტა მიაყენა და 15:13 გაიმარჯვა.

ქართველი მოფარიკავე მეოთხედფინალში მეორე ნომრად განთესილ კორეელ ო სან-უკს დაუპირისპირდა. 23 წლის აზიელი მოფარიკავე ოთხ-ოთხგზის მსოფლიოს (სამჯერ გუნდურში, 2019 წელს კი პირადში გაიმარჯვა) და თავისი კონტინენტის ჩემპიონია. მონრეალში მან ზედიზედ იოლად ჩამოიშორა გზიდან ხალილ ტომპსონი (აშშ, 15:6), ფრანჩესკო დარმიენტო (იტალია, 15:7) და იესინ იუნი (კორეა, 15:7).

ბაზაძისა და სან-უკის ორთაბრძოლაც დაძაბულად წარიმართა - მთელი პაექრობის განმავლობაში ხან ერთი მეტოქე იყო წინ, ხან - მეორე. ბოლოს თითქოს მსოფლიოს ჩემპიონმა იძალა და 14:12 დაწინაურდა. ასეთ სიტუაციაში კორეელს წარმატების მისაღწევად ერთი ჩხვლეტაღა აკლდა, მაგრამ ქართველმა მოხმალავემ ამ კრიტიკულ მომენტში უდიდესი ნებისყოფა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა - ზედიზედ სამი ეფექტური და შედეგიანი შეტევით 15:14 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, რითაც გარან პრის ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი იტალიის ნაკრების წევრს, მსოფლიოს ჩემპიონატების თითო ოქრო-ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს, ხოლო ევროპის ჩემპიონატების 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მფლობელ ლუკა კრატოლის დაუპირისპირდა. საგულისხმოა, რომ ორივემ 2017 წელს თბილისში ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილები დაიკავეს. ორთაბრძოლის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ სანდრომ წინა ორ პაექრობას დიდი ენერგია შეალია და ამ შეხვედრისთვის, ფაქტობრივად, დენთი არ ეყო. იტალიელმა 15:9 გაიმარჯვა და ფინალში ფრანგ ბოლად აპიტის შეხვდა. გადამწყვეტი ორთაბრძოლა ფრანგმა მოხმალავემ 15:12 მოიგო და მთავარი პრიზი მოიპოვა. მეორე ადგილი კურატოლის, ხოლო ბრინჯაოს მედლები სანდრო ბაზაძესა და იტალიელ ლუიჯი სამელის ხვდათ.

საგულისხმოა, რომ შარშან სანდრომ გრან პრის პირველი ბრინჯაო კაიროში დაიმსახურა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლად აპიტიმ და ქართველმა მუშკეტერმა ევროპიდან ტოკიოს ოლიმპიადის საგზურები, ფაქტობრივად, გაინაღდეს. მართალია, ჯერ კიდევ ორი მსოფლიოს თასის გათამაშებაა დარჩენილი, მაგრამ ამ ორ მოფარიკავეს უკვე იმდენი სარეიტინგო ქულა აქვს, რომ კონკურენტები მათს გადასწრებას, ალბათ, ვერ შეძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული