სხვა

კარატე

კარატე: გოგიტა არქანიამ პრემიერლიგის საერთაშორისო ტურნირში ოქრო მოიპოვა

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ლაიპციგში დამთავრდა კარატისტთა ოლიმპიურ სახეობაში (WKF) პრემიერლიგის საერთაშორისო ტურნირი. მძიმე წონაში (+84 კგ) მონაწილეობდა მსოფლიოს ექსჩემპიონი გოგიტა არქანია, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.

არქანიამ ტატამზე ექვსი ორთაბრძოლა გამართა. ზედიზედ სძლია ნილსონ ჟაკესა (საფრანგეთი, 2:0) და ჰადი არაბის (ირანი, 2:0), მერე ორი პაექრობა სიმონე მარინოსა (იტალია, 0:0) და მეჰდი ფილალისთან (საფრანგეთი, 2:2) ფრედ დაასრულა, მაგრამ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ორივე შეხვედრაში გამარჯვება ჩვენებურს მიეკუთვნა, რადგან უფრო აქტიური იყო.

ნახევარფინალში არქანიამ ფრანგ ლონი ბოულენს სძლია 2:1, ხოლო გადამწყვეტ პაექრობაში
გერმანიის ნაკრების კაპიტანი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ჯონათან ჰორნე დაამარცხა (1:0) და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ვერცხლის მედალი ჰორნეს ერგო, ხოლო მეჰდი ფილალი (საფრანგეთი) და დანიილ გაისინსკი მესამე ადგილებს დასჯერდნენ.

საგულისხმოა, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში კარატისტ ვაჟთა შორის სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლების კომპლექტი. იაპონიის დედაქალაქის ტატამზე თითოეულ წონაში 10-10 სპორტსმენი იასპარეზებს. ოცნების ასრულება მხოლოდ მსოფლიო კლასიფიკაციის პირველ ათეულში მყოფთ შეუძლიათ. ამ სარეიტინგო მარათონში გოგიტა არქანია ამჟამად 1100 ქულით მეორე ადგილზეა. მას ირანელი საჯად საჯზადენი (2225) უსწრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"