საქართველომ ბულგარეთი დაამარცხა და IHF ერთა თასის ნახევარფინალში დიდ ბრიტანეთს შეხვდება

AutoSharing Option
ფოტო: emerging2019.geohandball.ge

IHF ერთა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველომ ბულგარეთს 35:19 მოუგო და 5 თამაშიდან 10 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ორივე ნაკრებს B ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლა ოთხი ტურის შემდეგ განაღდებული ჰქონდა, მაგრამ ერთმანეთში უნდა გაერკვიათ,  რომელი გავიდოდა პირველზე და რომელი მეორეზე. ამ გამარჯვების შედეგად, ნახევარფინალში ქართველები ბრიტანელებს შეხვდებიან, ხოლო ბულგარელების მეტოქე კუბა იქნება.

ნახევარფინალები შაბათს, 15 ივნისს გაიმართება.  საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება,  ხოლო ბულგარეთი და კუბა ერთმანეთს 20:00 საათიდან დაუპირისპირდებიან.

ბულგარელებმა ტურნირის მასპინძლებს თავიდან თანაბარი
თამაში შესთავაზეს, მაგრამ პირველი ტაიმის მე-18 წუთიდან ანგარიშის სხვაობამ ზრდა დაიწყო.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს ქართველთაგან მარცხენა ინსაიდი თემურ ორჯონიკიძე, ხოლო ბულგარელთაგან - მეკარე სტეფან დიმიტროვი.

ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი ნიკოლა კარასტოიანოვი: "უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მოთამაშეებს. მათ შესანიშნავად ითამაშეს როგორც პირველ ასევე მეორე ტაიმში. ისინი ჩინებული მოთამაშეები არიან. პირველ ტაიმში მეტოქეს ბრძოლა შევთავაზეთ, მაგრამ მის მიწურულს გადავწყვიტე, შედარებით მსუბუქად მივდგომოდით საქმეს, რადგან ნახევარფინალში რთული თამაში გველის და გადავწყვიტე, მეორე ტაიმში ბიჭები დამესვენებინა. პირველ ტაიმში ბევრი ტექნიკური შეცდომის გამო წავაგეთ. ეს შეცდომები შემდეგი თამაშებისთვის უნდა გამოვასწოროთ".

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი: "პირველი ტაიმის საწყის 15 წუთში ჯეროვნად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მეორე 15 წუთში გამოვასწორეთ, დაცვაში მტკიცედ დავდექით და მეტოქის ძლიერი მხარეები გავაუვნებლეთ. ამიტომაც მოვიგეთ პირველ ტაიმში. მეტოქის ძლიერი მხარე იყო გამთამაშებელი, მარჯვენა ინსაიდი და მარჯვენა გარემარბი. შემდეგ, როდესაც ბულგარელებმა მეორე შემადგენლობა გამოიყვანეს, ჩვენ ჩვენი საქმე უკვე იოლად გავაკეთეთ. ნახევარფინალში ძლიერ მეტოქესთან შეხვედრას მომზადებულები უნდა შევხვდეთ".

მომზადებულია emerging2019.geohandball.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული