სხვა

ხელბურთი

IHF-ის ერთა ჩემპიონატზე ხელბურთში საქართველომ მალტა დაამარცხა

AutoSharing Option
ფოტო: geohandball.ge

თბილისში მიმდინარე IHF-ის ერთა ჩემპიონატზე ხელბურთში, B ჯგუფის მეორე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ იოლად დაამარცხა მალტა.

პირველ ტაიმში თამაში შედარებით დაბალანსებული იყო. პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დამთავრდა - 16:7, შესვენების შემდეგ კი ტურნირის მასპინძლებმა ტემპს მოუმატეს და სწრაფი კონტრშეტევების წყალობით მიაღწიეს 26-ბურთიან სხვაობას - 39:13.

თამაშის საუკეთესო მოთამაშეებად მარცხენა გარემარბი ჟაკ შეიფრეტი (მალტა) და უკანახაზელი ნიკოლოზ კალანდაძე (საქართველო) დაასახელეს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და B ჯგუფის ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.

ნიკოლა მაქსიმოვიჩი
, საქართველოს ნაკრების
მწვრთნელი: "ჩვენი დღევანდელი გამარჯვების მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ მალტა ჩვენი დონის გუნდი არ არის. ამის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ იმ ბიჭებისა, რომლებმაც აღნიშნულ შეხვედრაში ითამაშეს. დღეს შემადგენლობა ცოტა შევცვალე და გამოცდილ ხელბურთელებს დასვენების საშუალება მივეცი".

ჟოზეფ ატარდი, მალტის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველო ჩვენზე ძლიერი გუნდია. ისინი ბულგარეთის ნაკრებივით ძლიერები არიან. მე კმაყოფილი პირველი ტაიმით ვარ. მეორე ტაიმში ყველა ღონე ვიხმარეთ, საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ვცადეთ, საქართველოსავით სწრაფად გვეთამაშა, მაგრამ ბურთის დაკარგვა დავიწყეთ".

შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა ნიგერიის გუნდი დაამარცხა 27:14. მომდევნო ტურში კი ქართველი ხელბურთელები ირლანდიის ნაკრებს შეხვდებიან. მატჩი სპორტის სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ