სხვა

ფიგურული სრიალი

მორის ყვითელაშვილი: ძალიან მინდა, ქართველი გულშემატკივრები გავახარო

AutoSharing Option
14 თებერვალს სამთო-მოთხილამურე ქალთა სლალომში ზამთრის ოლიმპიადის მედლები უნდა გათამაშებულიყო, მაგრამ საქმეში კვლავ ამინდი ჩაერია და სტარტი ორი დღით გადაიდო.

ამასობაში მოახლოვდა ვაჟ მოციგურავეთა შეჯიბრება - 16 თებერვალს Gangneung Ice Arena-ში ოლიმპიური ჯილდოებისთვის ბრძოლაში ჩაებმება მსოფლიოს 30 უძლიერესი მოციგურავე.

მათ შორის იქნება საქართველოს დელეგაციის მედროშე, 22 წლის მორის ყვითელაშვილი. მას კენჭისყრით სასტარტო ჯგუფი და მე-11 ნომერი ერგო. განთესილი მოციგურავეები სხვა ჯგუფში გამოვლენ.

შეჯიბრების პირველ დღეს სპორტსმენები მოკლე პროგრამას წარადგენენ, 17 თებერვალს კი მაყურებელთა წინაშე თავისუფალი პროგრამით წარდგებიან.

მორისი პიონჩანგში თამაშების
გახსნის დღეს ჩამოფრინდა იაპონიიდან, სადაც ერთკვირიანი შეკრება გაიარა:

"იაპონიაში ძალიან კარგ პირობებში ვემზადებოდი. იქ კორეის მსგავსი კლიმატური პირობებია, რაც აკლიმატიზაციაში დამეხმარა. პიონჩანგში ცალკე სავარჯიშო არენა გვაქვს გამოყოფილი. ყინულზე ყოველდღე 45 წუთს ვვარჯიშობ, თან, ფიზიკური ფორმა რომ შევინარჩუნო, ოლიმპიურ სოფელში დავრბივარ კიდეც.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი გამოვსულვარ, მაგრამ აქ სულ სხვაგვარი ატმოსფეროა, სხვა მასშტაბებია. ძალიან მინდა, რომ კარგად გამოვიდე და ჩემი ქართველი გულშემატკივრები გავახარო.

სხვა უფლება არც მაქვს - მე ხომ პატივი მერგო, გახსნის ცერემონიალზე საქართველოს დროშით გავსულიყავი. ეს ამბავი განსაკუთრებით საამაყოა ჩემთვის. აქ ყველანი ყურადღებით მეპყრობიან - ქართველი ოლიმპიელები, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი, ქალბატონი მაკა გიორგობიანი.

საქართველოდანაც მეხმიანებიან და მაგულიანებენ. მოკლედ, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ".

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით