მორის ყვითელაშვილის ვერცხლის მედალი მინსკიდან

AutoSharing Option

 

2017-18 წლების სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა სპორტის ისეთი სანახაობრივი სახეობისათვის, როგორიც ფიგურული ციგურაობაა. ახალი სეზონის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის 2018 წლის ზამთრის მოახლოებული ოლიმპიური თამაშები, რომელიც 9-25 თებერვალს გაიმართება სამხრეთ კორეის ქალაქ პიონგჩანგში. ოთხწლეულის ამ ყველაზე საპასუხისმგებლო სტარტის წინ სპორტსმენები აქტიურად მონაწილეობენ ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო კავშირის ეგიდით ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში.

სწორედ ამ რანგის ტურნირი, ჩელენჯერის სერიის ციკლით, 26-29 ოქტომბერს გაიმართა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, რომელშიც მონაწილეობდა 20 -ზე მეტი ქვეყნის მოციგურავე. აღნიშნული ტურნირი 2015 წლიდან ტარდება და მოციგურავეები მასში

ასპარეზობენ რეიტინგის ზრდისა და მსოფლიო რეკორდული მაჩვენებლის ასამაღლებლად. მინსკ-არენაზე ახალი პროგრამები წარმოადგინეს ქართველმა მოციგურავეებმა, სენიორთა კატეგორიაში მორის ყვითელაშვილმა და იუნიორთა შორის ირაკლი მაისურაძემ.

ქართველი სპორტსმენები ასპარეზობდნენ ისეთ სახელოვან სპორტსმენებთან ერთად, როგორებიც არიან სენიორთა კატეგორიაში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, ებრაელი მოციგურავე ალექსეი ბიჩენკო, გერმანიის ჩემპიონი და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის საუკეთესო ათეულის წევრი პეტერ ლიებერსი, იტალიის ჩემპიონი ივან რიგინი, ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლის მფლობელი სერგეი ვორონოვი.

ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამებში და 12 ქვეყნის 17 სპორტსმენს შორის 227,31 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ეს მორისის მეორე წარმატებული გამოსვლაა მოსკოვში გამართული გრან-პრის ტურნირის შემდეგ და საკმაოდ სერიოზული განაცხადია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების წინ. ასევე, მე -2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა იუნიორთა შორის ქართველმა მოციგურავე ირაკლი მაისურაძემ, რომლისთვისაც ეს წარმატება საკმაოდ მაღალი შედეგი იყო ასეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე.

ქართველ მოციგურავეებს მინსკში თან ახლდნენ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი და გენერალური მდივანი, ტურნირზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის სტატუსით წარდგენილი სალომე ჩიგოგიძე.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები!მადლობა კიდე ბევრჯერ გესახელებინოს სამშობლო.
კახა
31 ოქტომბერი 2017 14:41
0

სიახლეები პოპულარული