საქართველოს ნაკრები კვიპროსთან ბოლო წამზე დამარცხდა და პლეი-ოფის საგზური პირველი ცდით ვერ მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში 24-25 დამარცხდა კვიპროსთან ევრო 2022-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე და პლეიოფის საგზური პირველი ცდით ვერ მოიპოვა, თუმცა, ამის გაკეთების შანსი ისევ აქვს.

კვიპროსი და მეორე ჯგუფის გამარჯვებული, ლუქსემბურგი უკვე გავიდნენ კვალიფიკაციის მეორე რაუნდში, პლეიოფში, ხოლო პირველი ეტაპის მონაწილე დანარჩენ 6 გუნდს ამის საშუალება ჩელენჯ ტროფიზე ექნება. ეს ტურნირი 2019 წელს გაიმართება და მისი გამარჯვებული მესამე საგზურს მიიღებს.

საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ მიზნისთვის პირველივე ეტაპიდან მიეღწია. მატჩის ბოლო წამზე კვიპროსის ნაკრების კარში შვიდმეტრიანი დაინიშნა და
ფრე ჩვენ გვაწყობდა, მაგრამ შანსი ვერ გამოვიყენეთ.

ჯორჯე რაშიჩმა შეხვედრა განსხვავებული შემადგენობით დაიწყო: თევზაძე, აბრამიშვილი, ორჯონიკიძე, კბილაშვილი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, მაისურაძე. ხაზზე პოზიცია უჩა მაისურაძემ დაიკავა, გამთამაშებელი ირაკლი კბილაშვილი იყო, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი მოედანზე მე-15 წუთისთვის შემოვიდა. დაცვაში კბილაშვილს სერგო დათუკაშვილი ცვლიდა.

პირველ წუთებში რვაჯერ დავწინაურდით და კვიპროსმა რვაჯერ გაათანაბრა ანგარიში - 8-8. მაისურაძის ორწუთიანი გაძევების შემდეგ მეტოქემ ორი გოლი გაგვიტანა და აქ მოედანზე გამოვიდნენ მეკარე ტორონჯაძე, ხაზზე - არსენაშვილი და ჩიქოვანი, რომელმაც მარცხენა ინსაიდის პოზიცია დაიკავა. ჩიქოვანმა მყისვე შეამცირა სხვაობა, მაგრამ აქ დაგვიდგა კრიტიკული მომენტი - ზედიზედ სამჯერ დავკარგეთ ბურთი შეტევაში და მეტოქე 4 ბურთით გავიდა წინ - 10-14. ჭანტურიამ და ჩიქოვანმა გაქვითეს ორი გოლი და ამ მონაკვეთში ძალიან შეგვეშველა გიგა ტორონჯაძე, რომელმაც მოიგერია შვიდმეტრიანი და ერთი-ერთზე გასვლა. ტაიმი 12-14 მორჩა.

მეორე ნახევარში ჩიქოვანი გამთამაშებლად დადგა და თამაში თავის თავზე აიღო. 35-ე წუთზე მოედანზე პირველად გამოვიდა ლექო წითელიშვილი, რომელმაც საგოლე პასი მიაწოდა არსენაშვილს, 16-17, შემდეგი შეტევა ტორონჯაძემ მოიგერია და ცხოვრებაძემ, რომელსაც ამ მომენტისთვის მეტოქე უკვე მჭიდროდ იყვანდა, სწრაფ გარღვევაში გაათანაბრა - 17-17, 38-ე წუთი.

მალე დავწინაურდით კიდეც: ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა, არსენაშვილმა სწრაფი გარღვევის შემდეგ დიდი ხნის შემდეგ გაგვიყვანა წინ, 19-18, ცხოვრებაძემ შვიდმეტრიანი შეაგდო 20-18, მერე კი შორიდან გაიტანა (21-19), თუმცა, ისევ დავკარგეთ კონცენტრაცია, რამდენიმე შეტევა უშედეგო იყო და ზედიზედ მივიღეთ სამი ბურთი - 21-22.

მალე ცხოვრებაძემ მეტოქე ორწუთიანში გაისტუმრა, მაგრამ ზუსტად ამ მონაკვეთში კვიპროსმა ორი გოლი შეგვიგდო და მდგომარეობა კრიტიკული გახდა - 21-24. სამი წუთი რჩებოდა, როდესაც კვიპროსი ისევ 3 ბურთით იგებდა - 25-22.

აქ კბილაშვილის პასის შემდეგ უჩა მაისურაძემ მოიპოვა შვიდმეტრიანი რომელიც შეაგდო ცხოვრებაძემ და ჩიქოვანის გოლის შემდეგ სხვაობა ერთამდე დავიდა, 24-25. ფრე, ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, საქართველოს ნაკრებს აწყობდა, დარჩენილი კი ზუსტად ერთი წუთი იყო.

კვიპროსმა ტაიმაუტი აიღო, მაგრამ კარში ვერ დაარტყა და სირენამდე ათიოდ წამით ადრე ბურთი ჩვენებს დარჩათ, მაისურაძემ მცველებთან ჭიდილში შვიდმეტრიანი დაიმსახურა და დროც ამოიწურა.

დასარტყმელად გამოვიდა 17 წლის გიორგი ცხოვრებაძე, რომელსაც ამ მატჩში უკვე 11 გოლი ჰქონდა გატანილი, მათ შორის - ექვსიდან ექვსი შვიდმეტრიანი, მთლიანად ტურნირზე კი - 28 გოლი, მაგრამ კვიპროსელთა მეკარემ ნუნგოვიჩმა დარტყმა მოიგერია. კვიპროსმა 25-24 მოიგო და პლეიოფში გავიდა, ჩვენ კი მეორე შენსის იმედად დაგვტოვა. ეს იყო საქართველოს ნაკრების პირველი აცილებული შვიდმეტრიანი დარტყმა ამ ტურნირზე.

კვიპროსი - საქართველო 25-24

კვიპროსი: ნუნგოვიჩი, ა. სტილიანუ - არგირუ 9, ნიკიფორუ 4, პარასკევა 3, კოსტა 3, იოანუ 3, ხრისანტუ 2, ხრისტოდულუ 1, ფოტიუ, პრუნძუსი, გეორგიუ, გ. სტილიანუ, კიპრიანუ, კოსტანტინუ, სოფოკლეუსი - მწვ. აპოტოლოსი

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე - ცხოვრებაძე 11, ჩიქოვანი 5, ჭანტურია 3, არსენაშვილი 2, ორჯონიკიძე 1, კბილაშვილი 1, აბრამიშვილი 1, დათუკაშვილი, მაისურაძე, წითელიშვილი, დიხამინჯია, გოგოლაძე, მსხვილიძე, იმნაძე

geohandball.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული