სხვა

ფრენბურთი

ფრენბურთი. ევროპის ჩემპიონატი: ევროპელთა გაკვეთილები

AutoSharing Option
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სამ დღეს გრძელდებოდა ფრენბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის ჯგუფური ტურნირი, რომელშიც მასპინძლებთან ერთად კონტინენტის პირველობების ორ-ორგზის (2007, 2009 წწ.) გამარჯვებული და მეორეპრიზიორი (2001, 2005), 1999 წლის ბრინჯაოსმედალოსანი იტალიის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატების სამგზის ვერცხლისპრიზიორი (1995, 1997, 1999) ხორვატია და ბელორუსი იბრძოდნენ მომდევნო ეტაპზე გასასვლელი სამი საგზურისთვის.

შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები უშანსოდ დამარცხდა იტალიასთან - 0:3 (14:25, 12:25, 12:25). სტუმართა რიგებში განსაკუთრებით ათლეტური პაოლა ეგონუ გამოირჩეოდა, რომელიც სამ ნომინაციაში იყო შეუდარებელი: როგორც მატჩის საუკეთესო მოთამაშე,
რომელმაც გუნდს 16 ქულა (მათ შორის - 11 ბრეიკპოინტით) შესძინა, საუკეთესო დამაგვირგვინებელი დამრტყმელი (10 ქულა) და ბურთის საუკეთესო მომწოდებელი, რომელმაც ხუთი ეისი მიითვალა. იტალიელებმა თამაშის ყველა კომპონენტში აჯობეს მასპინძლებს.

დევიდ მოცანტი, იტალიელთა მწვრთნელი:
"საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული, პერსპექტიული გუნდია და ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. მასპინძლებთან თამაშისას ჩვენმა გუნდმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოავლინა. მთელი მატჩის განმავლობაში სრული კონცენტრირება ვერ შევძელით, ამიტომაც არაერთი შეცდომა დავუშვით ბურთის მიღებისა თუ დამაგვირგვინებელი იერიშისას. მაინც მოხარული ვარ, რადგან ჩემპიონატის პირველი შეხვედრა მოვიგეთ".

პაატა ულუმბელაშვილი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
"იტალიელებთან შეხვედრისას მსგავს ანგარიშს ველოდით, რადგან აპენინელები არა მარტო ჯგუფის, არამედ ჩემპიონატის ფავორიტები არიან. იტალიასთან მატჩი ჩვენი გუნდისთვის კარგი გაკვეთილია".

ასპარეზობის პირველ დღეს, ბელორუსი-ხორვატიის მატჩის წინ სლავების მთავარ მწვრთნელ პიორტ ჰილკოს ვესაუბრე.
"დიდი მადლობა მასპინძლებს, რომლებმაც ყოველგვარი პირობა შეგვიქმნეს, - გვითხრა მან. - რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, იტალია უპირობო ლიდერია და პირველ ადგილში ვერავინ შეეცილება. პლეი-ოფის დანარჩენი ორი საგზურისთვის დაახლოებით თანაბარი ძალის სამი გუნდი იბრძოლებს. წარმატებას მიაღწევს ის, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. რაც შეეხება ჩვენს პაექრობას ხორვატიასთან, შანსებს 50/50-ზე ვაფასებ".

მართლაც დაძაბული მატჩი გამოდგა. პირველი ორი ხელი ხორვატებმა მოიგეს - 25:10, 25:15, მომდევნო სამში კი ბელორუსებმა შეძლეს გამარჯვების მოპოვება - 25:21, 25:20, 15:9, რითაც პლეი-ოფის საგზური, ფაქტობრივად, გაინაღდეს.

* * *
ტურნირის მომდევნო ორ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ხორვატია-იტალიის მატჩი. თავიდან, თითქოს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა - აპენინელები 2:0 დაწინაურდნენ. ეტყობა, ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვების და კინაღამ დაისაჯნენ - მომდევნო ორ ხელში ხორვატებმა წონასწორობა აღადგინეს. საბოლოოდ მაინც იტალიელებმა გაიმარჯვეს (15:11) და პირველი ამოცანაც პირნათლად შეასრულეს - ჯგუფში ყველას აჯობეს და პირდაპირ მეოთხედფინალში გავიდნენ.

ბელორუსებმა და ხორვატებმა კი საქართველოს ნაკრებს მოუგეს და გზა გაიკაფეს პლეი-ოფისკენ.

II ტური
საქართველო-ხორვატია 1:3
(12:25, 13:25, 25:23, 23:25)

იტალია-ბელორუსი 3:1
(27:25, 25:18, 18:25, 25:21)

III ტური
საქართველო-ბელორუსი 0:3
(8:25, 11:25, 12:25)

ხორვატია-იტალია 2:3
(23:25, 21:25, 25:19, 25:10, 11:15)

გ თ მ წ ს ქ
იტალია 3 3 0 9-3 8
ბელორუსი 3 2 1 7-5 5
ხორვატია 3 1 2 7-7 5
საქართველო 3 0 3 1-9 0

შენიშვნა: ს (სეტები)
ქულების დარიცხვა: 3:0, 3:1-3 ქულა, 3:2-2 ქულა, 2:3-1 ქულა, 1:3, 0:3-0 ქულა.


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"