სხვა

კარატე

კარატე: გოგიტა არქანიამ სტამბოლის A კატეგორიის ტურნირში გაიმარჯვა

AutoSharing Option
მსოფლიოს საუკეთესო კარატისტები მონაწილეობდნენ სტამბოლში A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირში. არც არის გასაკვირი, რადგან ეს სახეობა ოლიმპიური გახდა და 2020 წელს ტოკიოში ქალ-ვაჟთა 3-3 წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. ოლიმპიადის საგზურების მოსაპოვებლად სალიცენზიო ქულების დაგროვებაა საჭირო. სწორედ ამან გამოიწვია ხალხმრავლობა თურქულ ბატალიებში, რომლებშიც საქართველოს რვა წარმომადგენელიც მონაწილეობდა.

ჩვენებურთაგან განსაკუთრებით მსოფლიოს ექსჩემპიონი გოგიტა არქანია (+84 კგ) გამოირჩა. ორი კვირის წინათ მან გერმანულ ლაიპციგში დაიკავა პირველი ადგილი. სტამბოლის მძიმეწონოსანთა ტურნირში გოგიტამ ექვს მეტოქეს აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

თავიდან ზედიზედ დაჯაბნა რუმინელი მარიან
დიმიტრუ (4:0) და ფრანგი ჰოსეინ დაიხი (7:0), მერე ჰოლანდიელ რობ ტიმერმანსთან პაექრობა ფრედ დაასრულა (2:2), მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილებით, როგორც უფრო აქტიური, მეოთხედფინალში არქანია გავიდა. იქ ირანელ მაჰდი აშური გარმჯანს აჯობა - 1:0, ნახევარფინალური პაექრობა ხორვატ ანჯელო კვესიჩთან უქულოდ დაასრულა. არბიტრებმა უპირატესობა ისევ ჩვენებურს მიანიჭეს. გადამწყვეტ პაექრობაში არქანიამ აშკარად დაჯაბნა სალენ აბაზარი (ირანი, 5:0) და ოქროს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილებზე ანჯელო კვესიჩი და დანიილ მოლნარი (უნგრეთი) გავიდნენ.

მსოფლიო რეიტინგში გოგიტა არქანია ამჟამად 1925 ქულით მეორე ადგილზეა. მას ირანელი საჯად განჯზადენი (2225 ქულა) უსწრებს. 1500 ქულით მესამეა ტიტულოვანი გერმანელი ჯონათან ჰორნე.

სტამბოლში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით ტყებუჩავამ ორ მეტოქეს სძლია - იური ბალაკინსა (რუსეთი, 5:0) და საუდ ალბაშერს (საუდის არაბეთი, 3:2), მაგრამ მესამე წრეში კაისარ ალპისბეისთან (ყაზახეთი) წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

67 კილოში მისი ბედი სამმა ჩვენებურმა გაიზიარა: ვიტალი კუჩერენკომ ბელორუს ჰეორჰი მაკარაუს მოუგო (2:0), მაგრამ მაროკოელ აბდესალამ ამეკნასთან ვერაფერს გახდა (1:9).

აბდესალამის თანამემამულე აბდელიდან ბოუდისთან პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა (0:5) დავით პატარიძე.

თურქ ალი ილმაზთან შეხვედრა ფრედ (0:0) დაასრულა ირაკლი ტყებუჩავამ, მაგრამ მსაჯებმა ჩვენებური უფრო აქტიურად მიიჩნიეს. მეორე წრეში კი მოჰამად ბოვანდშაჰრიარს (ირანი, 0:1) ვერ გასცდა.

75 კილოში თამაზ გოჩელაშვილმა ბრირ ჯაბარი (ერაყი, 3;0) ჩამოიშორა გზიდან, მაგრამ მეორე წრეში ხორვატიული ბარიერი ვერ გადალახა - ენეს გარიბოვიჩთან 0:3 დამარცხდა.

ხორვატი გადაეღობა გზაზე ამ წონაში ჰენრი ვეკუასაც. მართალია, ივან მარტინიჩთან მისი ორთაბრძოლა ფრედ (1:1) დასრულდა, მაგრამ ამჯერად არბიტრების სიმპათია ხორვატის მხარეს იყო.

ქალებში ერთი წარმომადგენელი გვყავდა - თამარ თურმანიძე. იგი 61 კილოში ასპარეზობდა. მან ზედიზედ ორ მეტოქეს აჯობა - ზეჰრა კანდემირსა (თურქეთი, 0:0) და ფახრისადათ მოოჩანს (ირანი, 1:0), მესამე წრეში კი იაპონელ იუკი კუჯუროსთან დათმო პაექრობა - 0:8.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"